თეგებით ძიება

Last Christmas: სიმღერის შექმნის ისტორია

რა თქმა უნდა, ჯორჯ მაიკლმა უამრავი ბრწყინვალე კომპოზიცია შექმნა, თუმცა Last Christmas, რომელიც დღეს უკვე სადღესასწაულო კლასიკად ითვლება, მაინც საუკეთესოა და ყველასგან გამოირჩევა. უცნაურია, მაგრამ მსოფლიო პოპულარობის მიუხედავად, სიმღერამ მხოლოდ 2021 წელს შეძლო ბრიტანულ ჩარტში დაწინაურება, თუმცა ერთგვარი რეკორდი მაინც დაამყარა, რადგან პირველი კომპოზიცია გახდა, რომელსაც მთელი 37 წელი დასჭირდა ნაციონალურ ჰიტ-აღლუმში ლიდერის პოზიციის მოსაპოვებლად. 

ლეგენდარული კომპოზიცია, რომელიც ყველა საშობაო თუ საახალწლო წვეულების უცვლელი საუნდთრეკია, უამრავმა მუსიკოსმა, მათ შორის ანიმაციურმა ბაყაყმა Crazy Frog-მაც წარმატებით მოარგო საკუთარ რეპერტუარს, თუმცა, ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა მხოლოდ ორიგინალურმა ვერსიამ შეინარჩუნა თავად ჯორჯ მაიკლისა და ენდრიუ რიჯლის შესრულებით.

ერთ საათში შექმნილი ჰიტი

მართალია, 1984 წლის დასაწყისში მაიკლისა და რიჯლის დუეტი უჩვეულო სახელით - Wham! მეტად პერსპექტიულ კოლექტივად ითვლებოდა, მაგრამ პოპულარული ჯგუფების რიცხვს მაინც ვერავინ მიაკუთვნებდა. სადებიუტო ალბომის და რამდენიმე სინგლის ჩარტებში დაწინაურების შემდეგ, მუსიკოსები მეორე ფირფიტის ჩასაწერად ემზადებოდნენ და წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მალე ბრწყინვალე კომპოზიციას შექმნიდნენ, რომელიც ნამდვილ გადატრიალებად იქცეოდა პოპ-მუსიკის ისტორიაში.   

სიმღერა სრულიად შემთხვევით დაიწერა 1984 წლის თებერვალში, ენდრიუს სტუმრობისას  ჯორჯის მშობლების სახლში, სადაც ძველ მეგობართან ერთად გაატარა მთელი ბავშვობა. სწორედ ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ კვირა დღეს, ოჯახური სადილის შემდეგ, როცა დანარჩენები პოპულარული ტელეშოუს ყურებით გაერთნენ, ჯორჯი საკუთარ ოთახში გაუჩინარდა, ერთ საათში კი, ბედნიერი ღიმილით დაბრუნდა, „ისეთი აღელვებული იყო, თითქოს განძი იპოვა“, - ღიმილით გაიხსენა წლების შემდეგ რიჯლიმ და არც შეცდა, რადგან ჯორჯმა მართლაც უძვირფასეს განძს მიაგნო, როცა მელოდიით გადმოსცა საშობაო განწყობა, მერე კი, ტექსტით შეავსო და საოცარი რომანტიკული ისტორია შექმნა. „ჯერ სიმღერის შესავალი, მერე მისამღერი მომასმენინა და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს რაღაც გრანდიოზულის მონაწილე ვიყავი“, - აღნიშნა ენდრიუმ, რომელმაც მეორე დილას მოისმინა ჯორჯის მთელი ღამის ნამუშევარი და მომავალი ჰიტის საბოლოო ვერსია. 

დამოუკიდებლად ჩაწერილი ჰიტი

სიმღერა შობის დღესასწაულამდე ბევრად ადრე, 1984 წლის აგვისტოში ჩაიწერა. 21 წლის მაიკლმა დამოუკიდებლად, მხოლოდ ხმის რეჟისორთან კრის პორტერთან ერთად გადაწყვიტა მუშაობა და არც პროდიუსერი შეუშვა სტუდიაში, არც თავად რიჯლი.
 
ცხელი ზაფხულის მიუხედავად, ჯორჯმა მთელი სტუდია გირლანდებით, ნაძვის ხის სათამაშოებით მორთო და ნამდვილი სადღესასწაულო განწყობა შექმნა. „არაფერი დაგვითმო, ყველაფრი მარტომ გააკეთა, შეშლილივით იქცეოდა და ცოტა შეგვაშინა, არცერთ ინსტრუმენტზე დაკვრა არ იცოდა, თუმცა ყველა მოსინჯა და განსაკუთრებით როიალი ამოიჩემა, რომელზეც დიდხანს უკაკუნა ორი თითით. ძალიან გაგვაწვალა, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა და დავემორჩილეთ, რადგან თვითონაც ბავშვივით უხაროდა და ჩვენს გამხიარულებასაც ცდილობდა“, - იუმორით გაიხსენა პორტერმა ურთულესი სამუშაო და მაიკლის იშვიათი ენთუზიაზმი. 

Last Christmas, რომელიც ალბომში Music from the Edge of Heaven შევიდა და სინგლად გამოიცა, მსმენელმა დეკემბრის თვეში, სწორედ შობის დღესასწაულზე მოისმინა პირველად. მართალია, კომპოზიციამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა, მაგრამ ვერ შეძლო ნაციონალურ ჩარტში დაწინაურება, რადგან პირველობა ბევრად ძლიერ კონკურენტს - ბობ გელდოფის სინგლს Do They Know It's Christmas? დაუთმო, რომელიც საქველმოქმედო პროექტის Band Aid-ის ფარგლებში ჩაიწერა და საშობაო ჩარტის ლიდერი გახდა, Last Christmas კი, მხოლოდ მეორე პოზიციას დასჯერდა, თუმცა 3,7 მილიონი გაყიდული ასლით მაინც დაამყარა რეკორდი, რადგან ჩარტში გამარჯვების გარეშე გახდა ყველაზე გაყიდვადი თრეკი. სხვათა შორის, სინგლის გაყიდვით მიღებული თანხა Wham!-მა ისევ ქველმოქმედებას შესწირა და ეთიოპიაში მოშიმშილე ბავშვების ფონდს გადაურიცხა. 

აღსანიშნავია, რომ შეერთებულ შტატებში სიმღერა ყოველთვის ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა. მეტიც, Billboard-ის ჩარტში კომპოზიცია მხოლოდ 2016 წელს მოხვდა ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების შემდეგ. სამწუხაროდ, 53 წლის მუსიკოსი სწორედ 25 დეკემბერს გარდაიცვალა გულის უკმარისობით, ამიტომ ამერიკულმა პრესამ მოცულობითი სტატიაც „უკანასკნელი შობის“ სათაურით მოამზადა.

ბრალდება პლაგიატში

მართალია, Last Christmas უამრავმა ცნობილმა მუსიკოსმა შეასრულა საკუთარი ინტერპრეტაციით - გვენ სტეფანის, ტეილორ სვიფტისა და „შეშლილი ბაყაყის“ ჩათვლით,  მაგრამ სწორედ ორიგინალი გახდა დავის მიზეზი, როცა ხმის ჩამწერმა კომპანიამ Dick James Music-მა მაიკლი პლაგიატში დაადანაშაულა. კომპანიის მესვეურების განცხადებით, Last Christmas მუსიკოსმა 1970-იან წლებში პოპულარული ჯგუფის The Carpenters-ის ცნობილი ჰიტის Can't Smile Without You მოტივებზე შექმნა, რითაც მფლობელების უფლებები დაარღვია. რა თქმა უნდა, მაიკლი ბრალდებას არ დაეთანხმა, თუმცა, სასამართლო გარჩევის თავიდან ასაცილებლად, მაინც გადაიხადა სოლიდური კომპენსაცია.

საშობაო ვიდეო

არაჩვეულებრივი კლიპი, რომელშიც ჯორჯ მაიკლი პირველად გამოჩნდა წვერის გარეშე, დუეტმა შვეიცარიის სათხილამურო კურორტზე საას-ფეზე გადაიღო. მუსიკოსებს უკვე ჰქონდათ წარმატებული ზაფხულის ვიდეო Club Tropicana, ამიტომ ზამთრის დღესასწაულისთვისაც არანაკლებ ეფექტური ვიდეოს გაკეთება გადაწყვიტეს. 

სიმღერის მსგავსად, მაიკლი კლიპის გადაღებაშიც აქტიურად ჩაება და საკუთარი რჩევებით, დეტალების დაზუსტებით მოაბეზრა თავი ტექნიკურ პერსონალს, თუმცა მონდომებამ გაამართლა. საოცრად თბილი, ატმოსფერული კლიპი სრულმეტრაჟიანი ფილმის ფრაგმენტს დაემსგავსა და საშობაო ვიდეოების ნამდვილ ეტალონად იქცა.    
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს კლიპის 35 წლის იუბილეზე Sony Music Entertainment-მა ერთგვარი საჩუქარი გაუკეთა Wham!-ის ფანებს და ვიდეოს ახალი ვერსია გამოუშვა ბევრად მკაფიო გამოსახულებითა და კაშკაშა ფერებით, ამერიკელმა მსახიობმა და რეჟისორმა პოლ ფეიგმა კი, სწორედ Last Christmas-ის შთაგონებით დადგა 2019 წელს მელოდრამა „გასულ შობას“, რომლის სცენარი ემა ტომპსონთან ერთად დაწერა. მართალია, ფილმი საინტერესოდ გაფორმდა მუსიკალურად, რადგან საუნდთრეკმა ჯორჯ მაიკლის 15 ჰიტი და მელომანებისთვის მანამდე უცნობი კომპოზიცია გააერთიანა, მაგრამ მაინც ვერ შეძლო კლიპის წარმატების გამეორება და მაიკლის თაყვანისმცემელთა გულის მოგება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა