10 წლით პატიმრობა მიესაჯა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელმაც 3 500 000-მდე ლარის ეკვივალენტი თანხა შემოიტანა და გაათეთრა
პროკურატურის ცნობით, სასამართლომ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო და მას 1 100 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონება სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა.
როგორც უწყება წერს, მსჯავრდებულმა სხვა პირებთან ერთად, შექმნა საერთაშორისო საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული პლატფორმა "FORSAGE", რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პირამიდის პრინციპით მოქმედებდა და ნაცვლად რეალური საინვესტიციო პროდუქტის შეთავაზებისა, დაზარალებულებს ყალბი დაპირებების გზით, ფულადი ინვესტიციების სანაცვლოდ სხვადასხვა ოდენობით სარგებელს ჰპირდებოდნენ.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, შექმნა საერთაშორისო საინვესტიციო თაღლითობაზე დაფუძნებული პლატფორმა „FORSAGE“, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ე.წ. პირამიდის პრინციპით მოქმედებდა და ნაცვლად რეალური საინვესტიციო პროდუქტის შეთავაზებისა, დაზარალებულებს ყალბი დაპირებების გზით, ფულადი ინვესტიციების სანაცვლოდ სხვადასხვა ოდენობით სარგებელს ჰპირდებოდნენ.
2020 – 2022 წლებში, მასშტაბური თაღლითური სქემის მეშვეობით, რომელსაც სტრუქტურულად მოქმედი მაღალპროფესიონალი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი მართავდა, დამფუძნებლებმა პლატფორმაზე დაახლოებით 340 000 000 აშშ დოლარის კაპიტალიზაცია მოახდინეს, რის შემდგომაც თაღლითურ პირამიდულ სქემაში მაღალ პოზიციებზე მყოფი პირები თანხის მნიშვნელოვან ნაწილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და პლატფორმა გააუქმეს.
მოცემულ ფაქტზე, დანაშაულში მონაწილე რამდენიმე პირს ბრალდება ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ კომპიუტერული თაღლითობისთვის წარედგინათ.
თანხების მოტყუებით დაუფლების შემდგომ, დანაშაულის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი თანხების წარმომავლობის დაფარვისა და მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ეტაპობრივად საქართველოში შემოიტანა დაახლოებით 3 500 000 ლარის ექვივალენტი თანხა და დანაწევრებით განათავსა პირად და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე, რითაც მათთვის კანონიერი სახის მიცემა მოახდინა.
შემდგომში, მსჯავრდებულმა განახორციელა ხსენებული თანხის ნაწილის ლეგალურ ეკონომიკურ ბრუნვაში გაშვება, მათ შორის შეიძინა ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები.
სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დამნაშავედ ცნო უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით მსჯავრდებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა უკანონო და დაუსაბუთებელი წარმომავლობის თანხებით შეძენილი დაახლოებით 1 100 000 აშშ დოლარად ღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები: კერძოდ, თბილისში, ვაკის რაიონში მდებარე ორი ძვირადღირებული საცხოვრებელი ბინა, ხუთი ავტოფარეხი და „LEXUS“-ის მარკის ავტომანქანა," - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.