თეგებით ძიება

როგორ უწოდა ფრანგმა მიურატმა მეგრულ კერძს ელარჯი და როგორ იქცა საქართველო გურმანების სამოთხედ?

ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველო ყოველთვის სხვადასხვა კულტურის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ადგილი იყო. შესაბამისად, სხვა კულტურათა  ზეგავლენას განიცდიდა, თუმცა მეზობლებისაგან განსხვავებული სამზარეულო და სუფრის ტრადიციები  ჩამოუყალიბდა. შუა საუკუნეებამდე, სანამ ქვეყანაში კარტოფილი, პომიდორი და სიმინდი  შემოვიდოდა, ქართველთა მენიუში ხორცისა და რძის პროდუქტები, ასევე ფხალეული ჭარბობდა.

მეცნიერთა გარკვეული ნაწილის მოსაზრებით ქართული საფირმო კერძების ნაწილს (ჩანახი, ჩაქაფული, ბასთურმა, ყაურმა და სხვა) არაქართული ძირი აქვს. ეთნოლოგ როლანდ თოფჩიშვილის თქმით - „ქართულ გასტრონომიაზე გავლენა მოახდინა ირანულმა კულინარიამაც. ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძი - ხინკალიც კი მონღოლური წარმომავლობისაა, თუმცა ისეთ ხინკალს, როგორიც საქართველოში მზადდება, მსოფლიოს ვერც ერთ რეგიონში ვერ ნახავთ.  მას ანალოგი არ აქვს.. ქართული ხინკალი უნიკალური კერძია, რომელიც ქართველის მენიუს ყველა აუცილებელ კომპონენტს: პურს, ხორცს და სანელებლებს შეიცავს.  ხინკალთან დაკავშირები გამუდმებით გვესმის „მარადიული“ კითხვა - ნაოჭიანია? პასუხს ქართულ ხალხურ ეპოსში შემორჩენილ ლექსში იპოვით: „ტიალო ხაჭოს ხინკალო, ოცდარვა ნაოჭიანო...“ სხვათა შორის, 28 საკრალური რიცხვია. 28 არის 7-ის ანუ ძველთაგან წმიდად მიჩნეული ციფრის ჯერადი, ასევე კვირის დღეთა რაოდენობის ჯერადი და აგრეთვე 28 წელიწადს უნდება მზე ცის სფეროს დიდ წრეზე გარშემოვლას. როგორც ჩანს ეს ჩვენმა წინაპრებმაც იცოდნენ. 

ხინკლის გარდა, საქართველოს კიდევ ბევრი საფირმო კერძი აქვს, რომლის დასაგემოვნებლად ჩვენს ქვეყანაში მთელი მოსოფლიოდან ჩამოდიან. ერთ-ერთი ასეთი კერძია ელარჯი. კერძისთვის სახელი საფრანგეთის იმპერატორის, ნაპოლეონ III-ის ნათესავს, აშილ მიურატი შეურქმევია, რომელიც ეკატერინე ჭავჭავაძისა და დავით დადიანის ულამაზეს ქალშვილზე, სალომეზე დაქორწინდა და  საქართველოში ყველაზე ცნობილ სიძედ იქცა. დადიანები მიურატს მოზელილი ღომში ამოზელილი სულუნით გაუმასპინძლდნენ  და როდესაც ფრანგს ლუკმა ძალიან დაუგრძელდა, შესძახა - „C’est comme ça qu’il est large“ ანუ „როგორი განიერიაო“. მეგრელებმა ეს კერძის ფრანგულ სახელწოდებად მიიჩნიეს და  ასე გაჩნდა ტერმინი ელარჯი“. ეს გემრიელი კერძი აუცილებლად სულუგუნით კეთდება, რადგან სხვა ყველი მასავით არ იწელება. 

ქართველებს ძალიან მრავალფეროვანი პურეული კულტურა გვქონდა. ქართველისთვის პური ქართული სუფრის აუცილებელი ატრიბუტი იყომ ისევე, როგორც მწვანილი.  „ქართველს გემრიელი და შნოიანი პურისჭამა უმწვანილოდ ვერ წარმოედგინა და მწვანილი სუფრის აუცილებელ კუთვნილებასა და მშვენებას შეადგენდა“ - წერდა ივანე ჯავახიშვილი.  

ქართული სამზარეულოს კიდევ ერთ მახასიათებელს ღვინისაგან და ყურძნისგან დამზადებული კერძების მრავალფეროვნება წარმოადგენს, მათ შორის, აღსანიშნავია: ფელამუში, ჩურჩხელები (ჯანჯუხა - თხილისგულსართიან ჩურჩხელა გურიაში), ტკბილი კვერი, ყურძნის ტკბილი, ჩამიჩი, მაჯიგარო და სხვა. 

(გაგრძელება იქნება) 


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა