როცა ადამიანს ყველაფერს აუნაზღაურებ და კიდევ ფულს ითხოვს, ეს უკვე გამოძალვას ჰგავს - რას პასუხობს პლასტიკური ქირურგი სალომე კაპანაძის ბრალდებებს?
ინფლუენსერი და „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილე სალომე კაპანაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ სატელევიზიო გადაცემებში აღფრთოვანებული ყვებოდა, რომ მკერდის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და შედეგით კმაყოფილია, პლასტიკურ ქირურგს ზურაბ კეკელიას უჩივის და მორალური ზიანის ანაზღაურებს მოითხოვს. თავის მხრივ, კეკელია კაპანაძის მხრიდან შანტაჟსა და გამოძალვაზე საუბრობს და ვაკე-საბურთალოს პოლიციას განცხადებით მიმართავს. რა გახდა ექიმსა და პაციენტს შორის დაპირისპირების მიზეზი ამის შესახებ TIA.GE -ს ჯანდაცვის საკითხების მედიატორი მარიამ არჩვაძე უამბობს:
- ყველაფერი 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო, როდესაც ჰოლანდიური კლინიკის პლასტიკურმა ქირურგმა, ზურაბ კეკელიამ „პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეს და ინფლუენსერ სალომე კაპანაძეს მამოპლასტიკა ანუ მკერდის პლასტიკური ოპერაცია გაუკეთა - წონის კლების შემდეგ ჩამოწეული და დაპატარავებული მკერდი როგორც იმპლანტს, ისე აწევას საჭიროებდა. დაგეგმილი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, თუმცა მამოპლასტიკა ძალიან რთული მოსავლელია - ოპერაციის შემდეგ კორსეტი უნდა ატარო, ჭრილობები დაიმუშავო და ა.შ. მოხდა ისე, რომ ქალბატონმა სალომემ დანიშნულება არასწორად შეასრულა და ჭრილობის დამუშავებისთვის სტერილური სახვევის ნაცვლად, ჩვეულებრივი ქაღალდის ხელსახოცები გამოიყენა. ამან ინფექციის შეჭრა და მთელი რიგი გართულებები გამოიწვია. კანის ზედაპირზე ერთი კუთხეც კი გაიხსნა და ქირურგს ახალი ნაკერის დადება მოუწია. მიუხედავად იმისა, რომ ქირურგმა თავისი საქმე კეთილსინდისიერად შეასრულა, ის სალომეს მაქსიმალურად გვერდით დაუდგა. უკეთებდა გადასხმებს, ჭრილობის დამუშავებას, გზის ფულსაც კი აძლევდა, რომ პაციენტს კლინიკაში ევლო და არაფრით შეფერხებულიყო. მაშინ შეთანხმდნენ, რომ ინფექციას აალაგებდნენ და 6 თვის ან ერთი წლის შემდეგ ნაწიბურის პლასტიკას ჩაატარებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ სალომემ ქირურგს უთხრა, მე ასე ვერ ვიცხოვრებ, ეს მკერდი ჩემთვის ძალიან დიდ დისკომფორტთან ასოცირდება და მჭირდება 25 000 ლარი, რომ განმეორებითი ოპერაცია სხვასთან გავიკეთოო. ქირურგმა მოთხოვნილ თანხას 1000 ლარი დაუმატა, რომ წინასაოპერაციო კვლევებიც დაეფინანსებინა და თანხა სალომე კაპანაძეს გადასცა.
- თუ ქირურგი მომხდარში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს, ფული რატომ გადაიხადა?
- ეს ზურაბ კეკელიას მხრიდან კეთილი ნების გამოხატულება იყო. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად, ქირურგის შეცდომა არ იკვეთება, მაინც გადაწყვიტა, რომ ხმაურის თავიდან ასაცილებლად, პაციენტისთვის შესაძლებლობა მიეცა, რომ სხვაგან ემკურნალა. ფულის მიცემიდან რამდენიმე კვირის შემდეგ სალომე ექიმს ისევ დაუკავშირდა და ამჯერად, ფსიქოლოგიური ზიანის ანაზღაურებისთვის დამატებით, 20 000 ლარი მოითხოვა. ამ დროს ზურაბ კეკელიამ როგორც მედიატორს დამირეკა და მითხრა - მე ამ 20 000 ლარსაც გადავიხდი, მაგრამ იქნებ ყველაფერი იურიდიულად გაფორმდეს და შეთანხმებას ორივე მხარემ ხელი მოაწეროს, რომ ერთმანეთთან პრეტენზია აღარ გვაქვსო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თანხები ბუღალტრულადაც ხომ უნდა გაიწეროს? ქირურგმა ერთხელ თავისი პირადი დანაზოგიდან და პირადი ანგარიშიდან გადაუხადა, მაგრამ ყოველთვის ასე ხომ არ ცვივა ეს 20 000 და 26 000 ლარი?
- აქვე გკითხავთ, რას ნიშნავს მედიაცია პაციენტს და ექიმს შორის და რამდენად ხშირად მიმართავენ მხარეები მედიატორს დახმარებისთვის?
- ჯანდაცვის მედიაცია ახალი მიმართულებაა ჯანდაცვის სისტემაში. თუ ექიმი ან პაციენტი მიიჩნეევს, რომ დაგეგმილი შედეგი ვერ მიიღო ან გადასაჭრელია ფინანსური ნაწილი, განმეორებითი კვლევების და ოპერაციის ჩატარება და ა.შ. ცივილურად, მედიატორის ჩართულობას ირჩევენ, რომ ამ საკითხების კომპეტენტურად გადაწყვეტა მოხდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ მედიატორი პაციენტს საკუთარი უფლებების დაცვაში ეხმარება. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ექიმი და ექიმის უფლებებიც უნდა იყოს დაცული. ხშირია შემთხვევები, როდესაც პაციენტს სუბიექტური განცდა აქვს, რომ რაღაც ისე ვერ გაკეთდა, როგორც საჭირო იყო, მაგრამ კვლევების შედეგად, დგინდება ხოლმე, რომ გადაჭარბებული მოლოდინები ჰქონდა და მედიაციით ხდება ხოლმე ამ პრობლემის მოგვარება. როდესაც ბატონმა ზურაბმა მომმართა და საქმის მასალებს გავეცანი, სალომე კაპანაძეს საოპერაციო თანხა უკვე ანაზღაურებული ჰქონდა და დამატებით თანხას ითხოვდა. ბატონმა ზურაბმა მოგვმართა იმისთვის, რომ შეფასებულიყო რამდენად რელევანტური იყო ეს ხარჯი. მან მთხოვა საქმეში ჩართულიყავი და ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილება დადგარიყო.
- სალომე კაპანაძე თქვენს შეთავაზებას დათანხმდა?
- არა, პაციენტმა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე უარი თქვა. როცა დავუკავშირდი, მითხრა, რომ ხელს არაფერზე მოაწერს და ფული როგორც ერთხელ ჩაურიცხეს, მეორედაც ისე ჩაურიცხავენ. ამის შემდეგ დაიწყო შანტაჟი, რომ თუ ზურაბ კეკელია ფულს არ ჩარიცხავდა მომხდარის შესახებ ყველა გაიგებდა. სკანდალი გინდათ? იქნება სკანდალიო - გამოაცხადა. ეს აჩენდა განცდას, რომ პაციენტს კიდევ გაუჩნდებოდა ზედმეტი თანხის მოთხოვნის სურვილი და ეს პროცესი არასოდეს დასრულდებოდა. როცა ფულის მოთხოვნამ შანტაჟის ფორმა მიიღო და სალომე კაპანაძისგან წარმოუდგენელი ესემესები წამოვიდა,
ზურაბ კეკელიამ ვაკე-საბურთალოს პოლიციაში გამოძალვაზე და შანტაჟზე განცხადება შეიტანა. ზურაბ კეკელია დავობს იმაზე, რომ პაციენტი არარელევანტურ თანხებს სძალავს. ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებამ ობიექტური ინფორმაცია მიიღოს და ექიმი, რომელიც ადამიანურად, პროფესიულად, იურიდიულად და ყველანაირად მართალია ამ პაციენტთან, არ დაიჩაგროს.
- განმეორებითი ოპერაცია, რომელიც ზურაბ კეკელიამ 26 000 ლარით დააფინანსა, როგორ დასრულდა?
- სალომეს ეს ოპერაცია არ გაუკეთებია.
- ზურაბ კეკელიასთან ოპერაციაში რამდენი გადაიხადა?
- ზოგადად, ამ ტიპის ოპერაცია 11 000 -დან 13 000 ლარამდე ჯდება, თუმცა სალომეს ერთი თეთრიც არ გადაუხდია. კეკელიამ ინფლუენსერს ოპერაცია რეკლამის სანაცვლოდ გადაუხადა. ეს ძალიან მეგობრული და ადამიანური დახმარება იყო როგორც მეგობრისგან და არა ექიმისგან.
- ოპერაციის წინ ქირურგმა პაციენტს მოსალოდნელი რისკები თუ გააცნო?
- ზოგადად, ხელშეკრულება რომ იდება, რამდენიმე შეხვედრა იგეგმება, სადაც პაციენტს ოპერაციასთან დაკავშრებულ სირთულეებს, მოსალოდნელ რისკებს და რეაბილიტაციის პერიოდთან დაკავშირებულ ინფორმაციას აცნობენ. როდესაც პაციენტი მიდის საოპერაციოდ, ხელს აწერს ინფორმირებულ თანხმობას, რომ პაციენტს მიეწოდა ინფორმაცია რეაბილიტაციის შესაძლო გართულებებთან და ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ოპერაციას უკავშირდება.
- საქმის მასალებიდან გამომდინარე, ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა?
- მე პლასტიკური ქირურგი არ ვარ და ვერ შევაფასებ, ექიმის შეფასებით კი ეს ოპერაცია იყო წარმატებული, მაგრამ არ იყო სათანადოდ მოვლილი, როგორი რეკომენდაციაც გაიცა ოპერაციის შემდგომ მოვლასთან დაკავშირებით. ჭრილობაზე ხელსახოცების დაფენამ გამოიწვია ლპობის ბაქტერიების განვითარება და მოხდა ინფექციის ჩამოყალიბება, თუმცა აის ეფასება მედიატორის როლი არაა. მედიატორის როლია მოისმინოს პაციენტს რა სურვილი აქვს, მოისმინოს ექიმის პოზიცია და ერთობლივად, გონივრულ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. თუ მედიაცია ვერ ხდება და ამ შემთხვევაშიც, სამწუხაროდ, ვერ მოხდა მედიაციის ფუნქციის შესრულება, უკვე ხდება საქმის ჯანდაცვის შესაბამის უწყებებში გადაცემა. როგორც ვიცი, ამ ეტაპზე ეს საქმე ჯერ არ არის წარმოებაში, თუმცა პაციენტს მიეცა რეკომენდაცია, რომ თუ მისთვის გადაცემული თანხა საკმარისი არ არის, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოში იდავოს, რასაც ვეხვეწებით სალომე კაპანაძეს, მაგრამ არ მიდის.
- სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ სალომე კაპანაძის მკერდზე ნაწიბური მართლაც უსიამოვნოდ გამოიყურება და ახალგაზრდა ქალისთვის ამასთან შეგუება ძნელია.
- გეთანხმებით, მაგრამ ეს მოლოდინი უნდა ჰქონოდა, როდესაც ვერ მოუარა და ინფექცია წამოვიდა. მაშინვე უთხრეს, რომ ნაწიბური დარჩებოდა და მეორე ოპერაცია იქნებოდა საჭირო, მაგრამ ამ ეტაპზე მას სხვა მიზნები აქვს.
სალომე კაპანაძის პლასტიკური ოპერაციის შესახებ ინტერნეტში უამრავი ინფორმაცია იძებნება, თუმცა ჩვენი ყურადღება რუსთავი 2-ის 2003 წლის 1 დეკემბრის გადაცემამ „ნამდვილი ექიმები“ მიიქცია, სადაც ინფლაუნსერი და მისი პლასტიკური ქირურგი მაყურებელს წარმატებული ოპერაციის შესახებ უყვებიან და სალომე კაპანაძე კმაყოფილებას ვერ მალავს. ბუნებრივია, ამ უცნაურ საქმესთან დაკავშირებით ზურაბ კეკელიას არგუმენტებითაც დავინტერესდით და კომენტარისთვის დავუკავშირდით.
ზურაბ კეკელია:
- სალომე კაპანაძეს ოპერაცია ოქტობერში ჩაუტარდა, ეს გადაცემა კი თითქმის სამი თვის მერე, დეკემბერში შედგა. უბრალოდ, დროთა განმავლობაში არ ვიცი რატომ მოინდომა ზედმეტი 20 000-ის გამომუშავება და როცა ვერ მიიღო, ეს ყველაფერი დაატრიალა. ასე ხდება როცა ადამიანები შეხედულებებს იცვლიან.
- თუმცა ნაწიბური, რომელიც ვიდეოში ჩანს, ნამდვილად უსიამოვნო სანახავია
- გეთანხმებით და ვწუხვარ, მაგრამ აქ არის ადამიანური მომენტი. ჩემი აზრით, მე როგორც ექიმი და ადამიანი აბსოლუტურად მართალი ვარ. რაც შესაძლებელი იყო, დაწყებული გადახვევების გაკეთებიდან, ანალიზების ფულით და საწვავის ფულით დამთავრებული, ყველაფერი გავუკეთე და არ მივატოვე. მეტი რა გამეკეთებინა? მაგალითად, მე თქვენ გაგიკეთეთ ოპერაცია და რაღაც არ გამოვიდა. მე თქვენ მოგეცით წამლების ფული, გადახვევები გიკეთეთ, საწვავის ფული მოგეცით, რომ ჩემამდე მოსულიყავით, მედდა სახლში გიგზავნეთ, ახალი ოპერაციის ფული გადავიხადე, მეტი რაღა შეიძლება გავაკეთო?
- მაინც რა გახდა ნაწიბურების გაჩენის მიზეზი?
- ნაწიბური უნდა იყოს წვრილი, 1-2 მმ სიგანის და ამის ნაცვლად, 1 სმ. სიგანისაა. ზოგადად, ესთეტიკურ ოპერაციებს ასეთი რისკები თან ახლავს. როდესაც ადამიანი ხელშეკრულებაზე ხელს აწერს, გათვალისწინებულია, რომ შესაძლოა, ნაწიბური დარჩეს. ეს არც მედიცინაში, არც ჩემს პრაქტიკაში პირველი შემთხვევა არაა და შესაძლოა, მსგავსი რაღაცეები კიდევ მოხდეს, თუმცა დაჩირქება, რომელზეც კაპანაძე საუბრობს, არ მომხდარა. დაჩირქების შემთხვევაში იმპლანტი უნდა ამოღებულიყო. არანაირი დაჩირქება არ მომხდარა, უბრალოდ კუთხე გაიხსნა, სადაც სალომე კაპანაძემ ქაღალლდის „სალფეტკი“ დაიდო, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა. ერთხელ, ორჯერ სამჯერ და კიდეები გაიწელა, დაზიანდა და კანის დეფექტი გაჩნდა.
- პოლიციაში განცხადების შეტანის მიზანი რა არის?
- ყველა ის ეტაპი, რაც კაპანაძემ ჩემთან, როგორც ექიმთან გაიარა: გადახვევები, წამლები, სახლში წამლების გაგზავნა და ა.შ. ფინანსურად ანაზღაურდა. როცა ადამიანს ყველაფერს აუნაზღაურებ, ოპერციაშიც, რომელიც მომავალში უნდა გაიკეთოს, ფულს გადაიხდი და კიდევ ფულს ითხოვს, უნდა გამერკვია რატომ მთხოვს ადამიანი ფულს იმიტომ, რომ ეს უკვე გამოძალვას ჰგავს.
ბუნებრივია, მომხდართან დაკავშირებით, სალომე კაპანაძის აზრითაც დავინტერესდით, თუმცა ინფლუენსერის მობილური ტელეფონი, რომელიც ამჟამად პროექტ „პრაიმ-ჰაუსში“ მონაწილეობს, გათიშული აღმოჩნდა. თუ მომავალში ის პოზიციის დაფიქსირებას მოინდომებს, TIA.GE ამის საშუალებას აუცილებლად მისცემს.