TikTok-ის მფლობელმა აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში საჩივარი შეიტანა - ByteDance ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონის დაბლოკვას მოითხოვს
TikTok-ის მფლობელმა კომპანია ByteDance-მა აშშ-ის ფედერალურ სასამართლოში საჩივარი შეიტანა. საჩივარი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონის დაბლოკვას მოითხოვს, რომელიც ByteDance-ს სოცმედიაპლატფორმის გასხვისებას ავალდებულებს.
TikTok-მა და ByteDance-მა ერთობლივი სარჩელი აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სააპელაციო სასამართლოში შეიტანეს. სარჩელი ამტკიცებს, რომ კანონი აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას, სიტყვის თავისუფლების დაცვის ნაწილს არღვევს. კომპანიები აცხადებენ, რომ პლატფორმის გასხვისება „შეუძლებელია“. მათი მტკიცებით, TikTok-ის გაყიდვა ვერ მოხერხდება ვერც კომერციულად, ვერც ტექნოლოგიურად და ვერც სამართლებრივად.
ცნობისთვის, 24 აპრილს პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა კონგრესისა და სენატის მიერ ორპარტიულად მხარდაჭერილ კანონს, რომელიც TikTok-ის მფლობელ კომპანიას აპლიკაციის გაყიდვას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აშშ-ში აიკრძალება. აშშ-ში TikTok-ს 170 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და პლატფორმისთვის ის უმნიშვნელოვანესი ბაზარია. ბაიდენის მიერ ხელმოწერილი კანონის თანახმად, TikTok-ის გასაყიდად დრო ByteDance-ს 2025 წლის 19 იანვრამდე აქვს.