გატეხილი სარკე, საიდან გაჩნდა ეს ცრურწმენა?
სარკის გაბზარვა-გატეხვასთან დაკავშირებული ცრურწმენა ერთ-ერთი უძველესია და მისი ისტორია 2 ათასწლეულზე მეტს ითვლის. ძველ რომაელებსა და ბერძნებსაც კი სჯეროდათ, რომ ადამიანს თუ სარკე გაუტყდა, იღბალს შვიდი წელი ვერ ეღირსება. ძველ სამყაროში სარკე მისტიკურ ობიექტად მიაჩნდათ, რომელიც ცოცხალ ადამიანს სულების სამყაროსთან აკავშირებდა.
ჯერ კიდევ სარკის გამოჩენამდე, ძველ ბერძნებს სწამდათ, რომ ადამიანს წყალში არეკვლა მაგიის წინააღმდეგ დაუცველს ხდის.
რომაელები, რომლებმაც პირველი ბრინჯაოს სარკეები დაამზადეს, ამტკიცებდნენ, რომ მათი დახმარებით ღმერთები ადამიანის ცხოვრებას ისე აკვირდებოდნენ, როგორც ფანჯრიდან. შესაბამისად, ითვლებოდა, რომ სარკე არა მარტო ადამიანის, არამედ უზენაესი ძალების კუთვნილებაცაა და მისმა დაზიანებამ შეიძლება ღმერთები გააბრაზოს.
მე-3 საუკუნიდან სარკეების დამზადება მინისგან დაიწყეს. ცხადია, ასეთი სარკეები,ლითონისგან განსხვავებით, ხშირად ტყდებოდა, თუმცა რომაელებს სწამდათ, რომ უბედურება სამუდამოდ არ შეიძლებოდა გაგრძელდეს, რადგან მათი აზრით, ყოველ შვიდ წელიწადში ადამიანის ფიზიკური და სულიერი განახლება ხდება.
სარკეებთან დაკავშირებული ცრურწმენა წარმოუდგენლად დღეგრძელი აღმოჩნდა და ჩვენს დრომდე მოაღწია. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ეს ბოლომდე უსარგებლო და სულელური ცრურწმენა არაა, რადგან უბედურების შიში ადამიანებს იმ ეპოქაში ძვირად ღირებულ სარკეებთან ფაქიზ დამოკიდებულებას აიძულებდა.
ცრურწმენის უძველესი მექანიზმი დღემდე ისე მუშაობს, როგორც 2,5 ათასი წლის წინ.