თეგებით ძიება
17. 12. 2023 პერსონა

გენიოსების გარემოცვაში გატარებული ბავშვობა, „მძიმე“ მემკვიდრეობა და ქუჩაში დარჩენილი თეატრი ახალი შენობის მოლოდინში - ინტერვიუ ამირან ჯუნიორ შალიკაშვილთან

გენიოსების გარემოცვაში გატარებული ბავშვობა, „მძიმე“ მემკვიდრეობა და ქუჩაში დარჩენილი თეატრი ახალი შენობის მოლოდინში - TIA.GE-ს პანტომიმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ამირან ჯუნიორ შალიკაშვილი ესაუბრა:

- მძიმე ცხოვრება გავიარე - მშობლების სითბო ყოველთვის მაკლდა და სახლში 24 საათი თეატრზე საუბარი მესმოდა.  ამის გამო წლების მანძილზე პროტესტი მქონდა,  ვერ ვაცნობიერებდი, რომ როცა გენიოსებში იზრდები, სხვა რაზე უნდა ისაუბრონ თუ არა შემოქმედებაზე და თეატრზე. 

- როგორი მშობლები იყვნენ ამირან შალიკაშვილი და კირა მებუკე?

- დედაზე ვერ ვიტყვი, მაგრა მამა ძალიან მკაცრი იყო. ალბათ ეს სიმკაცრე მისი ტრაგიკული ცხოვრებიდან მოდიოდა. მამაჩემის რეპერტუარს თუ გადავხედავთ, ძალიან მძიმე სპექტაკლები აქვს და ყველაფერი ტრაგედიებზეა აწყობილი და ეს განწყობა ოჯახშიც იგრძნობოდა. 

რაც შეეხება თეატრს, იქ მხოლოდ შემოქმედებითი ურთიერთობა იყო. მამა ყოველთვის ამბობდა, რომ თეატრში მამა კი არა, რეჟისორი და ხელმძღვანელია. მშობლების დამსახურებით, უნიკალური ბავშვობა მქონდა - სახლში ვხედავდი რამაზ ჩხიკვაძეს, კახი კავსაძეს, სუხიშვილებს, სხვა უდიდეს არტისტებს... კვირა არ გავიდოდა, რომ ჩვენთან ბუმბერაზი ადამიანების შეკრება არ გამართულიყო...

თუმცა მშობლების სითბო ყოველთვის მაკლდა. ხანდახან საზღვარგარეთ გასტროლებზე 6 თვითაც კი მიდიოდნენ. რა თქმა უნდა, ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ჩემთან მეტი დრო გაეტარებინათ, მაგრამ როცა თეატრი მოითხოვს და პროფესიონალი ხარ, შენი ცხოვრება სხვა გზით მიდის და პროფესიას მეტ დროს უთმობ. 

-  ხელოვანი ადამიანების შვილი ალბათ ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდი?

- არა! თეატრში საერთოდ არ მინდოდა... ვაღიარებ, რომ არ მინდოდა მამის და დედის გზას გავყოლოდი. ჩემი სცენაზე მოხვედრა 90-იანი წლების ბრალი იყო, როდესაც არტისტები დაიფანტნენ და თეატრი დაიშალა. მამაჩემმა მთხოვა სპექტაკლში „სტუმარ-მასპინძელი“ ერთ-ერთი უმნიშვნელო, ასე ვთქვათ „ბუჩქის როლი“ შემესრულებინა. 45 წუთის მანძილზე გაუნრევლად ვიდექი სცენაზე, მეტი არაფერი გამიკეთებია. ეს იყო დასაწყისი. მამამ როლის შესრულება ჯერ ერთი თვით მთხოვა, მერე  სამი თვით და ასე ნელ-ნელა გავხდი არტისტი. 

- როგორც ვიცით, მთავარი როლი დიდი ხანი არ გქონდა...

- მთავარი როლი 9-10 წელი არ მქონდა. 2005 წელს ტერენტი გრანელის როლი შევასრულე, რომელსაც საუკუნის სპექტაკლი უწოდეს. ამას სხვა როლები მოჰყვა. მიმაჩნია, რომ არტისტის ძალიან მძიმე ცხოვრება გავიარე, იმიტომ, რომ მამაჩემმა წმინდანები მათამაშა, რაც ნებისმიერი არტისტისთვის ძალიან მძიმეა. ამ დროს საერთოდ სხვა სამყაროში გადადიხარ, რამაც ჩემზე ძალიან მძიმედ იმოქმედა, თუმცა ყველაფერი გამოვიდა, იმიტომ, რომ შეუძლებელი იყო მამაჩემს რამე არ გამოსვლოდა.

- როგორ რეჟისორი როგორი იყო ბატონი ამირანი?

- ძალიან მომთხოვნი. შეიძლება პიესაზე ერთი წელი ემუშავა, მერე გენერალური რეპეტიცია დაენიშნა, მეგობრები, რეჟისორები და მწერლები მოეწვია და ეჩვენებინა, შემდეგ კი ყველაფერი შეეცვალა და ერთ კვირაში ახალი შედევრი შეექმნა. მაშინ ვერ ვხვდებოდი რისთვის ვმუშაობდით ის ერთი წელი, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ის ერთი წელი ძიება იყო. მოქმედებების პლასტიკაში გადატანა ძალიან რთულია. ვერავის წარმოედგინა როგორ შეიძლებოდა პოეტის პლასტიკაში გამოსახვა, სიტყვის უთქმელად. „ვეფხისტყაოსანი“ რომ გააკეთა, წარმოუდგენელი იყო, მაგრამ გალაკტიონი ვეღარ მოასწრო.  ზუსტად ეს არის მამაჩემის ხელწერა და განსხვავება - ამხელა პოემები და პიესები პლასტიკაში მსოფლიოში არ დადგმულა. 

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ პანტომიმის თეატრის არტისტი გახდე? 

- ძალიან ბევრი რამ: ნიჭი, სხეული, პლასტიკა, ენერგია. ზოგი მოცეკვავეებს გვეძახის, მაგრამ ჩვენ მოცეკვავეები არ ვართ. ეს არ არის უბრალოდ მოძრაობა, ცეკვა ან სანახაობა. ეს შინაგანი გრძნობა და ემოციაა. 

მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ ვთქვი, რომ მამაჩემის გარდაცვალებით ჩემში არტისტი გარდაიცვალა, რადგან ვერ ვიპოვე რეჟისორი, რომელიც იმას ამიხსნიდა, რასაც მამაჩემი მიხსნიდა. ის სიღრმე, რომელსაც ამირან შალიკაშვილი გვიხსნიდა და გვასწავლიდა, ძალიან რთულად მოსაძებნია ამ ხელოვნებაში. ეს არ არის სტანისლავსკის მეთოდით ჩარჩოში მოქცეული რეჟისურა, ხერხემალი, რომელიც განვითარდება და საფინალო კულმინაციამდე მივა. მამაჩემს ყველა სცენაში თავისი კულმინაცია ჰქონდა. 

- მამათქვენმა მთელი თავისი მემკვიდრეობა, მათ შორის თავისი სპექტაკლებიც თქვენ დაგიტოვათ. როგორ ფიქრობთ, რატომ გამოგარჩიათ?

- ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრისთვის გამზარდა, იმიტომ, რომ როდესაც სპექტაკლს დგამდა, ყოველთვის გვერდით ვყავდი და მიხსნიდა მომავალს როგორ ხედავდა, მისი თეატრი როგორი უნდა ყოფილიყო და როგორ უნდა განვითარებულიყო. მე ყოველთვის ერთი თვისება მქონდა - ჩემი საღამო როგორც არ უნდა დამთავრებულიყო, დილის 10 საათზე სცენაზე ვიდექი და ვმუშაობდი. ალბათ, ნაწილობრივ ესეც არის მიზეზი, რომ მამამ ყურადღება ჩემსკენ გადმოიტანა და სპეკტაკლებიც კი მე დამიტოვა. თუმცა მისი გადაწყვეტილების ბოლომდე ამოხსნა ჩემთვის მაინც რთულია. კი, გულის სიღრმეში მიხარია, მაგრამ ეს სიხარულთან ერთად, უზარმაზარი პასუხისმგებლობაცაა. გადაწყვეტილებების უმატესობაზე, რომლებსაც ახლა ვიღებ, მამაჩემის სიცოცხლეშივე გვისაუბრია. კამათიც გვქონია და რაღაცებზე წინააღმდეგიც ყოფილა, თუმცა საბოლოოდ, ასე მითხრა: „მე ჩემს თეატრს მაინც თან წავიღებ, შენ კი როგორც სწორად ჩათვლი, ისე მოიქეცი, მშვიდად ვარ, იმიტომ, რომ ვიცი, ჩემს ხელწერას არ დაკარგავო“. მისი ხელწერის დაკარგვა ახალი თეატრის შექმნას ნიშნავს. ჩვენ არ გვინდა ახალი ველოსიპედი გამოვიგონოთ, იმიტომ, რომ ყველაფერი გამოგონილია, რაც ამ თეატრს სჭირდება.

ქართულ პანტომიმას თავისი, ყველასგან განსხვავებული მოძრაობები აქვს. როდესაც უყურებ მარსელ მარსოს, ტომაშევსკის, თუნდაც ჩარლი ჩაპლინს, ძალიან მრავალფეროვანი მოძრაობები აქვთ, რომელიც მსოფლიომ იცის. მამამ ხვა მოძრაობები შექმნა და პლასტიკაში გადაიტანა. სხვანაირად გადმოსცემდა ჩიტს, მტრედს, შექმნა ვენახი, ღვინის კულტურა, საქართველოს ისტორია. ერთი ნოველაა - „ვენახი“, სადაც 5 წუთშია ახსნილი საქართველოს მთელი ისტორია.  „ვენახიდან “სხვა სპეკტაკლები დაიბადა: „კიდევაც დაიზრდებიან“, „ფიროსმანი“, „ტერეტი გრანელი“, „სტუმარ-მასპინძელი“, წმინდანები და სხვა. ეს ყველაფერი ახალ მოძრაობებზე შეიქმნა, რაშიც რა თქმა უნდა, დედაჩემს დიდი წვლილი აქვს შეტანილი. 

- დედის შესახებ გვიამბეთ... 

- დედაჩემი, კირა მებუკე დრამის პედაგოგი იყო. მისი მოსწავლეები დღეს ძალიან წარმატებული ადამიანები არიან, იმიტომ, რომ დედა მხოლოდ პანტომიმის არტისტებს არ ზრდიდა. თითქმის ყველა ჟანრში, მუსკომედიაშიც ასწავლიდა პლასტიკას. ბევრისგან გამიგია, რომ კირა მებუკეს აუდიტორიაში შესვლა და  ლექციის დაიწყება მზის ამოსვლას ჰგავდა.  მამაჩემი ცოტა გამძიმებდა, დედაჩემი კი სილაღე და ხალისი იყო. ეს ორი ადამიანი თავისი სიყვარულით ერთმანეთს ავსებდა და ეს სიყვარული მათი გარდაცვალებით უფრო გამოჩნდა... 

მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ დედა მთელი 40 დღე მიმეორებდა,  მამაშენი მეძახის, მეუბნება, რომ მასთან უნდა წავიდე და აქ არ უნდა დავრჩე. ვთხოვდი, დედა წამოდი თეატრში, ვიმუშაოთ და გადაიტან ამ ყველაფერს თქო, მაგრამ არ მისმენდა... მამას ორმოცი დიდი სიყვარულით ჩაატარა და მასთან წავიდა.

თეატრმა მამაჩემის გარდაცვალებით ყველაფერი დაკარგა, დედაჩემის სიკვდილმა კი ყველაფერს წერტილი დაუსვა. ამის შემდეგ სრულიად მარტო დავრჩი. სამყარო, რომელშიც ვცხოვრობდი, მთიანად დაინგრა და ცვლილება, რომლის წინაშეც თეატრი დადგა, აუცილებელი გახდა.

- სანამ ცვლილებების შესახებ გვიამბობთ, იქნებ თეატრის შენობის დაკარგვა გაიხსენოთ.

- თუ არ ვცდები, 2011 წელი იყო, როდესაც თეატრის შენობა ერთ ლარად გაიყიდა. ეს იყო წარმოუდგენელი ფაქტი. როგორც მამაჩემი ამბობდა, არ იყიდება სკოლა, საბავშვო ბაღი, საავადმყოფო, ეკლესია და თეატრი. კულტურა და თეატრი ხელუხლებელია. მამაჩემს თეატრი ოჯახისთვის, შვილებისთვის ან საკუთარი თავისთვის არ შეუქმნია, ყოველთვის ამბობდა, რომ თეატრი დედაქალაქს, ხალხს და ქვეყანას ეკუთვნოდა. მოკლედ, ეს ძალიან მძიმე პერიოდი თეატრის დაშლის დასაწყისი გახდა. მაშინ მამაჩემს შევპირდი, რომ მის სიცოცხლეში თეატრს ავაშენებდი და დავიწყე ამისთვის ბრძოლა...

საქართველოში ბევრი თეატრი გვაქვს, მაგრამ ეს ერთადერთი განსხვავებული ჟანრის თეატრია. ამიტომ სადმე შესახლება კი არა, მინდოდა ცალკე ყოფილიყო. როდესაც კახა კალაძე თბილისის მერი გახდა, მე შევთავაზე, იქნებ ლისზე იქნებ მოვიძიოთ ადგილი და დავიწყოთ ამ თეატრის მშენებლობა თქო. ამას მისი მხრიდან დაინტერესება მოჰყვა და თეატრს მიწის ნაკვეთი გადმოეცა, უკვე პროექტზე მუშაობაც დაწყებულია. 

მე მინდა ახალ თეატრში ახალი სიტყვით შევიდეთ. ისტორია, რომელიც 1965 წლის 16 მაისიდან დაიწყო, უკვე დასრულდა და ახალი თეატრი, ახალი ისტორია იწყება.  ეს იქნება უნიკალური ადგილი, სადაც უცხოელები ჩამოვლენ და ქართულ და მსოფლიო პანტომიმას ისწავლიან. 

- თეატრთან პანტომიმის სკოლაც იქნება?

- დიახ. რეალურად მსოფლიოს პანტომიმის სკოლა აღარ აქვს. 2015 წელს მოვიპოვე საერთაშორისო პლასტიკის ცენტრის ლიცენზია, რომლის ამუშავებასაც თავისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. ზუსტად ეს ინფრასტრუქტურა იქნება მსოფლიო დონის სკოლის დასაწყისი და ქვეყანას შანსი აქვს, რომ უნიკალური სკოლა ჰქონდეს. ასე, რომ წინ დიდი მუშაობა და ყველაზე საინტერესო წლები გველოდება. 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა