აწმყოში ყოფნის ხელოვნება
მაინდფულნესი აწმყოზე კონცენტრირების და გარემოსა და საკუთარი თავის სრულყოფილად შეგრძნების მდგომარეობაა.
ანუ ეს არის ადამიანის შინაგანი შესაძლებლობა, ცხადად აღიქვას და გააცნობიეროს ის შეგრძნებები, რომლებსაც კონკრეტულ მომენტში განიცდის. მისი საშუალებით ჩვენ ვიბრუნებთ კავშირს შინაგან და გარე სამყაროსთან.
ჩვენი ცხოვრების სტილი უმეტესად სტრესულია, სულ რაღაცებს ვგეგმავთ, მუდმივად სადღაც გვეჩქარება, ხშირად დრო არ გვაქვს, ზოგჯერ ერთდროულად რამდენიმე საქმესაც კი ვაკეთებთ და ამ ყოველდღიურ რუტინაში იმდენად ვართ ჩართულნი, რომ ყველაზე მთავარი გვავიწყდება, – აწმყო. გვავიწყდება ასევე დავაკვირდეთ საკუთარ გრძნობებს, აზრებს, ქმედებებს, შეგრძნებებს – გემოს, არომატს, მოვუსმინოთ სხეულს, ან დავტკბეთ იმ მომენტებით რაც ხდება ირგვლივ.
ეს პატარ-პატარა გამოცდილებებია, რომლებიც აწმყოს შეგრძნებას განაპირობებს. მათი გაცნობიერებით, ჩვენ უფრო მკაფიოდ აღვიქვამთ რეალობას. ეს კი გვეხმარება, შევამციროთ შფოთვა, შემოჭრილი ნეგატიური აზრები, სტრესის სიმპტომები და აწმყოში ვიცხოვროთ.
ვისთვის არის მაინდფულნესის ტექნიკა
აბსოლუტურად ყველასთვის ვისაც სურს აწმყოში ყოფნის ხელოვნებას დაეუფლოს.
მაინდფულნესის პრაქტიკის მიზანია ვიყოთ უფრო ცნობიერები, უფრო დაკავშირებულნი ცხოვრებასთან და იმასთან, რაც ხდება ჩვენს სხეულში, გონებაში და გარემოში – ახლანდელ მომენტში.
თუმცა, მაინდფულნესის ტექნიკას ადამიანები სხვადასხვა მიზეზით მიმართავენ. ზოგი სტრესულ ან დეპრესიულ პერიოდთან გასამკლავებლად მიმართავს.
ზოგს იმისთვის სჭირდება, რომ გადატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ცხოვრებისგან მეტი სიამოვნება მიიღოს.
ზოგს, უბრალოდ, უნდა, რომ თავი უკეთ იგრძნოს: გააუმჯობესოს თავისი მდგომარეობა, იზრუნოს თავის კეთილდღეობასა და წარმატებაზე.
სამეცნიერო კვლევებით დამტკიცებულია, რომ მაინდფულნეს პრაქტიკის შედეგად მცირდება სტრესის დონე, უმჯობისდება მეხსიერება და ფოკუსირების უნარი.
ხანდახან არის რთული სიტუაცია ცხოვრებაში და ჩვენ ხშირად ვაძლევთ ჩვენს ფიქრებს იმის საშუალებას რომ გამოკვებონ ჩვენი შფოთვა. მაინდფულნესი ხსნის სივრცეს და გვაძლევს იმის გააზრების უნარს, რომ რეალური მდგომარეობა, მართალია რთულია, მაგრამ არც ისეთი გაუმკლავებელი, როგორადაც წარმოვიდგინეთ.
თუმცა ეს პრაქტიკა არ არის მხოლოდ ნეგატიურ ემოციებთან გამკლავების საშუალება: ის, ასევე, ბედნიერი და სასიამოვნო მომენტების უფრო ცხადად და სიღრმისეულად აღქმაშიც გვეხმარება .
მაინდფულნესს შეუძლია, გავლენა ჰქონდეს შენს კეთილდღეობაზე და შეცვალოს შენი ტვინის აგებულებაც კი — მაგალითად, ტვინის ის რეგიონები, რომლებიც ემოციების რეგულაციაზე, მეხსიერებაზე, შემეცნებასა და პერსპექტივის ჩამოყალიბებაზეა პასუხისმგებელი. შენ შეგიძლია, გაწრთვნა საკუთარი ტვინი და გახადო ის მეტად დაკვირვებული და ფხიზელი.