თეგებით ძიება

საგანგებო მდგომარეობაში ვართ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, ყველგან - ნინო ჩხობაძე

საქართველოში მომხდარი სტიქიური მოვლენები გლობალური კლიმატის ცვლილებასთანაა დაკავშირებული,_ აღნიშნული განცხადება გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

როგორც მან ბრიფინგზე საუბრისას აღნიშნა, აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით ჯერ საქართველოში სათანადო მზაობა არ არის.

“7 თვე გავიდა შოვის ტრაგედიიდან, რამდენიმე წელი ვერეს ხეობის ტრაგედიიდან, ეს ყველაფერი მსხვერპლით დასრულდა, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა. გარკვეული ზოგადი ხედვები იყო, წლების განმავლობაში შესაბამისი სამსახურები, სპეციალისტები აფიქსირებდნენ, რომ ასეთი პროცესები გახშირდებოდა. ვიცოდით, რომ ეს მოსალოდნელი იყო. შოვის ტრაგედიის შემდეგ განსაკუთრებით დადგა საკითხი – რამდენად მზად არის სახელმწიფო რეაგირებასთან მიმართებით. 7 თვე გავიდა, როგორც აღმოჩნდა, ჯერჯერობით, მზაობა მაინც არ გვაქვს ისეთი, როგორიც უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, რომ პირველადი რეაგირების სისტემები დამონტაჟებული იყოს. შემთხვევის შემდეგ ვიწყებთ დამონტაჟებას, მაგრამ ეს ერთი ნაწილია ლ, რასაც ზოგადად ინსტრუმენტული გაფრთხილება ჰქვია. მუშაობენ, რომ რისკის ზონები გამოიყოს. ზოგადად, მონაცემებით ჩანს, რომ აჭარა-თრიალეთის ქედი მთლიანობაში პრობლემურია, მცირე კავკასიონზეც საკმაოდ სერიოზული პროცესები დაიწყო, აღარაფერს ვამბობ დიდ კავკასიონზე, რადგან იქ დნობის ფაქტორი ძალიან მაღალია, გლაციოლოგიური მეწყერები კიდევ მოსალოდნელია, საკმაოდ სერიოზულად.

როცა შოვის ტრაგედია მოხდა, ჩვენი წინადადებები იყო, რომ, პირველ ყოვლისა, ის ზონები გამოგვეყო, სადაც დასახლებული პუნქტებია და ყველაზე დიდი საფრთხეა. ასევე ის, რომ ტურისტულ- რეკრეაციულ ზონებში შესაბამისი გაფრთხილების სისტემები გაკეთდეს. წინასწარ პროგნოზს ვერავინ ამბობს, რომ მაინც და მაინც ამ წერტილში, ამ სოფელში მოხდება, ამის პროგნოზირება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. უბრალოდ ვიცით, რომ რისკის ზონაა და შეიძლება, მოხდეს. მეორე ფაქტორია- ვინ რას აკეთებს, რომელ უწყებას რა პასუხისმგებლობები აკისრია საქართველოს კანონმდებლობით. საკმაოდ სერიოზულად ვეძებ და კანონმდებლობაში პასუხისმგებელი უწყება ვერ ვიპოვე. მობილიზებაა საჭირო, ბევრი უწყების ჩართულობაა აუცილებელი. როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებაში ზოგადი მზაობა არის, მაგრამ სისტემაზეა ლაპარაკი, ეს ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ გვაქვს, კონკრეტულად რა უნდა გააკეთონ, ვინ ვის ატყობინებს, როგორი სისტემით უნდა ვიმუშაოთ. მივიღეთ შეტყობინება? ვიცით, რომ ზოგადად საფრთხეა? ადგილზე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მონიტორინგის ჯგუფი უნდა არსებობდეს, რომელსაც შეუძლია, დაინახოს, რომ ნამდვილად რაღაც პროცესი დაიწყო. მოსახლეობაც მობილიზებული უნდა იყოს. დღეს რომ მიადგეთ, რომელიმე სოფელს უთხრათ, ახლა უნდა გაგასახლოთო, თავის საკარმიდამო ადგილს არცერთი დატოვებს. ადეკვატური კომპენსაციები უნდა იყოს. შესაბამისი მიწები უნდა მოვძებნოთ. საფრთხისშემცველი ტერიტორიებიდან ხალხის გამოყვანა უნდა მოვახერხოთ. ერთადერთი პრევენცია, რომელიც არსებობს, რათა მსხვერპლი არ იყოს, არის შემდეგი – ადამიანები მოვაცილოთ იმ ტერიტორიას, სადაც შეიძლება, დიდი საფრთხე შეიქმნას.

ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია უნდა იყოს გაკეთებული. მოსახლემ არ იცის ღვარცოფს, მეწყერს შორის განსხვავება, ყველა სპეციალისტი ვერ იქნება. ქვეცნობიერში უნდა ჩაჯდეს, რა უნდა გააკეთო ამ დროს.

წყალდიდობის დროს სხვა ქმედებაა საჭირო, ღვარცოფის დროს სხვა.

როცა ვხედავთ, რომ არამდგრადი ფერდობია, არ შეძლება მშენებლობა. სიტყვა “მინდა” ლექსიკონიდან უნდა ამოვშალოთ. არ შეიძლება, ე.ი. არ შეიძლება, რადგან ის უკვე საფრთხისმომტანია.

კიდევ ერთი საკითხია ტყის საფარის დაცვა. ჩვენთან 36 % -მდე დეგრადირებული ტყეა. ფაქტობრივად, ის აღარ ასრულებს ტყის იმ ფუნქციას, რასაც წყალმარეგულირებელი ფუნქცია ჰქვია. ბევრი ასეთი ტერიტორია ზუსტად დასახლებულ პუნქტებთანაა, სადაც შემდეგ შეიძლება, ან მეწყერი, ან ღვარცოფული მოვლენა განვითარდეს. კიდევ ერთი: ძალიან მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ, რომ კალაპოტებში მშენებლობები არ შეიძლება”, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ჩხობაძემ აღნიშნა, რომ ზამთრისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა და  ტემპერატურის უცებ დაცემა, შემდეგ აწევა მიწის გამოფიტვას, ეროზიებს იწვევს და დამატებით რისკის კერებს აჩენს.

“ზოგადად, ეს მოვლენები გაგრძელდება. ვიცით, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე არაორდინარული მეტეოროლოგიური პირობები შეიძლება, შეიქმნას. ერთ დღეს შეიძლება, მოვიდეს ნალექის ისეთი რაოდენობა, რომელიც მთელი სეზონის განმავლობაში უნდა მოსულიყო. უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურაა ზამთრისთვის. წინა კვირას დასავლეთ საქართველოში +23 გრადუსამდე დაფიქსირდა. ეს ცვალებადობა, ტემპერატურის უცებ დაცემა, მერე აწევა მიწის გამოფიტვას, ეროზიებს იწვევს და დამატებით კერებს აჩენს. ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ, არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველგან. ქმედებები, რომლებიც უნდა დაიგეგმოს, არა ერთ უწყებაზე უნდა იყოს მიმაგრებული, არამედ ყველა უწყება კოორდინირებულად უნდა იყოს ჩართული”, – განაცხადა ჩხობაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა