რეფორმას 2006 წელს პირველი მშობლიური ენა შეეწირა, რამდენადაც რეფორმატორებმა უარი თქვეს ქართულ სკოლაში ქართული ენის კურსის ცალკე საგნად სწავლებაზე - ნათელა მაღლაკელიძე
თუ განათლების სფეროში ბოლო დროს განხორციელებულ ან სამომავლოდ დაგეგმილ ცვლილებებს გავითვალისწინებთ, აშკარაა, რომ განათლების სამინისტრო დიდი ცვლილებებისთვის ემზადება. მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ფსევდოლიბერალური იდეოლოგია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის ბავშვს საკმარის ცოდნას არ აძლევს და ღირებულებებს ართმევს, ადვილი მისახვედრი იყო, რომ ამას განათლების სისტემაში ძირეული ცვლილებები მოჰყვებოდა.
რეფორმა თავიდან იწყება? - ასე გამოეხმაურა ჩვენი რესპონდენტი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ძირეულად განახლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში, ამიტომ მომხდარის მისეულმა შეფასებამ განსაკუთრებით დაგვაინტერესა. განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ TIA.GE-ს განათლების მეცნიერებათა დოქტორი, განათლების აკადემიის წევრი, ილიას უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი ნათელა მაღლაკელიძე ესაუბრა:
- კითხვა - „რეფორმა თავიდან იწყება?“ თავისთავად ჩნდება, როდესაც ეცნობი იმ სიახლეებს, რომელთა განხორციელების მოწმეები სულ მალე გავხდებით სასკოლო განათლების სფეროში.
სიახლე 1: განათლების სამინისტრომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაზე მუშაობა დაიწყო. ნება მომეცით დავინტერესდე _ მერამდენედ? რა არ მოსწონდათ ძველი სქემების (და ასეთი რამდენიმე იყო), ამაზე იმსჯელა ვინმემ? რა ნაკლოვანი მხარეები ჰქონდა ამ სქემებს? იქნებ ჩვენს სამინისტროს ჯერ პედაგოგის მომზადებაზე ეფიქრა? როგორ მზადდება დღეს პედაგოგი, თუ აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია მათ, ვინც ამ სქემის განუწყვეტელ განახლებას მოითხოვს? ან სად და როგორ უნდა მომზადდეს პედაგოგი _ უნივერსიტეტში? მასწავლებლის სახლში? ლექციებით? ტრეინინგებით?.. რა დრო უნდა დავუთმოთ მის მომზადებას _ 1 წელი? ხუთი? ან იქნებ საულაც ამის გარეშე დაგვეწყო მათ გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე საუბარი?!
განათლების რეფორმა ერთადერთი პედაგოგიური უნივერსიტეტის გაუქმებით (და არა რესტრუქტურიზაციით, როგორც ამ ფაქტს დღემდე უწოდებენ) დაიწყო. ამჟამად პედაგოგის მომზადების მისია უნივერსიტეტებში ცალკეულმა ფაკულტეტებმა (თუ განათლების სკოლებმა) იტვირთეს. დარგის სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ დღეს მხოლოდ დაწყებითი კლასების მასწავლებლის მომზადების 300-კრედიტიანი (5-წლიანი) პროგრამა მოქმედებს, რომელიც მომავალ პედაგოგს მაგისტრთან გათანაბრებულ ხარისხს ანიჭებს. საბაზო და საშუალო საფეხურებისთვის საგნის მასწავლებელი არ მზადდება, აქ მოქმედებს მხოლოდ ერთწლიანი გადამზადების 60-კრედიტიანი პროგრამა, სადაც საგნობრივ გამოცდაზე მინიმალური ბარიერის გადალახვის შემდეგ ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაეუფლოს მასწავლებლის პროფესიას. ასე მზადდებიან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებლებად ყოფილი ბიზნესადმინისტრატორები, სოციოლოგები, ექიმები და თქვენ წარმოიდგინეთ სამართალმცოდნეებიც კი. სანამ პედაგოგების კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე იფიქრებს, იქნებ ჩვენს სამინისტროს ჯერ პედაგოგის მომზადებასა და მასწავლებლის პროფესიაში შესვლაზე ეფიქრა! ამ მხრივ გამოსავალი ნამდვილად არსებობს, მთავარი სურვილია.
სიახლე 2: როგორც მინისტრის გამოსვლებიდან შევიტყვეთ, სკოლებში საბაზო საფეხურს ერთი წელი დაემატა და საყოველთაო-სავალდებულო განათლება განისაზღვრა 10 წლით. რა ფუნქცია დაეკისრება სკოლებში მე-11-მე-12 კლასებს (შეასრულებენ თუ არა ისინი ე.წ. პრებაკალავრიატის ფუნქციას არჩეული საგნის გაღმრამვებული სწავლებით), ჯერ ამის შესახებ კონკრეტულად არაფერი თქმულა. მაგრამ ისმის კითხვა: თუ სწავლების საშუალო საფეხური (მე-11 და მე-12 კლასები) დარჩება სკოლაში, გვყავს ამისთვის მასწავლებელი მზად? იკმარებს საგნების პროფილური სწავლებისათვის 1 წელიწადში გადამზადებული მასწავლებლების საგნობრივი კომპეტენციები?! ამდენად, პედაგოგის მომზადების პრობლემა ახალ სიმწვავესა და აქტუალურობას იძენს.
სიახლე 3: სკოლებში საატესტატო გამოცდები ბრუნდება, დაწყებით და საბაზო საფეხურზე მოსწავლეები გამოცდებს ჩააბარებენ, რატომ გახდა სამინისტრო იძულებული, გამოცდები დაებრუნებინა? ჩვენი აზრით, მომავალი რეფორმა, რომელსაც მინისტრი გვპირდება, ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ ე.წ. უნარ-ჩვევებზე, არამედ ცოდნაზეც, რაც თავისთავად მისასალმებელია. მიგვაჩნია, რომ ეს ყბადაღებული უნარ-ჩვევები, რომლებიც რეფორმასთან ერთად დამკვიდრდნენ ჩვენს ცხოვრებასა და ყოველდღიურობაში, უნდა იყოს არა მექნიკური წვრთნის, არამედ სკოლაში მიღებული ცოდნის შედეგი. სწორედ ამ ცოდნისა და მასზე დაფუძნებული უნარ-ჩვევების შემოწმება მოხდება ალბათ ამ გამოცდებით.
სიახლე 4: დიდი ხანი არ არის, რაც დამტკიცდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების (ზ გ ე მ ი) განახლებული ვარიანტი. ამ დოკუმენტში ხაზგასმით წერია, რომ დღევანდელი სასკოლო განათლების უპირველესი მიზანი „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ღირებულებების მქონე, ოჯახის, ქართული ტრადიციის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების, სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის მცოდნე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პატრიოტი მოქალაქის აღზრდაა“. დავიწყოთ სახელმწიფო ენით. როგორც ცნობილია, ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო ენა გახლავთ ქართული (აფხაზურთან ერთად აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე). ამავე დროს იგი გახლავთ ქვეყნის ეთნიკური უმრავლესობისათვის მშობლიური ენა. სასკოლო რეფორმას 2006 წელს პირველი სწორედ ჩვენი მშობლიური ენა შეეწირა, რამდენადაც ჩვენმა რეფორმატორებმა მაშინ უარი თქვეს ქართულ სკოლაში ქართული ენის კურსის ცალკე საგნად სწავლებაზე და სასწავლო კურიკულმში მისთვის ადგილის დათმობაზე. კარგად მახსოვს განათლების რეფორმატორებთან ჩემი პირველი შეხვედრა. ეს იყო რეფორმის დაწყებამდე, 2004 წელს. პირველი, რამაც მაშინ ჩემში პროტესტის გრძნობა გამოიწვია, გახლდათ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისათვის განკუთვნილი საათების შემცირება _ 5 კვირეული საათი (ნაცვლად რეფორმამდელი 7-8 აკადემიური საათისა). ჩემს კითხვაზე, როგორ შეიძლებოდა, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლება 5 კვირეულ საათში ჩატეულიყო, პასუხი გახლდათ _ მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი; რაც შეეხება ენის საკითხებს, მათ შორის გრამატიკას, იგი საკითხავ ტექსტებთან ინტეგრირებით უნდა ასწავლოთო, და საერთოდაც, ქართული ისედაც ყველამ იცისო.
- რამდენად წარმატებულად მოახერხეს ჩვენმა პედაგოგებმა 5 კვირეულ საათში ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება?
- ფაქტია, რომ სკოლის კურსდამთავრებულთა დიდ ნაწილს (აქ არ ვგულისხმობ რეპეტიტორის სკოლას) უჭირს გამართული მეტყველება, განსაკუთრებით _ წერითი მეტყველება, არა აქვთ სათანადო სტილური, ორთოგრაფიული, პუნქტუაციური უნარ-ჩვევები. ეს სწორედ იმისი შედეგია, რომ სკოლაში ქართული ენის საკითხებზე მუშაობისათვის მასწავლებელს დრო არ რჩება. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და არსებითია დღეს, როდესაც ბავშვი უკვე ადრეული ასაკიდან მიჯაჭვულია ციფრულ ტექნოლოგიებს, ე.წ გაჯეტებს, ამას დავუმატოთ მულტინიგვალური გარემოც. ამის გამო მათ ხშირად ნაკლებად უწევთ მეტყველება მშობლიურ ენაზე. როგორც ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, უმცროსკლასელთა დიდ ნაწილს ამ მხრივ სერიოზული ხარვეზები აქვს (აქვთ ღარიბი ლექსიკა, მათ მეტყველებაში ჭარბობს ბარბარიზმები, უჭირთ ამბის თანმიმდევრულად გადმოცემა, საგნის/მოვლენის აღწერა, წინადადების სწორად აგება...).
- „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზე“ რა აზრის ხართ, რომელიც როგორც თავად აღნიშნეთ, ქართულ ტრადიციებსა და ოჯახურ ღირებულებებზე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს.
- ეს მართლაც სასიამოვნო სიახლეა, რამდენადაც ზ გ ე მ-ის ადრეულ რედაქციაში, რომელიც საფუძვლად დაედო 2006 წლის რეფორმას, წინა პლანზე წამოწეული გახლდათ ლიბერალური და დემოკრატიული ღირებულებები. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ჩვენი განათლების ექსპერტები კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ ქართულ საყმაწვილო ლიტერატურას და განსაკუთრებით კი იაკობ გოგებაშვილის საბავშვო მოთხრობებს, რომლებიც ოჯახურ ღირებულებებზე, მშობლის სიყვარულსა და საუკეთესო ქართულ ტრადიციებზე გახლდათ დაფუძნებული. სკოლაში საკითხავ მასალაზე მუშაობის ერთ-ერთი მთავარი და არსებითი მომენტი ფასეულობითი ღირებულებები და მათი სწორად მიწოდება გახლავთ.
კიდევ ბევრი რამ შეიძლება ითქვას დღევანდელ სასკოლო განათლებაზე, პირველ რიგში ეს გახლავთ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა თანამდევი კომპლექსური დავალებებითა და მატრიცებით. ამაზე ადრეც დავწერე, ახლა მკითხველს თავს აღარ შევაწყენ _ კომპლექსურ დავალებებს ქართულ სკოლაში დიდი ხნის ისტორია აქვს და სრულიადაც არ წამოადგენს სიახლეს. სიახლე ის არის, რომ იგი თვითმიზნად იქცა. სიახლეა ისიც, რომ იგი მშობლებზე უფროა ხშირად გათვლილი, ვიდრე _ მოსწავლეებზე. რაც შეეხება მატრიცებს, ამაზე მხოლოდ ვიტყვი - იქნებ მასწავლებელს დავუტოვოთ დრო გაკვეთილის ჩატარებისათვის და უაზრო ქაღალდომანიის მსხვერპლად არ ვაქციოთ!
სიახლეებს გამოდევნებულმა ჩვენმა რეფორმატორებმა იქნებ ჩვენი სასკოლო განათლების ისტორიასაც გადახედონ ხანდახან, გაეცნონ ქართველი ფსიქოლოგების, ლინგვისტებისა და განათლების სპეციალისტთა კვლევებს, ყველაფერი სიახლედ არ შემოგვასაღონ, სანამ ოკეანისგაღმიდან შემგვთავაზებენ „სწავლების უახლეს სტრატეგიებს“, იგი ჯერ ქართულ საგანმანათლებლო ლიტერატურაში მოიძიონ.