ჰაერის დაბინძურების მთავარი წყარო არა მყარი ნაწილაკები, არამედ ტრანსპორტია - ნინო ჩხობაძე
დღეს უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ დედამიწაზე სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაბინძურებული ჰაერია, რომლის გამო, მსოფლიოში ყოველწლიურად, შვიდ მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. ინსულტით, ფილტვის კიბოსა და გულის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობის მესამედი სწორედ ჰაერის დაბინძურებით არის განპირობებული. მხოლოდ 2016 წელს ჰაერის დაბინძურებამ საქართველოში 6845 სიკვდილის შემთხვევა განაპირობა და მას შემდეგ ვითარება მხოლოდ უარესდება..
გარემოს ეროვნული სააგენტოს ბოლო ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) მატება ფიქსირდება, რაც ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული. ზემოთ ხსენებული მყარი ნაწილაკების შესუნთქვა, მით უფრო, როდესაც მას ავტომობილებისა და საწარმოების გამონაბოლქვი ემატება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, ეკოლოგიური მდგომარეობის თვალსაზრისით, არის თუ არა თბილისში ცხოვრება უსაფრთხო? ამ კითხვით TIA.GE-მ გარემოს დაცვის ექსპერტს ნინო ჩხობაძეს მიმართა:
- ამჯერად გვაქვს ტრანსსასაზღვრო დაბინძურება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მყარი ნაწილაკების შემოსვლამ გამოიწვია. ალბათ იცით, რომ თბილისი არ ნიავდება. ჩვენ გვაქვს ქალაქის განიავების პრობლემა, იმიტომ, რომ მაღალსართულიან შენობებს ისე ვაშენებთ, რომ ინსოლაციებს და სხვადასხვა რაღაცეებს არ ვითვალისწინებთ. აქდან გამომდინარე, არის ეს პრობლემები ძირითადად, თუმცა მთავარი დამაბინძურებელი წყარო არა ნაწილაკები, არამედ ტრანსპორტია. სწორედ ტრანსპორტიდან გამომდინარე დაბინძურება გვაქვს ძალიან ბევრ შემთხვევაში.
- ცნობილია, რომ დაბინძურებული გარემო ძალიან დიდ ზემოქმედებას ახდენს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაზე. ამას ხომ არ უკავშირდება სიმსივნური დაავადებების მატება?
- ვერ ვიტყვი, იმიტომ, რომ ამას ჭირდება კვლევა. თუ კვლევა არ არის გაკეთებული, ვერაფერს გიპასუხებთ.
- წლების წინ ვარაუდობდით, რომ შუშებიანი შენობების მომრავლებისა და იმის გამო, რომ ქალაქი აღარ ნიავდება, თბილისს სითბური ტალღები ემუქრება. რეკომენდაციებით თუ მიმართეთ მთავრობას და მოხდა თუ არა მათი გათვალისწინება?
- სახელმწიფო უნდა იყოს ამით დაინტერესებული. ახლა მიმდინარეობს მუშაობა ბევრ საკითხზე ამ მიმართულებით და ვნახოთ.
- ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია თუ შეიძლება ჩაითვალოს მომატებული რისკის ზონად?
- ამასაც კვლევა ჭირდება. მოსახლეობას სუნი, თუმცა რამდენად ახდენს ეს გავლენას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სანახავია. ტერიტორია არ შეიძლება მომატებული რისკის ზონად ჩაითვალოს, სანამ კვლევა არ ჩატარდება.
სანამ შესაბამისი უწყებები მიხვდებიან, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კვლევების ჩატარება აუცილებელია, ჰაერში მყარი ნაწილაკებისგან თავის დაცვის რამდენიმე ხერხს გაგიზიარებთ:
- ატარეთ დამცავი პირბადე.
- მოერიდეთ გარეთ გასვლას, როცა ჰაერის დაბინძურების დონე მაღალია.
- არ დაწვათ შეშა ან ნარჩენები, რადგან ეს ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.
- შიდა სივრცის დასაცავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰაერის გამწმენდი, რომელიც შეამცირებს ჰაერის დაბინძურებას თქვენს სახლებში.
- თუ ჰაერის დაბინძურება რამდენიმე დღეს გრძელდება, დროებით ადგილის შეცვლას გირჩევთ.