ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს! - ნუ დატოვებთ ქვეყანას რუსეთისა და ირანის ამარა - ჩუგოშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატებს
„ქართული ოცნების“ დეპუტატებს, განსაკუთრებით, ყოფილ კოლეგებს მინდა მოგმართოთ: - ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს! ახლა ქვეყნის ბედიც და თქვენი პირადი მომავალიც მხოლოდ თქვენს ხელთაა - ნუ დატოვებთ ქვეყანას რუსეთისა და ირანის ამარა, - ასე მიმართავს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებს პარლამენტის ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.
ჩუგოშვილი მიმართვას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ვუახლოვდებით უკიდურესად სახიფათო ზღვარს.
„ქართული ოცნების” დეპუტატებს, განსაკუთრებით, ყოფილ კოლეგებს მინდა მოგმართოთ. ვეტოს დაძლევა გამოიწვევს ქვეყნის იზოლირებას დასავლური სამყაროსგან და ამასთან კატასტროფულ ეკონომიკურ შედეგებს დროთა განმავლობაში. არც ის მახარებს, რომ თქვენ და თქვენს ოჯახებს პერსონალურ ფინანსურ სანქციებს მოგიტანთ.
თქვენ ახლა გეუბნებიან, რომ არაფერი გემუქრებათ, რომ არანაირი სანქციები არ იქნება. ეს ტყუილია, მეგობრებო, ისეთივე ტყუილია, როგორი ტყუილიც იყო „მაჟორიტარების აჯანყება” 2019 წელს.
ახლა ქვეყნის ბედიც და თქვენი პირადი მომავალიც მხოლოდ თქვენს ხელთაა. სადეპუტატო მანდატი და უფლება, გადაწყვიტო, ხელს მწვანე ღილაკს დააჭერ თუ წითელს, დიდი ძალაა. დაიჯერეთ ეს და ნუ დატოვებთ ქვეყანას რუსეთისა და ირანის ამარა“, - წერს თამარ ჩუგოშვილი.