თეგებით ძიება
22. 03. 2024 პერსონა

არც ფულს ვითხოვ და არც ჯილდოს, კონცერტის ჩატარება და ჩემს მსმენელთან შეხვედრა მომენატრა - მიხეილ ზაქარიაშვილი

ჩვენი რუბრიკის  სტუმარი ქალაქურის სიმღერის საუკეთესო კომპოზიტორად, საუკეთესო ჰიტების შემქმნელად და ავტორ-შემსრულებლად აღიარებული ადამიანია. წლებია, რაც მისი სიყვარულით გამთბარი სიმღერები: „მზეო თიბათვისა”, „დავლევ აბა რას ვიზამ”, „ნიკალა პაპა”, „იასამანი”, „იმ ღამეს თოვდა“, მიყვარხარ-ო“ და სხვები თბილისელების ცხოვრების ნაწილად იქცა. სიმღერამ „მზეო თიბათვისა“ საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა (სტამბულის საერთაშორისო სიმღერის ფესტივალის და ესპანეთის ქალაქ ლორეტ დე მარის ფესტივალის გრან პრი), თუმცა მისთვის მთავარი ჯილდო საკუთარი ხალხის სიყვარულია, რომელსაც ყოველ დღე და ყოველ ნაბიჯზე ხვდება. როდის დაიწყო მუსიკის წერა, რა ენატრება ყველაზე მეტად და რაზე ოცნებობს? ამაზე TIA.GE-ს კომპოზიტორი, რეჟისორი, შემსრულებელი და მუსიკალური პროდიუსერი მიხეილ ზაქარიაშვილი ესაუბრა:

- სიმღერით ბავშვობიდან ვმღეროდი - ბანაკებში, შეკრებებზე, ზეიმებზე, მაგრამ მუსიკის წერა მე-7 კლასიდან დავიწყე. ავად ვიყავი, სახლიდან ვერ გავდიოდი და სევდიანი სიმღერა - „იმ ღამეს თოვდა“ დავწერე. დედა მუსიკოსი მყავს და ალბათ რაღაც მონაცემები შემატყო, წამახალისა და მუსიკის წერა დავიწყე. სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურში, დრამის ფაკულტეტზე, მუსიკალური თეატრის მსახიობის სპეციალობაზე ჩავაბარე. ამას მოჰყვა მუსიკალური თეატრის რეჟისორის ფაკულტეტი (გიგა ლორთქიფანიძის ჯგუფი) რომელიც 1999 წელს დავასრულე.

- მუსიკა სად იყო ამ დროს?

- სწორედ ამ პერიოდში მქონდა სოლო კონცერტები. პირველი სოლო კონცერტი 1989 წელს, მარჯანიშვილი თეატრში მქონდა, მერე 1994 წელს - ფილარმონიაში. მანამდე, „ორერას“ იუბილეზე „დავლევ, აბა რას ვიზამ“ ვიმღერე და აქედან წავიდა და წავიდა. 90-იან წლებში არ დარჩენილა კონცერტი, რომ არ გამოვსულიყავი.

- იმ დროს „დავლევ, აბა რას ვიზამ“ თქვენს სავიზიტო ბარათად იქცა.

- ბევრჯერ მომისმენია მანქანებში, ოჯახებში უსმენდნენ, ღიღინებდნენ. ასე ხდებოდა სიმღერის პოპულარიზაცია. ერთი მეორეს მოასმენინებდა, მეორე მესამეს და ა.შ. ახლა ძალიან პოპულარული გახდა სიმღერა „მე არასდროს შევიცვლები“, რომელსაც უკვე მილიონნახევარი ნახვა აქვს. 

- სიმღერის შესაქმნელად განსაკუთრებული გარემო ან განწყობა გჭირდებათ თუ სურვილი თავისთავად მოდის?

- მუზას რასაც ეძახიან, ის მე ადამიანებთან ურთიერთობისას მომდის. გროვდება, გროვდება და ერთხელაც დაჯდები და დაუკრავ - მუზაც ეს არის. სულმნათი რეზო ლაღიძე ერთ დოკუმენტურ ფილმში ამბობს, მე არასოდეს ვწერ ნოტებით, გლეხი რომ დამელაპარაკება და ინტონაციას დავიჭერ, იქიდან მოდის ეს მელოდიაო და მეც ასე ვარ. თუმცა ისე არ გამიგოთ, რომ თავს ვადარებ, ღმერთმა დამიფაროს. ის გენიოსი იყო, ვისი სურათიც დღემდე გულის ჯიბით დამაქვს. მისი და გოგი ცაბაძის. როცა მეკითხებიან სიმღერებს რა გაწერინებსო, ჩემი პასუხი ყოველთვის ერთია: სიმღერებს მაწერინებთ თქვენ, ჩემდამი დამოკიდებულებით, სიყვარულით და სიტუაციებით, რომლებსაც ქმნით. ასე, რომ სიმღერებს ნოტებში ჩაკირკიტებით არ ვწერ, მიუხედავად იმასა, რომ ესეც შემიძლია.

ჩემი სიმღერები თბილისის სიყვარულზე და ზოგადად, სიყვარულზეა და ბევრ დადებით ემოციას იწვევს. მგონია, რომ ამ სიმღერებზე კარგი ბავშვები გაიზრდებიან. მე ასე მჯერა.

- ქალაქური სიმღერების საუკეთესო ავტორ-შემსრულებლის აზრით, თბილისი შეიცვალა?

- შეიცვალა იმიტომ, რომ დროს თავისი მოაქვს. ქალაქი შენდება და მელოდია და სტილიც იცვლება, მაგრამ ამასობაში რაღაც კარგიც დავკარგეთ. იმ, ძველ თბილისში ერთმანეთს ვიცნობდით, ურთიერთობა გვქონდა და ქალს პატივს ვცემდით. ქალი რომ ამოივლიდა, როგორი ჩხუბიც არ უნდა ყოფილიყო, ჩერდებოდა. მენატრება ის თბილისი, სადაც მეზობლები ერთმანეთს ჭირში და ლხინში გვერდით ვედექით. ქალაქს ბევრი კარგი  თვისება ჰქონდა, რომელიც სამწუხაროდ, დაიკარგა და ყველაფერი პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე გადაერთო. ახლა კარის მეზობლები ერთმანეთს არ იცნობენ, სურვილიც კი აღარ აქვთ ადამიანებს, რომ ერთმანეთს ეკონტაქტონ. განსაკუთრებით, ბავშვებს, რომლებიც ტელეფონების იქით ვერაფერს ხედავენ. ეს არის ძალიან სამწუხარო.

- თქვენი სიმღერები უყვარდათ და უყვართ, თითქმის არ დარჩენილა შემსრულებელი, რომელსაც თქვენი რომელიმე სიმღერა არ შეუსრულებია და მაინც, ეკრანზე და საკონცერტო დარბაზებში იშვიათად გხედავთ. რატომ? 

- ეს მეც მაინტერესებს, რატომ? კონცერტის ჩატარება და ჩემს მსმენელთან შეხვედრა მომენატრა. ამ ბოლო დროს რამდენიმე შოუში გამოჩენის საშუალება მომეცა და კომენტარებში წავიკითხე, რატომ არ აჩენთ ამ კაცს, გადაცემებში რატომ არ მოგყავთო. არც ფულს ვითხოვ და არც ჯილდოს, იმ ხალხთან შეხვედრა მინდა, რომლის სიყვარულს ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ. რა გახდა, რომ გამოხვიდე ადამიანი და შენს მსმენელს პატივი სცე..  სიმღერას დღეში 10 000-მდე ნახვა რომ აქვს და მთლიანობაში მილიონნახევარი ნახვა დააგროვა, ესე იგი რაღაცა ღირებულია ხომ? ის კაცი არ ვარ, ვინმესთან მივიდე და გამოჩენა ვთხოვო. თვითონ უნდა უნდოდეთ.

- ქალაქური სიმღერების ავტორს და შემსრულებელს საინტერესო ქალაქური ისტორიებიც გექნებათ, იქნებ რომელიმე გაიხსენოთ? 

- ეს ამბავი რამდენჯერმე მოვყევი და კიდევ გიამბობთ. ახლობელთან ერთად, ნაბახუსევზე გამოსასვლელად ბარში შევედი, რომ ბავშვი მოვიდა და ფული გვთხოვა - ძია, 15 თეთრი მომეცი და მაგარ სიმღერას გიმღერებო. მივეცით და ამ ბავშვმა „დავლევ, აბა რას ვიზამო“ შემოსძახა. ამ დროს ჩემმა თანმხლებმა აღმოაჩინა, რომ ლუდის საყიდლად 5 თეთრი აკლდებოდა და ამ ბავშვს უთხრა - 5 თეთრი უკან მოგვეცი და მაგ სიმღერას ავტორი ორიგინალში შეგისრულებსო. სიტყვას ხომ არ გავტეხდი? მართლაც ვუმღერე იმ ბავშვს. 

მეორე შეთხვევაც მახსენდება, როცა მეგობრებთან ერთად კარგად შეზარხოშებულმა ტაქსი გავაჩერე. არ ვიცი რა არ მომეწონა, მაგრამ სანამ მძღოლის გვერდით დავჯდებოდი, საბურავზე ფეხი მივურტყი. მძღოლი მოსული, დაკუნთული კაცი იყო და მეგობრებმა მითხრეს, ღირსი არა ხარ, გცემოსო? მთვრალი კაცის ამბავი ხომ იცი, რომ შევხედე, ძალიან დიდი მომეჩვენა, მაგრამ ხუმრობით ვუთხარი, ამან რა უნდა მცემოს, გადმოდი ცემით გაგხეთქავ თქო. მერე ჩემმა მეგობრებმა უთხრეს, ეს „დავლევ, აბა რას ვიზამ“ ავტორია და არ გეწყინოს, გეხუმრებაო. გააჩერა ამ კაცმა მანქანა და ჩემს მეგობრებს მიუბრუნდა - მერე დალევა ვერ ასწავლეთო? ჯერ დალევა ესწავლა და „დავლევ“ მერე დაეწერაო. კარგი კაცი იყო და მაგარი იუმორის გრძნობაც აღმოაჩნდა.

- ორიოდე სიტყვით, იქნებ ოჯახზეც გვიამბოთ?

- მე ძალიან ბედნიერი კაცი ვარ იმიტომ, რომ კარგი შვილები მყავს. პირველი ცოლისგან მყავს ნიკუშა, რომელიც მსახიობია და გუშინწინ პრემიერა ჰქონდა. უმცროსი შვილი, ოთო აბიტურიენტია და არქიტექტურულზე აბარებს. ბედნიერი ვარ იმით, რომ წესიერი შვილები მყავს.

- დამწყებ მსახიობებს, მუსიკოსებს და ზოგადად, ხელოვან ადამიანებს რას ურჩევთ?

- იყავით ის, ვინც სინამდვილეში ხართ. ზოგი მერაბ სეფაშვილს ბაძავს, ზოგი სხვას, ეს მიბაძვები საჭირო არაა. 90-იანებში, როცა სცენაზე გამოვედი, რეპის ბუმი იყო და ქალაქურ სიმღერებს არავინ უსმენდა. „დავლევ, აბა რას ვიზამ“ რომ ვიმღერე, მერე ყველა ქალაქურების წერაზე გადავიდა. მე მუსიკაში ჩემი სტილი  მაქვს, ამიტომ ყველა ახალგაზრდას ვურჩევ თავისი სტილი ჰქონდეს. 

- საუბრის ბოლოს, თქვენს სამომავლო გეგმებზე გვიამბეთ. 

- ამჟამად ერთადერთი საფიქრალი ჩემი დაარსებული ქართული ვოდევილის თეატრის აღდგენაა. ვოდევილის თეატრი მუსიკას, ქორეოგრაფიას, იუმორს და ყველაფერს მოიცავს. პირველმა სპეკტაკლმა ანშლაგით ჩაიარა და დიდი მოწონება დაიმსახურა, მაგრამ მერე პანდემია დაემთხვა და გავჩერდით. თეატრზე ფიქრი არასოდეს მიმიტოვებია და ახლა ადგილს ვეძებ, სადაც რეპეტიციებს ჩავატარებთ და იმედია, ვიპოვი.

- წარმატებას გისურვებთ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა