სტრესის სიგნალები, რას გვაფრთხილებს ჩვენი ორგანიზმი ?
ბევრი თვლის, რომ შეუძლია სტრესის მართვა, მაგრამ ეს ასე არ არის.რასაკვირველია, სტრესის კონტროლის უნარი მეტად მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული უნარია, თუმცა, როცა ადამიანი ფიზიკურად და ემოციურად დაცლილია, დროა, პაუზა აიღოს! ხშირად ღელვის, შფოთვის, ძილის ნაკლებობისა და სისტემატური სტრესის გამო ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აღმოცენდება. ამგვარად ორგანიზმი გვამცნობს, რომ დროა შევწყვიტოთ მუდმივი შფოთვა და ნერვიულობა.
სტრესის საგანგაშო ნიშნები
ქვემოთ მოცემულია ნიშნები (სიგნალები), რომლებსაც ორგანიზმი ავლენს, როდესაც სტრესის დონე ძალიან მაღალია.
მუცლის ტკივილი
კუჭ-ნაწლავის ტრაქტი უჩვეულოდ მგრძნობიარეა სტრესის ზემოქმედებისადმი. ხშირად ხდება, რომ ამა თუ იმ მნიშვნელოვანი მოვლენის წინ (გამოცდების ჩაბარება, საჯაროდ გამოსვლა) ან სერიოზული სტრესის შემდეგ ადამიანს ეწყება დიარეა/ყაბზობა.
სისტემატური სტრესის გამო ვითარდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დისფუნქცია, ვითარდება გასტრიტი, პანკრეატიტი და პეპტიკური წყლული. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტრესფაქტორების გავლენისგან დასაცავად საჭირო ხდება სუსტი სედაციური საშუალებების დალევა (შავბალახას, კატაბალახას ნაყენების), ყაბზობის საპროფილაქტიკოდ – უჯრედისით, ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი საკვების მიღება.
ჭარბი წონა
ბევრისათვის, ალბათ, ნაცნობი სურათია: თითქოს საჭმელი ჩვეულებრივია, კერძები – დაბალკალორიული, მაგრამ ზედმეტი (ჭარბი) კილოგრამები მაინც „მატერიალიზდება“, თანაც ისე, რომ გაუგებარია საიდან. ამის მიზეზი, ისევ და ისევ, სტრესია. კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ სტრესი და ჭარბი წონა ურთიერთკავშირშია: სტრესის ჰორმონები აფერხებენ ნივთიერებათა ცვლას, მეტაბოლიზმს ან ღელვა-შფოთვის ფონზე მადა ძლიერდება და ადამიანს დიდი რაოდენობით საკვების „შთანთქმა“ უნდება, ნებისმიერი საკვების, რაც ხელთ მოხვდება. ასეთ დროს შველა ფიზიკური აქტივობა და დიეტაა. ეს უკანასკნელი უნდა შეიცავდეს ახალ ხილსა და ბოსტნეულს.
თავის ტკივილი
თავის ტკივილი ხშირად ვლინდება და ძლიერდება განცდილი სტრესის შემდეგ. ჩვეულებრივ, ტკივილი ჩნდება თავის კეფის მიდამოში და გამოწვეულია კუნთების ტონუსის ცვლილებით. თუ თავის ტკივილის მიზეზი სტრესია, მაშინ სასურველია მინიმუმამდე დაიყვანოთ ფიზიკური აქტივობა. კარგი იქნება თავისა და კისრის მასაჟი.
დერმატოლოგიური პრობლემები
სტაბილური სტრესის გამო ხშირად იტანჯება კანიც: აკნე, მუწუკები, პიგმენტური ლაქები, სიმშრალე და ფურუნკულოზი. მწერების ნაკბენის ან ალერგიის მსგავსი წითელი, მქავანი წერტილები ჩნდება მაშინ, როდესაც იმუნური დაცვა სუსტდება და ამის შედეგად ჰისტამინის ჭარბად გამოყოფა (სეკრეცია) ხდება. ჰისტამინის სიჭარბის გამო ვითარდება რეაქცია გამონაყარის სახით. დასვენება-რელაქსისთვის სასარგებლოა არომააბაზანებისა და კონტრასტული შხაპის პრაქტიკა.
გულის აქტივობა
სისტემატური სტრესი გულ-სისხლძარღვთა დისფუნქციის წარმოშობის ფაქტორია. ამ მიზეზით ნეგატიური განცდებისას რეკომენდებულია ელემენტარული ფიზიკური ვარჯიში ან გასეირნება.
უეცარი თმის ცვენა
თმა მუდმივად ცვივა, მაგრამ გარკვეული (გონივრული) რაოდენობით. თუმცა, თუ სავარცხელზე ბევრ თმას ხედავთ, ეს შეიძლება მიუთითებდეს იმას, რომ თქვენი ორგანიზმი სტრესის გამო სავალალო მდგომარეობაშია. სტრესი თმის ფოლიკულებისათვის „დასვენების“ მდგომარეობას იწვევს და შესაბამისად, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შესაძლოა თმამ გაძლიერებულად ცვენა დაიწყოს.
სუსტი კონცენტრაცია
ზოგჯერ ადამიანები უეცრად გულმავიწყნი ხდებიან, ადვილად გადააქვთ ყურადღება სხვა საგანზე, ვერ ახერხებენ კონცენტრირებას კონკრეტულ ამოცანაზე. ეს ყოველივე მუშაობით გადატვირთვისა და ტვინის გადაღლის ნიშანია. ასეთ შემთხვევაში უბრალოდ აუცილებელია დასვენება და განტვირთვა.
ხშირი გაციება
ყველამ იცის, რომ იმუნური პასუხი სუსტდება სტრესის გავლენით. ადამიანები, რომლებიც ხშირად ეჯახებიან სტრესულ სიტუაციებს, 2-ჯერ უფრო მიდრეკილნი არიან სხვადასხვა სახის ინფექციისადმი. თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი გაციება საეჭვოდ გახანგრძლივდა, ეს შეიძლება სტაბილურ სტრესს უკავშირდებოდეს.
როგორ გავუმკლავდეთ სტრესს?
მდგრადი, ქრონიკული სტრესი სხვადასხვა დაავადებისა და პათოლოგიის განვითარების საფუძველია. ის არის ჰიპერტენზიის, გულის დაავადებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სახსრების პათოლოგიათა განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი. ამდენად, მნიშვნელოვანია სტრესის არიდება და მისი დაძლევა. ადამიანმა უნდა შეძლოს მისი დონის შემცირება ჯანმრთელობის დასაზოგად.
სტრესმა რომ უარყოფითად არ იმოქმედოს თქვენს ორგანიზმსა და განწყობაზე, მნიშვნელოვანია ისწავლოთ „ჩაციკვლისგან“ თავდაღწევა, ანუ მუდმივად არ იფიქროთ საზრუნავსა და უსიამოვნებებზე, მარტივად შეხედოთ ბევრ საკითხს, აპატიოთ სხვებს და იფიქროთ პოზიტიურად.