ვის ჰქონდა ყველაზე მაღალი ხელფასი სსრკ-ში?
სსრკ-ში ხელფასები განსხვავდებოდა პროფესიებისა და სამუშაო სფეროების მიხედვით. 1980 წელს საბჭოთა საქართველოში ქარხანა-ფაბრიკების მუშების საშუალო ხელფასი თვეში 145 მანეთს შეადგენდა, ხოლო კოლმეურნეობაში დასაქმებულების 110 მანეთს. 1985 წელს საშუალო ხელფასი საქართველოში 165 მანეთამდე გაიზარდა, ხოლო 1989 წელს 200 მანეთამდე. თუმცა გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობაც და მოიკლო კეთილდღეობის დონემ. საბჭოთა საქართველოს საშუალო ხელფასი რუსეთის სსრ-ს საშუალოს 14%-თ ჩამორჩებოდა. სფეროების მიხედვით 1980-იან წლებში ხელფასები ასე გამოიყურებოდა:
- მრეწველობის სექტორში დასაქმებული მუშების, საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისა და თანამშრომერლთა ხელფასები 1980-იან წლებში 150-დან 200 მანეთამდე მერყეობდა. ხელფასი დამოკიდებული იყო სტაჟსა და სტატუსზეც. არსებობდა მე-13 ხელფასიც. დაწინაურებული კადრები ახერხებდნენ თვეში 250 მანეთამდე გამოემუშავებინათ.
- კოლმეურნეობებსა და სახელმწიფო მეურნეობებში დასაქმებულები 110-160 მანეთს იღებდნენ.
- ტრანსპორტირებისა და მშენებლობის სექტორში ხელფასები 200 მანეთის ფარგლებში იყო.
- ვაჭრობისა და კვების სფეროში დასაქმებულები 120-130 მანეთს იღებდნენ.
- განათლების სექტორში საშუალო ხელფასი შედარებით დაბალი იყო, პედაგოგები 120-140 მანეთს იღებდნენ.
- ჯანდაცვისა და სამედიცინო სფეროშც შედარებით დაბალი ანაზღაურება იყო. ექიმების ხელფასი 150 მანეთის გარშემო იყო.
- მეცნიერების მიმართულებით ხელფასები საკმაოდ მაღალი იყო. სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში ყველაზე დაბალ - ლაბორანტის პოზიციაზე ხელფასი თვეში 130 მანეთიდან იწყებოდა და წამყვანი მეცნიერ-მუშაკების შემთხვევაში, შესაძლოა, 250-300 მანეთსაც მიეღწია.