თეგებით ძიება

შობის ვარსკვლავი – როგორ მოვუაროთ პუანსეტიას

შობის ვარსკვლავი ანუ პუანსეტია მსოფლიოს ირგვლივ შობა-ახალი წლის ულამაზესი სიმბოლოა. მისი შეუდარებელი წითელი ფოთლები ინტერიერში განსაკუთრებულ საახალწლო განწყობას ქმნის, ამიტომაც ამ ყვავილზე მოთხოვნა წინასაშობაო დღეებში ყოველთვის იზრდება.

 puansetia

პუანსეტია ანუ “შობის ვარსკვლავი” რძიანას ერთ-ერთი სახეობაა. მისი სამშობლო ცენტრალური ამერიკაა. ამ ლამაზ მცენარეს “შობის ვარსკვლავი” იმიტომ შეარქვეს, რომ ყვავილობას სწორედ საშობაოდ იწყებს. ცნობილია ძირითადად, წითელი, ვარდისფერი და კრემისფერი სახეობები, ხელოვნურად მათი შერევით კი, სხვადასხვა შეფერილობის ყვავილები გამოიყვანეს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მის წვენს მავნე ბაქტერიების განადგურების უნარი აქვს. იგი თავის ირგვლივ ჰაერს ასუფთავებს სტრეპტოკოკებისა და ჩხირებისგან. თუმცა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მისი რძე-წვენი ლორწოვანი გარსის ძლიერი გამაღიზიანებელია (განსაკუთრებით პატარა ბავშვებს უნდა მოარიდოთ, რომ შემთხვევით მოწყვეტილი ფოთლიდან გამოსული წვენი თვალში ან პირში არ მოხვდეთ).

შობის-ვარსკვლავი

დღესასწაულების შემდეგ, შობის ვარსკვლავი რა თქმა უნდა, გადასაგდებად არ გვეთმობა. უკეთესი იქნება, თუ თებერვლისთვის გადარგავთ სხვა ქოთანში, რომელსაც კარგ დრენაჟს გაუკეთებთ. ქოთანს ძირში  წვრილი ხრეში ჩაუყარეთ, ძველი ქოთნიდან ამოღებულ მცენარეს ფესვებიდან ტორფი ფრთხილად შემოაცალეთ, ზედმეტი ტოტები შეაჭერით, დაუტოვეთ მხოლოდ 2-3 ძლიერი ტოტი. 

shobis-varskvlavi1

შობის ვარსკვლავს სითბო და ნათელი ადგილი უყვარს. სასურველია, შუადღის მზე რომ არ ადგებოდეს. მას ზომიერი მორწყვა სჭირდება: მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როცა მიწის ზედაპირი გაუშრება, გამოშრობისას ფოთლებიც მაშინვე მოიწყენენ. შობის ვარსკვლავის მოვლისას მთავარია შევინარჩუნოთ ჰაერის ტენიანობა. აუცილებელია ფოთლებზე წყლის რეგულარული მისხურება, ამასთან მნიშვნელოვანია, რომ წყალი არ მოხვდეს თანაყვავილებს. ფოთლები არ უნდა ეხებოდეს ცივ მინას. ყვავილი უნდა მოირწყას ქოთნის ქვემოდან, ნადგომი წყლით. 

shobis-varskvlavi

იმისათვის, რომ მომდევნო შობას კვლავ წითელი ფოთლებით გაგახაროთ, დაახლოებით ოქტომბრიდან პუანსეტიას დღის ხანგრძლივობა “შეუმოკლეთ”. ის ყვავილობას მაშინ იწყებს, როცა დღის ხანგრძლივობა მცირდება. ამ ეფექტის მისაღწევად, ყუთი დაახურეთ და ასე დღე-ღამეში არანაკლებ 14 საათი ამყოფეთ, დღის განმავლობაში ახადეთ. მცენარე იგრძნობს, რომ ყვავილობის დრო მოვიდა და მომზადებას დაიწყებს: კენწეროების ფოთლები ფერს ნელ-ნელა შეიცვლის. 2-2,5 თვეში კი თქვენი “შობის ვარსკვლავი” ძველებურად აელვარდება. ფერადფოთლებიან პუანსეტიას რაც უფრო გრილად ამყოფებთ, ფერს მით მეტხანს შეინარჩუნებს. თუ გსურთ, რომ მცენარე ჯანსაღად იყოს, დაყვავილების შემდეგაც, ორ კვირაში ერთხელ, გაზავებული ბალანსირებული თხევადი სასუქით მორწყეთ.

პუანსეტია

ლეგენდა შობის ვარსკვლავზე

უძველესი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ თურმე მექსიკაში, ობოლი და-ძმა ცხოვრობდა, რომელთაც ძალიან უყვარდათ შობა და ყოველთვის მოუთმენლად ელოდნენ ამ დღეს. ერთ შობას, მოძღვართან ყველამ საჩუქარი მიიტანა, და-ძმას კი საჩუქრის შეძენის საშუალება არ ჰქონდა და მღვდლისთვის მათ ქოთნით პუანსეტია მიურთმევიათ. იმ ღამეს ეს მცენარე გაწითლებულა და მას შემდეგ ის შობის ვარსკვლავად იწოდება. თუ ამ ლეგენდას დავუჯერებთ, მცენარე ნამდვილად სასწაულმოქმედია, რადგან მან შობის ღამეს უეცრად ფერი იცვალა. 

poinsetia პუანსეტია1 vardisferi-puansetia shobis-varskvlavi-nadzvisxe


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა