„საქსტატი“ - 2023 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა გაიზარდა
„2023 წლის IV კვარტალში მისი მოცულობა 21.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 7.0 პროცენტით მეტია. 2023 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის 64.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15.0 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 20.7 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 42.1 პროცენტი, საშუალოზე - 23.9 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 34.0 პროცენტი.
2023 წლის IV კვარტალში საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 30.5 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.4 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 18.9 მლრდ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.8 პროცენტით მეტი) შეადგინა. 2023 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 782.3 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.6 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.6 პროცენტი ქალია, ხოლო 57.4 პროცენტი - კაცი.
2023 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ შესაბამისად, 27.9, 12.0 და 9.4 პროცენტიანი წილებით. სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (8.8 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი), აგრეთვე ინფორმაცია და კომუნიკაციის (6.0 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების (5.1 პროცენტი) დარგის საწარმოებზეც“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.