უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 20-ვე „კამიკაძე დრონი“ გაანადგურეს
რუსები უკრაინას წუხელ Shahed-ის ტიპის 20 „კამიკაძე დრონით“ დაესხნენ თავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს.
„საზენიტო ბრძოლის შედეგად, მტრის ოცივე „შაჰედი“ ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავას, ვინიცას, ოდესისა და მიკოლაივის ოლქებში“, - აცხადებენ საჰაერო ძალებში.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატები რუსეთის ქალაქებიდან პრიმორსკო-ახტარსკიდან და კურსკიდან გაუშვეს.
საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო ძალები, უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური საცეცხლე ჯგუფები და რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფები.