„კარგი იქნებოდა, ამ წერილში ერთი წინადადებით მოგეწოდებინა, რომ ამას ნუ სჩადიან, რადგან დღეს რუსთაველზე ჩვენი - შენი და ჩემი შვილები დგანან…“ - ხუხაშვილი ხვედელიძეს
გია ხუხაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით, ბიძინა ივანიშვილის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს მიმართავს, რომელმაც დღეს განცხადება გაავრცელა.
„ეკა, შენ ხარ ადამიანი, რომელსაც მიუხედავად ბიძინასთან დაკავშირებით უკიდურესი იმედგაცრუებისა და გაბრაზებისა, მე და ჩემი ოჯახი დღემდე პატივს გცემთ და გვიყვარხარ…
ამიტომ გეტყვი - ეჭვი ნამდვილად არ მეპარება, რომ გიყვარს შენი ოჯახი. ხარ კარგი დედა და ბებია. საერთოდ ოჯახის ინსტიტუტიც რომ საზოგადოებრივი მშენებლობის ფუნდამენტად მიგაჩნია.
ამასთანავე, ოჯახის ინსტიტუტის მარადიულობის მთავარი წყარო ჩვენი შვილები და შვილიშვილები არიან, რომელთაც დღეს შენი მეუღლის მიერ დაგეშილი “კაცები” თავ-პირს ამტვრევენ, ურეკავენ, აგინებენ, აშინებენ მათ და მათ მშობლებს.
კარგი იქნებოდა, რომ ამ ძალიან თბილ წერილში ერთი წინადადებით მოგეწოდებინა, რომ ამას ნუ სჩადიან, რადგან დღეს რუსთაველზე ჩვენი - შენი და ჩემი შვილები დგანან…“ - მიმართავს ხუხაშვილი ხვედელიძეს.