თეგებით ძიება

„ისე ავაშენეთ, რომ ელიავაზე ერთხელაც არ ვყოფილვართ“ - ვინ ააშენა ფშავში სახლი მიწით სავსე ტომრებისგან?

ტყის პირას, ბუნების სიმწვანეში, კრიალა ჰაერში და ჩიტების ჭიკჭიკში ჩაკარგულ სახლში ცხოვრება უამრავი ადამიანის ოცნებაა. მით უფრო, თუ საოცნებო სახლი მთლიანად ბუნებრივი მასალებით და ყველასთვის ხელმისაწვდომ ფასად აშენდა, ეს უკვე ოცნებაზე მეტია..

სადემონსტრაციო აგროპარკი „ტერა ინკოგნიტა“-ს დამფუძნებელი ინგა ბაშიროვი, რომელსაც ყველა აბიგლუკოზას სახელით იცნობს, TIA.GE-ს მიწიანი ტომრებით აშენებული, უჩვეულო სახლის აშენების ისტორიას მოუყვა.

-  არაგვის და ფშავის ტყეებს შორის ზუსტად 200 მეტრია და ამ ადგილზე, მთის ძირში დგას ქოხი, რომელიც ქმარმა ამიშენა. სახლი მთლიანად მიწით სავსე ტომრებით აშენდა. ეს ეკობილდნგში აპრობირებული მეთოდია, თუმცა ასეთ სახლებს ირანშიც აშენებდნენ და სხვაგანაც, სადაც თიხნარია. ჩვენ  ამის გაკეთება ქართულად შევძელითდა საერთოდ ახალი ტექნოლოგიები გამოვიყენეთ. სანამ სახლის მშენებლობას დავიწყებდით, პატარა ტომრებს ვკერავდი, მიწას ვყრიდი და სახლში ვთამაშობდით, თითქოს ლეგოს ვაშენებდით. მალე თანამოაზრეებიც გაგვიჩნდა - ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდა და საბოლოოდ აშენდა პატარა, მრგვალი ფორმის სახლი, რომლის ფართობი 35-36 კვ. მეტრია (ერთი დიდი ოთახი და საძინებელი). მეტი ვერ გავბედეთ იმიტომ, რომ პირველად ვაშენებდით. აგროპარკის კონცენფცია არის მდგრადი მეურნეობა და მდგრადი მშენებლობა. სხვათა შორის, სახლი ისე აშენდა, რომ ელიავაზე ერთხელ არ ვყოფილვარ. მარტო რამდენჯერმე პატარა ფიცრები წავიღეთ. 

_ ყველა სამშენებლო მასალა ადგილზე გქონდათ?

_ ყველა სამშენებლო მასალა ვერ გვქონდა, მაგრამ ყველა მასალა დეგრადირებული ან მეორადია. მაგალითად. ყოველთვის ვცდილობდით, რომ მეორადი ფიცარი წაგვეღო, იმიტომ, რომ მერქნის მასალა ლიცენზირებული არ არის და გვინდოდა, რომ ეკოლოგიური კვალი არ დაგვეტოვებინა. თითქმის არ გამოგვიყენებია ისეთი მასალა, რომელიც ჩვენს მერე ბუნებაში არ გაიხსნება და გარემოს დააბინძურებს. 

_ სახლი რით გადახურეთ?

_ სახლი ხის კარკასით გადავხურეთ, რომელიც ძალიან ძველი ტექნოლოგიით, უნიკალურად გაკეთდა. ზემოდან არის ბალახი, კორდი.. მიწას ფესვიანად ვიღებდით და ზემოდან ვაყრიდით. ცხადია, იქ დრენაჟიც გაკეთდა და ახლა ჩვენს სახურავზე მარწყვი და სუკულენტები ამოდის..

_ სამშენებლო მასალების გათვალისწინებით, ალბათ სახლის აშენება ძალიან ძვირი არ დაგიჯდათ..

_ სახურავამდე სახლი 680 ლარი დაგვიჯდა. სველი წერტილები სახლის გარეთაა და მოწყობილი გვაქვს ისეთი სისტემით, რომელიც ნარჩენებს მთლიანად უსაფრთხის ხდის და გარემოს არ აბინძურებს. ამ სახლში დღემდე ჩვენი უამრავი ნაცნობი ჩამოდის, მაშინაც კი, როდესაც იქ არ ვართ. ჩვენ თბილისში ვცხოვრობთ და ფშავში კვირაობით ავდივართ. ზაფხულში სულ იქ ვართ, მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში მე შეიძლება სრულიად უცხო ადამიანმა მომწეროს და შიდა, პატარა ქასტინგის გავლის შემდეგ უფლებას ვაძლევ, რომ გასაღები აიღოს, სახლში შევიდეს, ერთი ღამე დარჩეს, ბოსტანში იმუშაოს, დაისვენოს და წამოვიდეს. 

_ იაფი და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები იმდენად მომხიბვლელად ჟღერს, რომ სავარაუდოდ, მიმდევრები გამოგიჩნდებიან..

_ მიმდევრები უკვე გვყავს. მე წლებია ლექციებს ვკითხულობ როგორც ეკომეურნეობაზე, ასევე ეკომშენებლობაზე, როგორც კონცეფციაზე და ასევე ბიოლოგი და სამკურნალო მცენარეების სპეციალისტი ვარ. 

ეკომშენებლობის კონცეფცია ძალიან საინტერესო თემაა და საქართველოშიც არის, უბრალოდ, აქცენტები უფრო ნამჯის სახლებზე კეთდებოდა, თუმცა ექსპლუატაციის მაქსიმალური ვადა გავიდა და ახლა გამოჩნდება ჩვენს ჰავაში ის სახლები რამდენად საინტერესოა. მიწის ტომრებისგან ნაშენები სახლიც ნამდვლად პერსპექტიულია. უფრო მეტად, მთის რეგიონში იმიტომ, რომ საძირკველი არ აქვს, თუმცა სეისმურად მდგრადი და მყარია. რა თქმა უნდა, არსებობს ხანძარსაწინააღმდეგო პროცედურებიც, იმიტომ, რომ ტყესთან ვართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როცა ხარ ტყესთან, მინიმუმ, ხანძრსგან დაცული უნდა იყო.  

- მიწის სახლის იდეა მხოლოდ ერთსართულიანი სახლებისთვისაა?

- არის შემთხვევები, როდესაც მიწის ტომრებით ორსართულიანებს და საკმაოდ დიდ ფართობებს აშენებენ, თუმცა ადგილზე ამისთვის შესაბამისი ნიადაგი უნდა იყოს. 

_ კონკრეტულად, როგორი ნიადაგი?

_ უნდა იყოს თიხნარი, რომელიც კარგად დაიტკეპნება. სახლის აშენების პრინციპი არის ასეთი: ტომრები იდება, მერე კარგად იტკეპნება, შემდეგ არმირებისთვის ეკლესიანი მავთული იდება, შემდეგ  ტომრების მეორე ფენა მოდის და ა.შ. სახლის ასაშენებლად დაახლოებით 800 ტომარა დაგვჭირდა. 

_  როგორც ვიცი, ეკო სახლთან მიწის ნაკვეთიც გაქვთ, სადაც მოსავალს იწევთ. 

_ ჩვენ მიწის პატარა ნაკვეთი გვაქვს, რომელსაც პროტოტიპს ვეძახი იმიტომ, რომ საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა დავიწყე მდგრადი მეურნეობის კონცეფციის შექმნა. ამ თემებზე ორი წიგნიმაქვს დაწერილი. ერთ-ერთია მიწათმოქმედების დღიური „ბუნიაობიდან ნაბუნიობამდე“. ჩემს ნაკვეთში  ვაწარმოებ ეკოლოგიურად სუფთა სათესლე მასალას. საქართველოს მთაში კარტოფილის და ლობიოს გარდა, თითქმის არაფერი მოჰყავთ და მიაჩნიათ, რომ არაფერი მოდის. სინამდვილეში ყველაფერიც მოდის და ფშავში საზამთროც კი მოგვყავს. შესაბამისად, ყველანაირი, ძალიან გემრიელი მოსავალი მაქვს. ყველაფერს ეკო და ბიო მეთოდებით ვაკეთებ, მაგალითად, სამკურნალო მცენარეებით მავნებლების პრევენციას ვახდენ. 

_ როგორც ბრძანეთ, სახლის მშენებლობის სანახავად მთელი მსოფლიოდან ჩამოვიდნენ. ვინ არიან ეს ადამიანები?

_ ჩვენსავით ბუნების მოყვარული ადამიანები არიან. მათთან კარგი კომუნიკაცია გვაქვს, იმიტომ, რომ ნამდვილი „გიჟები“ ბევრნი არ ვართ. 2017 წელს ჩვენთან იყვნენ  პოლონეთიდან ბაიკერები, რომლებიც ჩამოვიდნენ და შენებაში დაგვეხმარნენ, ქართული გაერთიანებებიც იყვნენ. ასევე ჩამოვიდა ფრანგების ოჯახი, რომელიც ველოსიპედებით მოგზაურობს ბავშვთან ერთად, გვყავდნენ სტუმრები ავსტრიიდანაც, მოკლედ, ძალიან ბევრი სტუმარი გვყავდა. ყველა სტუმარი ქვაზე რაღაც სამახსოვროს გვიწერს და იმ ქვებით მერე რაღაც სამახსოვროს გავაკეთებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა