თენგიზ ცერცვაძე - ბოლო კვლევით, საქართველოში ქრონიკული B ჰეპატიტი 70 000 ადამიანს აქვს
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ბოლო კვლევის თანახმად, ქრონიკული B ჰეპატიტი 70 000 ადამიანს ჰქონდა, საიდანაც ანტივირუსული მკურნალობა 35 000 პაციენტს სჭირდება.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დაწყებიდან(20 ივნისიდან) მხოლოდ ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში პროგრამაში ჩაერთო 100-ზე მეტი ქრონიკული B ჰეპატიტით პაციენტი.
„საქართველო მიეკუთვნება ქრონიკული B ჰეპატიტის საშუალო/მაღალი გავრცელების ქვეყნებს. კერძოდ, ზოგად მოსახლეობაში ჩატარებული ბოლო (2021 წ.) სეროპრევალენტობის კვლევის მიხედვით, ქრონიკული B ჰეპატიტის გავრცელება 2.7%-ია, რაც აბსოლუტურ რიცხვებში დაახლოებით 70 000 ადამიანია. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანს დაუყოვნებლივ ესაჭიროება ანტივირუსული მკურნალობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის უახლესი მონაცემების მიხედვით ანტივირუსული მკურნალობა ესაჭიროება ქრონიკული B ჰეპატიტით პაციენტების დაახლოებით 50%-ს(ადრინდელი მონაცემებით მკურნალობა ესაჭიროება პაციენტთა მხოლოდ 20-25%-ს), რაც საქართველოს შემთხვევაში დაახლოებით 35 000 პაციენტს შეადგენს. დანარჩენები კი უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ, რათა არ გამოგვრჩეს მომენტი, როცა მათაც დასჭირდებათ ანტივირუსული მკურნალობა”,- აღნიშნა ცერცვაძემ.
მისი თქმით, დაავადების მართვის სირთულის და მაღალი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, პროგრამის განხორციელებაში პირველ ეტაპზე მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ სპეციალიზებული კლინიკები (სულ 10 კლინიკა ქვეყნის მასშტაბით).
„მომავალში კი, პროგრამაში ჩაერთვებიან სხვა სამედიცინო დაწესებულებებიც, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის ცენტრები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მკურნალობისა და მოვლის სერვისებზე ხელმისაწვდომობას.
პროგრამის განხორციელებაში, ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობენ შემდეგი კლინიკები: 1. სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრი (ქ. თბილისი) 2. შპს ჰეპატოლოგიური კლინიკა „ჰეპა“(ქ. თბილისი) 3. შპს „ნეოლაბი“ (ქ. თბილისი) 4. შპს „ავერსის კლინიკა“ (ქ. თბილისი) 5. შპს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა (ქ. თბილისი) 6. ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა (ქ. თბილისი) 7. ააიპ იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრი (ქ. ქუთაისი) 8. შპს ლჯ და კომპანია - დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი (ქ. ქუთაისი) 9. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი (ქ. ქუთაისი) 10. შპს ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო (ქ. ზუგდიდი) 11. შპს სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრი (ქ. ბათუმი) 12. სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი (ქ. გორი) 13. ააიპ „კახეთი იონი“ (ქ. გურჯაანი) 14. რუსთავის მედიცინის სახლი - N 1 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი (ქ. რუსთავი)“, - განაცხადა ცერცვაძემ.