თეგებით ძიება

რა ვალდებულებები აქვს დამსაქმებელს, თუ სამუშაოები მაღალი ტემპერატურის პირობებში ხორციელდება

მაღალი ტემპერატურის პირობებში ღია ცის ქვეშ მუშაობა გადახურების, შრომისუნარიანობის დაქვეითებისა და სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევების რისკს ზრდის. აღნიშნულთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის სამსახური დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს მაღალი ტემპერატურის პირობებში უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდებს.

უწყების ინფორმაციით, უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა დამსაქმებლისა და დასაქმებულის ერთობლივი პასუხისმგებლობაა.

შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, მაღალი ტემპერატურის პირობებში დამსაქმებელი ვალდებულია:

  • შეაფასოს მაღალი ტემპერატურით გამოწვეული პროფესიული რისკები;
  • შეძლებისდაგვარად დაგეგმოს სამუშაოები დღის შედარებით გრილ საათებში;
  • უზრუნველყოს სასმელი წყლის მუდმივი ხელმისაწვდომობა;
  • უზრუნველყოს ჩრდილში ან გრილ ადგილას დასვენების შესაძლებლობა;
  • განსაზღვროს სამუშაოსა და დასვენების შესაბამისი რეჟიმი სამუშაოს ინტენსივობისა და გარემო პირობების გათვალისწინებით;
  • უზრუნველყოს დასაქმებულთა ინფორმირება სიცხით გამოწვეული საფრთხეებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს სიმაღლეზე, მექანიზმებთან და სხვა მაღალი რისკის სამუშაოების უსაფრთხო ორგანიზებას.

ამასთან, დასაქმებულმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

  • რეგულარულად მიიღოს სასმელი წყალი;
  • გამოიყენოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები და მზისგან დამცავი თავსაბურავი;
  • დაიცვას დადგენილი სამუშაოსა და დასვენების რეჟიმი;
  • დაუყოვნებლივ აცნობოს ხელმძღვანელს, თუ იგრძნობს გადახურების, ძლიერი დაღლილობის, თავბრუსხვევის ან კონცენტრაციის დაქვეითების ნიშნებს;
  • არ განაგრძოს მაღალი რისკის სამუშაო, თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უსაფრთხო მუშაობის შესაძლებლობას ზღუდავს.

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის პირობებში შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებას სამსახური აქტიურად ამოწმებს.

ინსპექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროფესიული რისკების შეფასებას, პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას, სამუშაო პროცესის სწორ ორგანიზებასა და დასაქმებულებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა