თეგებით ძიება

დღეს გურამ საღარაძის დაბადების დღეა

დღეს, 12 იანვარს გურამ საღარაძის დაბადების დღეა. 

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი გუ­რამ სა­ღა­რა­ძე 1929 წელს და­ი­ბა­და. საღარაძემ 1951 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი და მრავალი წელი იყო თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასის წევრი. საღარაძის მიერ შესრულებულ როლებს შორის მაყურებელს განსაკუთრებით დაამახსოვრდა მისი სოსო (ოტია იოსელიანის „ადამიანი იბადება ერთხელ“), თესევსი, მასხარა და იულიუს კეისარი (უილიამ შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარი“, „მეფე ლირი“ და „იულიუს კეისარი“), ჰეილი (ართურ მილერის „სეილემის პროცესი“), ტიპოტესკუ (იონ ლუკა კარაჯალეს „დაკარგული ბარათი“), დურსუნი და ჭეიშვილი (ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“ და „საბრალდებო დასკვნა“), მინდია (კონსტანტინე გამსახურდიას „ხოგაის მინდია“), შე ფუ, თავადი ყაზბეგი, ეფრეიტორი, ბერი (ბერტოლტ ბრეხტის „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ და „კავკასიური ცარცის წრე“), ტომი (ტ. უილიამსის „შუშის სამხეცე“), გიორგი ჯაფარიძე (რეზო თაბუკაშვილის „რაიკომის მდივანი“), უჩა (თამაზ ჭილაძის „როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის“) და სხვა.

თავად საღარაძე თავის სამსახიობო კარიერაში ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად მიიჩნევდა მიხეილ თუმანიშვილის სპექტაკლს „როცა ასეთი სიყვარულია“.

საღარაძე ემოციური, ფართო დიაპაზონის მსახიობი და მხატვრული კითხვის ოსტატი იყო. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

ბევრს ჰყვარებია საქართველოში, მაგრამ „მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ“ – არც ერთ სხვა ქალს არ ექნება მოსმენილი – ლექსად და ისე მძაფრად, და რაც მთავარია, იმდენჯერ, რამდენჯერაც მას – ტანია ბუხბინდერს. ეს არცაა გასაკვირი, იგი გურამ საღარაძეს უყვარდა. 

დაიწყო დიდი მძვინვარე რომანი, რომელიც 28 წელი გაგრძელდა. ეს სიყვარული ტანიას გარდაცვალების შემდეგაც გაგრძელდა – 17 წლიან მარტოობად…. როგორც მარინა საღარაძე იტყვის, თურმე არ ყოფილა დღე, რომ ტანია არ ეხსენებინოს… თავად გურამ საღარაძე კი ამბობდა რომ დრო არაა მკურნალი, დრო კი არ კურნავს, უბრალოდ ყოველდღიურობა გაჩვევს ტკივილს, თორემ ვერასოდეს განიკურნები ტკივილისგან.

მრავალი წლის განმავლობაში გურამ საღარაძე თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა მეტყველების ხელოვნებასა და კულტურას. ის მხატვრული კითხვის დიდოსტატად ითვლებოდა.

მსახიობს მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სახალხო არტისტის წოდება (1973). ის იყო საბჭოთა კავშირის სახელმწიფო (1979) და შოთა რუსთაველის სახელობის (1976) პრემიების ლაურეატი. 2006 წლის 13 ნოემბერს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა გურამ საღარაძის ვარსკვლავი. 

გარდაიცვალა 2013 წლის 17 იანვარს საკუთარ სახლში, თბილისში, 84 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა