თეგებით ძიება

როგორ გაჩნდა ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია

მართალია, ასწლეულების მანძილზე ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციამ უამრავი ცვლილება განიცადა და განსხვავებული ინტერპრეტაციით გავრცელდა მთელ მსოფლიოში, მაგრამ ხალისიანი განწყობა ყველგან ერთნაირად შეინარჩუნა და თანამედროვე სამყაროს ყველაზე ჯადოსნურ დღესასწაულად იქცა, რადგან სკეპტიციზმის მიუხედავად ყველას ერთნაირად სჯერა, რომ სწორედ ახალი წლის ღამეს სრულდება ყველა ოცნება.

მესოპოტამია - ახალი წლის სამშობლო

მეცნიერების მტკიცებით, ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია დაახლოებით 4 ათასი წლის წინ გაჩნდა მესოპოტამიაში, სადაც დღესასწაულის დღეებში ეწყობოდა ღმერთების ქანდაკებების აღლუმი. ადგილობრივები ჯერ ქალაქის ქუჩებში დაატარებდნენ გიგანტურ ფიგურებს, მერე კი, რიტუალურ ბრძოლას მართავდნენ, რომელიც ქაოსის ძალებზე ღმერთების გამარჯვებას და სამყაროს განწმენდას განასახიერებდა. 

მოგვიანებით დღესასწაული უძველეს რომში გავრცელდა, სადაც ახალი წელი ჯერ გაზაფხულზე, მეტწილად მარტის თვეში აღინიშნებოდა, მერე კი, პირველ სექტემბერს გადაინაცვლა, რადგან სწორედ ამ დღეს ირჩევდნენ რომაელები ახალ კონსულს, თუმცა ძველი წელთაღრიცხვით 46 წელს იულიუს კეისარმა ახალი „იულიანური“ კალენდარი შემოიღო და საბოლოოდ განსაზღვრა პირველი იანვარი წლის დასაწყისად. სხვათა შორის, სახელი იანვრის თვემ - არჩევანისა და ყველა საწყისის ღმერთს - ორსახოვანი იანუსის პატივსაცემად  შეიძინა, რომელიც ერთი სახით წინ, მეორით კი უკან იყურებოდა და წარსულის მომავალთან უწყვეტ კავშირს განასახიერებდა. 

საახალწლო საჩუქრები - რომაელების აღმოჩენა

უძველესი ჩანაწერების თანახმად, ახალი წლის დღესასწაულს განსაკუთრებული ხალისით რომაელები აღნიშნავდნენ, რომლებიც უგემრიელესი კერძებით, ღვინით უმასპინძლდებოდნენ ერთმანეთს და არც მონეტებს იშურებდნენ, იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსისთვის კი, იძულებით აგროვებდნენ ოქროს მონეტებს სკივრში, რადგან სწორედ მოქალაქეების ხელგაშლილობა განსაზღვრავდა მის კეთილგანწყობას. 

ნაძვის ხის მორთულობა

ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია მე-16 საუკუნეში გაჩნდა გერმანიაში, სადაც მორთულობა სრულად შეესაბამებოდა ქრისტიანულ სიმბოლიკას - ტოტებზე დაკიდული ვაშლები სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფს განასახიერებდნენ, სანთლები ანგელოზურ სიწმინდეს ნიშნავდა, ვარსკვლავი კი, ბეთლემის ვარსკვლავის სიმბოლოდ ითვლებოდა. ლეგენდის თანახმად, ნაძვის ხის ამგვარი მორთულობა პროტესტანტიზმის ფუძემდებელმა მარტინ ლუთერმა შემოიღო, რომელმაც წარმართთა ტოტემური ხის რელიგიასთან დაახლოება მოინდომა და მრევლს ქრისტიანული სიმბოლოებით სთხოვა მისი გაკეთილშობილება. 

ნაძვის ხის სათამაშოები

საუკუნეების წინ ნაძვის ხე მეტწილად ნუგბარით - ვაშლით, თაფლაკვერით, თხილითა და კანფეტით ირთვებოდა, შუშის ბურთები და სხვა „სამკაული“ კი, მხოლოდ 100 წლის წინ გაჩნდა გერმანიაში, სავარაუდოდ მოუსავლიანი სეზონის გამო, როცა ვაშლის სიმცირით შეწუხებულმა ბავარიელმა მინამბერებმა დეფიციტური ხილი შუშის მრგვალი ბურთებით ჩაანაცვლეს.  

სხვათა შორის, ყველაზე დიდი საახალწლო ბურთი, რომლის წონამ 1100 კილოგრამი, დიამეტრმა კი - 4,7 მეტრი შეადგინა, 2018 წელს დაიკიდა არაბთა გაერთიანებული საამიროების სავაჭრო ცენტრში The Dubai Mall-ში. გიგანტური ბურთი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, დიზაინერულმა კომპანიამ Venue Artsს-მა დაამზადა, მის აწყობასა და დამონტაჟებაზე კი, 15 კონსტრუქტორი ირჯებოდა მთელი 72 საათი. 

გინესის რეკორდსმენი გახდა ყველაზე მაღალი საახალწლო ნაძვის ხეც, რომელიც მექსიკაში დაიდგა 2009 წელს. 35 მეტრის დიამეტრის ნაძვის ხის სიმაღლემ 110, 35 მეტრი შეადგინა, რაც დაახლოებით 40-სართულიანი შენობის სიმაღლეს გაუტოლდა, მის აგებაზე კი, 330 ტონა მეტალის კონსტრუქცია და 80 ათასი მეტრის გირლანდა დაიხარჯა. 

პირველი გირლანდა

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე ნაძვის ხის გასანათებლად მხოლოდ სანთლები ან კაკლის ნაჭუჭი გამოიყენებოდა ზეთითა და ფითილით, რაც ხანძრის საფრთხეს ქმნიდა და მეტად სარისკო იყო. პირველი გირლანდის შემქმნელად ედვარდ ჰიბერდ ჯონსონი ითვლება, რომელმაც წითელ, თეთრ და ლურჯ ქაღალდში შეფუთული ნათურებით გაანათა სადღესასწაულო ნაძვის ხე, ნამდვილი გირლანდა მინიატიურული ნათურებით კი, 1895 წელს გამოიგონა რალფ მორისმა - ახალი ინგლისის სატელეფონო კომპანიის თანამშრომელმა, რომელიც სწორედ კომუტატორის ნათურების ციმციმმა შთააგონა ორიგინალურ გამოგონებაზე.  

წყარო : Imedi News


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა