თეგებით ძიება

რა ელის სამყაროს 2024 წელს - ვანგასა და ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებები

რა თქმა უნდა, ძველი წლის მშვიდობიანად გაცილების და შვებით ამოსუნთქვის შემდეგ, ყველას აინტერესებს რამდენად იღბლიანი იქნება მომავალი წელი მისთვის და რა ელის სამყაროს ზოგადად. საერთო ინტერესს იზიარებენ ცნობილი გამოცემებიც, რომლებიც მრავალფეროვან, ხშირად ერთმანეთის გამომრიცხავ პროგნოზებს სთავაზობენ საზოგადოებას და მართალია, სკეპტიკოსებს მხოლოდ ღიმილს ჰგვრიან, მაგრამ ძალიან თრგუნავენ ემოციურ პუბლიკას, რომელსაც ყველაფერი ზედმეტად ახლოს მიაქვს გულთან. 

განსაკუთრებული პოპულარობა ბოლო წლებში „ბაბა ვანგამ“ შეიძინა, თუმცა არ ჩამორჩა ბულგარელ ნათელმხილველს არც ცნობილი ფრანგი „პროგნოზისტი“ მიშელ ნოსტრადამუსი, რომელმაც როგორც ჩანს ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში იცოდა რა განსაცდელი ელოდა კაცობრიობას 2024 წელს.    

 

ბაბა ვანგას წინასწარმეტყველება

მართალია, ვანგელია პანდევა გუშტეროვამ, რომელიც საზოგადოებამ ბაბა ვანგას სახელით გაიცნო, ადრეულ ასაკში, ძლიერ ქარიშხალში მოყოლილმა დაკარგა მხედველობა, მაგრამ იმავე ქარიშხლის წყალობით შეიძინა მომავლის ხედვის უნარიც. ვანგას უნიკალური ნიჭი პირველად მეორე მსოფლიო ომის დროს გამოვლინდა, როცა ადოლფ ჰიტლერის და გერმანიის მარცხი იწინასწარმეტყველა, რაც იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა ბულგარეთის მონარქისთვის, ბორის მესამისთვის, რომ დაუყოვნებლივ მოითხოვა საოცარ ქალბატონთან აუდიენცია. მოგვიანებით მონარქს ევროპელი მმართველები შეუერთდნენ, რომელთა შორის განსაკუთრებით საბჭოთა ლიდერები აქტიურობდნენ. 

საკულტოს სტატუსი ბაბა ვანგამ 1996 წელს, გარდაცვალების შემდეგ შეიძინა წინასწარმეტყველებებისა და შეთქმულების თეორიების მოყვარული კონსპიროლოგების წყალობით, რომლებიც ნებისმიერი გლობალური მოვლენის ახსნას და დადასტურებას  ბალკანელი ნათელმხილველის ჩანაწერებში ეძებდნენ. მეტიც, ამბობდნენ თითქოს სწორედ ვანგამ იწინასწარმეტყველა რუსული წყალქვეშა ნავის „კურსის“ ჩაძირვა, პრინცესა დიანას ტრაგიკული დაღუპვა და 11 სექტემბრის ტერაქტი ნიუ-იორკში. სხვათა შორის, ბაბა ვანგამ 5079 წლამდე მოასწრო პროგნოზის გაკეთება,  მერე კი, ვეღარაფერი დაინახა, რადგან მისი გათვლით სწორედ 5079 წელს დადგება სამყაროს აღსასრული.  

ნაკლებად საიმედო პროგნოზი აღმოაჩნდა ბალკანელ ვანგას 2024 წლისთვისაც, რადგან მეტწილად ტერორისტული აქტები და ბუნებრივი კატაკლიზმები იწინასწარმეტყველა. 

ტერორისტული და ბიოლოგიური შეტევები - ბაბა ვანგას პროგნოზით, 2024 წელს ტერორისტული თავდასხმები გაორმაგდება, „დიდი ქვეყანა“ კი (რომელიც არ დააკონკრეტა და საზოგადოებას მისცა „მარჩიელობის“ უფლება), ჯერ გამოცდის, მერე კი, მტრის წინააღმდეგ გამოიყენებს ბიოლოგიურ იარაღს. 

კიბერშეტევები - ტერაქტებისა და ბიოლოგიური იარაღის შემდეგ სამყაროს „გენიოსი“ ჰაკერები დაემუქრებიან განადგურებით, რომლებიც მასობრივად შეუტევენ ინფრასტრუქტურის ისეთ სტრატეგიულ ობიექტებს, როგორიც ელექტრო და წყალმომარაგების სისტემებია, რაც თავის მხრივ, სერიოზულად აზარალებს სხვა ობექტებს და კატასტროფით დაემუქრება მთელ მსოფლიოს.

რუსეთის პრეზიდენტის მკვლელობა - განსაკუთრებული საფრთხე ვანგამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უწინასწარმეტყველა, რომელზეც მისივე თანამემამულე განახორციელებს თავდასხმას. 

ეკონომიკური კრიზისი - ვანგას მტკიცებით, 2024 წელს მსოფლიოს მასშტაბური ეკონომიკური კრიზისის დაძლევა მოუწევს, რისი მიზეზი მზარდი დავალიანება და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ესკალაცია გახდება. 

ბუნებრივი კატაკლიზმები - როგორც ჩანს, ის, ვინც ტერაქტებს და ეკონომიკურ კრიზისს გადაურჩება, ბუნებასთან მოუწევს სერიოზული ბრძოლის გამართვა, რადგან მომავალ წელს განსაკუთრებით გახშირდება სტიქიური კატასტროფები. 

მედიცინისა და ტექნოლოგიის განვითარება - მეტწილად ნეგატიური პროგნოზის მიუხედავად, მომავალი წელი არც ისე უიმედო იქნება, რადგან ბაბა ვანგას რწმენით, სწორედ 2024 წელს შეძლებენ მედიკოსები მრავალი უკურნებელი სენის, მათ შორის სიმსივნისა და ალცჰეიმერის დაავადების მკურნალობის ახალი და ეფექტური მეთოდების შემუშავებას, მეცნიერები კი, სერიოზულ წარმატებას მიაღწევენ კვანტური გამოთვლების სფეროში. 

მიშელ ნოსტრადამუსის პროგნოზი

ბაბა ვანგას მსგავსად ნაკლებად ოპტიმისტური პროგნოზი აღმოაჩნდა მე-16 საუკუნის ასტროლოგსა და წინასწარმეტყველს მიშელ ნოსტრადამუსს, რომელიც მანამდეც გვარიანად აფრთხობდა კაცობრიობას. 

მართალია, სკეპტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ პროვანსელი წინასწარმეტყველის პროგნოზები ძალიან ზოგადი და ყოველთვის ბუნდოვანია, მაგრამ საპირისპირო აზრი აქვთ კონსპიროლოგებს, რომლებიც თავგამოდებით ირწმუნებიან, რომ სწორედ ნოსტრადამუსმა გააფრთხილა კაცობრიობა ადოლფ ჰიტლერის აღზევების, 11 სექტემბრის ტერაქტებისა და COVID-19-ის პანდემიის შესახებ. 

სხვათა შორის, ნაშრომი „წინასწარმეტყველება“ (Les Prophéties) ნოსტრადამუსმა ჯერ კიდევ 1555 წელს დაწერა და სწორედ მაშინ განსაზღვრა, რომ 2024 წელი გლობალურ კონფლიქტებს, მონარქისტულ დაპირისპირებებსა და ჰუმანიტარულ კატასტროფებს მოუტანდა კაცობრიობას.

ომი ჩინეთთან - 2024 წელს ნოსტრადამუსმა არა მხოლოდ „მრავალრიცხოვანი საზღვაო შეტაკებები“ იწინასწარმეტყველა, არამედ „წითელ მეტოქეს, რომელსაც ნამდვილ სასაკლაოს მოუწყობენ დიდ ოკეანეზე, შიშისგან გათეთრებითაც დაემუქრა“. ნოსტრადამუსის ბუნდოვანი მინიშნებების მშიფრავები დარწმუნებული არიან, რომ „დიდი ოკეანე“ - წყნარი ოკეანეა, „წითელ მეტოქეში“ კი, ჩინეთი იგულისხმა. 

ბრიტანეთის ახალი მონარქი - იმავე მშიფრავების მტკიცებით, „წინასწარმეტყველების“ ერთ-ერთ ეპიზოდში ნათქვამია, რომ „კუნძულების მეფე ძალის გამოყენებით განიდევნება“. სავარაუდოდ, ნოსტრადამუსს ჩარლზ მესამე ჰყავდა მხედველობაში, რომლის მმართველობა მხოლოდ რამდენიმე თვე გაგრძელდება, რადგან სამეფო გვირგვინს მალე უზურპატორი ჩაიგდებს ხელში. გასათვალისწინებელია, რომ პრინცი უილიამი სამეფო ტახტის მემკვიდრეა, ამიტომ ნაკლებად ერგება უზურპატორის როლს, მისი უმცროსი ძმა - პრინცი ჰარი კი, ზუსტად რომ საუკეთესო კანდიდატურაა მოძალადე მიმთვისებლის როლზე. 

კლიმატური კატასტროფები - არ ჩამორჩა ბუნებრივი კატაკლიზმების პროგნოზირებაში ვანგას არც ნოსტრადამუსი, თუმცა მან  ჯერ „მშრალი მიწის უდაბნოდ ქცევა, მერე დიდი წყალდიდობა“ იწინასწარმეტყველა, რომელიც მისივე მტკიცებით არა მხოლოდ სხვა კლიმატურ კატასტროფებს, არამედ „შავი ჭირის აფეთქებას და მანამდე წარმოუდგენელ შიმშილს“ გამოიწვევს.

ახალი პაპი - ცვლილებებია მოსალოდნელი ვატიკანშიც, რადგან ნოსტრადამუსის პროგნოზით, მოქმედ პაპს ფრანცისკეს ძალიან მალე გამოუჩნდება შემცვლელი. „მოხუცი პონტიფიკოსის ადგილს საშუალო ასაკის რომაელი დაიკავებს, რომელსაც წმინდა საყდრის დასუსტებაში დაადანაშაულებენ, თუმცა ის მაინც დიდხანს იჯდება საკუთარ ტახტზე“, - წერდა წინასწარმეტყველი. სხვათა შორის, ფრანცისკე, რომელსაც 17 დეკემბერს შეუსრულდა 87 წელი, მართლაც უჩივის ჯანმრთელობას. მეტიც, პონტიფიკოსმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მოწყობილ კონფერენციაზეც ვერ შეძლო დასწრება, რადგან სწორედ იმ პერიოდში ავადმყოფობდა ფილტვების ანთებით.

რა თქმა უნდა, ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს რამდენად სარწმუნოა ცნობილ წინასწარმეტყველთა პროგნოზი და ღირს თუ არა მისი დაჯერება, თუმცა ემოციებს და პესიმიზმს აყოლა ნამდვილად არავის გამოადგება,  მით უფრო, რომ სწორედ ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა განსაზღვრავს კეთილ მომავალს.

წყარო: იმედინიუსი


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა