თეგებით ძიება

რესპუბლიკურის თანამშრომელთა ნაწილი შეხვედრაზე უარს ამბობს, 350-მდე პირმა საკომპენსაციო პაკეტი აირჩია - ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების პროტესტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი, სამწუხაროდ, უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციებსა, თუ შეხვედრაზე.

სამინისტროს აღნიშნავს, რომ მათ წარმომადგენლებსა კლინიკის თანამშრომლებს შორის, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. ექიმების ნაწილი დემონტაჟთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს.  მათ მთავრობის გადაწყვეტილება და რეორგანიზაციის პროცესი საქალაქო სასამართლოშიც გაასაჩივრეს.

"რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციები გრძელდება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის, შეხვედრები, ყოველდღიურ რეჟიმში იმართება. თუმცა, თანამშრომელთა გარკვეული ჯგუფი, სამწუხაროდ, უარს აცხადებს ნებისმიერი სახის კონსულტაციებსა, თუ შეხვედრაზე.

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა გრძელდება. კლინიკის 350-მდე სამედიცინო პერსონალმა და ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა.

სამედიცინო პერსონალის ნაწილი მუშაობას იმ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალს ალტერნატიულ დასაქმებას სთავაზობს. უწყებამ ამ მიმართულებით 10-ზე მეტ სამედიცინო დაწესებულებასთან გამართა მოლაპარაკებები.

მნიშვნელოვანია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები იქნება სრულად დაცული. რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

22 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟის და მის ბაზაზე ახალი კლინიკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მედპერსონალის ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალი საავადმყოფოს აშენების საკითხს.

ჯანდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ შენობა ავარიულია და საჭიროა მისი დანგრევა. უწყების  ინფორმაციითვე, კლინიკის 250-მდე თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და ხელიც მოაწერა, თუმცა, ექიმების თქმით, ისინი ვინც შეთავაზებას დათანხმდა, უმეტესად ტექნიკური და ადმინისტრაციული პერსონალია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა