ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საბერძნეთში ორსული ქართველი ქალი მოკლეს, ყალბია - მოკლული ალბანელია
ქართული მედიის ნაწილი ავრცელებს ყალბ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს საბერძნეთში ქართველი ორსული ქალი მოკლეს. საბერძნეთში ორსული ქალი მართლაც მოკლეს, თუმცა ის არა ქართველი, არამედ ალბანელი იყო. ქალს სახელად გეორგია ერქვა. მკვლელობის შესახებ ინფორმაცია კი ბერძნულ მედიაში 8 იანვარს გავრცელდა.
რა მოხდა სინამდვილეში და ვინ მოკლეს სალონიკში?
41 წლის ალბანელი ქალი, გეორგია მურატი საბერძნეთის ტყეში მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ბრალდებულები მისი პარტნიორი და პარტნიორის მეგობარი არიან
ბერძნული მედიის ინფორმაციით, ქალს მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ის სალონიკში, პარტნიორის სახლში ახალი წლის ღამეს, დაახლოებით 11:00 საათზე მივიდა. იმავე წყაროს მიხედვით, 41 წლის ქალს ჯერ მისი პარტნიორის 34 წლის მეგობარი დანით ემუქრებოდა, ხოლო შეყვარებულმა პირზე წეპოვანი ლენტი ააკრა.
ქალს ყელის არეში დანით მიყენებული რამდენიმე ჭრილობა აქვს.
გამოძიების ინფორმაციით, როდესაც ქალი გარდაიცვალა, მისი სხეული მანქანის საბარგულში ჩადეს და ჰალკიდიკის უკაცრიელ ტყეში მიატოვეს.
პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით, სავარაუდო დამნაშავეები სახლში დაბრუნდნენ და სცადეს სამხილების განადგურება. ასევე ცნობილია, რომ მას შემდეგ რაც ორსული ქალი მოკლეს, ეჭვმიტანილებმა მას 80 ევრო ამოაცალეს.