თეგებით ძიება
14. 07. 2024 კულტურა

ვისურვებდი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში უფასო წრეების აღდგენას -,,მხიარული ნოტები“-ს ხელმძღვანელი

საქართველო უძველესი მუსიკალური და თეატრალური კულტურის ქვეყანაა, ამიტომ ჩვენში სახელოვნებო სტუდების სიმრავლე არავის უკვირს. როგორ იქმნებიან სახელოვნებო სტუდიები და რამდენად ახერხებენ მოზარდების ვოკალის და მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას, ამის შესახებ TIA.GE-ს თეატრ-სტუდია ,,მხიარული ნოტები" - ხელმძღვანელი, ნათია ხუციშვილი ესაუბრა:

- 22 წელი ხდება, რაც თეატრ-სტუდია ,,მხიარული ნოტები" არსებობს. საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახემწიფო უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე ძმასთან, ბაჩო ხუციშვილთან ერთად სტუდიის გახსნა გადავწყვიტე. „მხიარული ნოტები“ ჩვენი და ჩვენი მეგობრების დახმარებით შეიქმნა და მას შემდეგ ასე მოვდივართ. სხვადასხვა ქვეყნებში, საერთაშორისო ფესტივალებზე და კონკურსებზე საქართველოს სახელით გამოვდივართ და პრიზები ჩამოგვაქვს. პირველი გასტროლი თურქეთში, ფესტივალზე „ბედნიერების თილისმა“ გვქონდა, სადაც მესამე ადგილი ავიღეთ. მთლიანობაში, თურქეთში სხვადასხვა ფესტივალზე რვაჯერ ჩავედით. გასტროლები გვქონდა ბულგარეთში, იტალიაში, ესპანეთში, საბერძნეთში და ა.შ.

- თეატრ-სტუდიაში რას ასწავლით?

- სტუდიაში ოთხი წრე გვაქვს და ვასწავლით ვოკალს, მსახიობის ოსტატობას, მეტყველებას, ტელეკინოხელოვნებას და სასცენო მოძრაობას, რაშიც თანამედროვე ცეკვაც შედის. შესაბამისად, ფესტივალებსა და კონკურსებზე ვოკალურის გარდა,  თეატრალური და ქორეოგრაფიული წრეებიც მონაწილეობენ. 

- ბავშვებს გასტროლები განსაკუთრებულად უყვართ. ეს ხომ კონკურსების გარდა, მოგზაურობა და ახალი თავგადასავლებია..

- რა თქმა უნდა. გარდა ამისა, გასტროლების დროს შემოქმედებითად ვიზრდებით. ბავშვებისთვის უცხო ქვეყანაში საქართველოს სახელით გამოსვლა უზარმაზარი პასუხისმგებლობა და განსაკუთრებული მოტივაციაა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ცდილობენ, რომ საქართველო ასახელონ და პრიზი ჩამოიტანონ. 

- როგორც ვიცი, თქვენს სტუდიაში გერმანელი და ინდოელი ბავშვებიც სწავლობენ.

- დიახ, ნამდვილად სწავლობენ. ადრე ჩინელი ბავშვიც გვყავდა, რომელიც ქართულ ხელოვნებას და კულტურას ვაზიარეთ. 

- ბავშვებთან ერთად, გასტროლებზე გამგზავრება ისეთი თავგადასავალია, რომელიც კურიოზების და დასამახსოვრებელი ამბების გარეშე არ ჩაივლის. რამეს ხომ ვერ გაიხსენებთ?

- ყველაზე მეტად თურქეთში მომხდარი ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც ბავშვებმა ჩემი გაფრთხილება არ გაითვალისწინეს და მზეზე გასარუჯად დიდხანს დარჩნენ. საბოლოოდ, ნახევარმა სტუდიამ დამწვრობა მიიღო და სცენაზე ერთიანად გაწითლებულები და რობოტებივით გაშეშებულები მღეროდნენ.  

- თქვენს მუსიკალურ ოჯახში დედაც, ძმაც და შვილებიც მუსიკოსები არიან და „მხიარულ ნოტებში“ ასწავლიან, ამიტომ გკითხავთ - მუსიკის სიყვარული გენეტიკურია?

- დიახ, მუსიკის სიყვარული გენეტიკურია, თუმცა შრომა და მონდომებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. ისეთ მუსიკალურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, მეტ-ნაკლებად, ყველა მუსიკოსია. ვიღაცას სმენა აქვს და ხმა არა, ვიღაცას პირიქით. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ბევრი მოსწავლე მყოლია საშუალო დონის, არაფრით გამორჩეული სმენით, მაგრამ დროთა განმავლობაში, სმენა გამომუშავდათ და სოლისტებიც გახდნენ. ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მაინც შრომით მოდის. ასე მასწავლა დედამ  მარინა მაცაბერიძემ, რომელიც „მხიარულ ნოტებში“ ვოკალს ასწავლის და უკვე ძალიან ბევრი მოსწავლე გაზარდა. ძმა - ბაჩო ხუციშვილი გიტარაზე დაკვრას ასწავლის, შვილი - ნინო ქებაძე მსახიობის ოსტატობას. ჩვენ ყველა ერთი დიდი ოჯახი ვართ,  სადაც ბავშვები სიხარულით მოდიან და წასვლა აღარ უნდათ.

- ნაკლებად სასიამოვნო თემებსაც უნდა შევეხოთ, ამიტომ იქნებ მუსიკალური სტუდიების პრობლემებზეც გვიამბოთ?

- რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება  და ბევრი საბავშვო სტუდია უპირატესობას ცოცხალ შესრულებას ანიჭებს, მაგრამ სტუდიების უმრავლესობა ბავშვებს ჩანაწერით ამღერებს. პრობლემა ისაა, რომ თუ ბავშვმა ცოცხლად არ იმღერა, ის სიმღერას ვერ ისწავლის და ვერ განვითარდება. ჩვენი სტუდიის მიზანია, რომ ბავშვი სცენაზე გავიდეს და ცოცხლად იმღეროს. თუნდაც ერთხელ რაღაც შეეშალოს, მეორედ და მესამედ იმღერებს და გამოუვა. ჩანაწერზე პირის გაღებას ჯობია შეეშალოს და საკუთარ შეცდომაზე ისწავლოს. 

- „მხიარულ ნოტებში“ პლიუს ჩანაწერს საერთოდ არ იყენებთ?

- როგორ არა, ჩვენც ვწერთ ტელევიზიებისთვის, როცა გადაღებაზე მივდივართ. ამ დროს პლიუს ჩანაწერი აუცილებელია, მაგრამ როდესაც ბავშვი კონცერტზე გამოდის და სცენაზე ფეხს დგამს, ის პლიუს ჩანაწერით არ უნდა მღეროდეს. მე თუ მკითხავთ, ეს დანაშაულია, იმიტომ, რომ ბავშვი  შემოქმედებითად ვერ გაიზრდება და ვერ იმღერებს. ვფიქრობ, რომ ეს თემა ძალიან მისახედია. მეორე საკითხი, რომელიც ასევე მაწუხებს, ისაა, რომ ბავშვებს უფასო წრეები აღარ აქვთ. ჩემი ბავშვობის დროს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ყველა წრე დაფინანსებული იყო და ბავშვებს წრეებზე უფასოდ სიარული შეეძლოთ. აქედან  გამომდინარე, ხელმოკლე ოჯახებიდან გამოსული, ნიჭიერი ბავშვები არ იჩაგრებოდნენ და ნიჭიერი თაობის გაზრდა უფრო ადვილი იყო. ჩვენი სტუდიის შესაძლებლობის ფარგლებში, ვცდილობთ, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახის და უდედმამო ბავშვებს უფასოდ ვასწავლოთ. საქველმოქმედო კონცერტებით და მარათონებითაც ბევრ ბავშვს დავხმარებივართ და ისე გვისწავლებია, რომ ერთი თეთრი არ გადაუხდიათ. ახლაც გვაქვს იმის საშუალება, რომ რამდენიმე ბავშვს უფასოდ ვასწავლოთ, კონცერტებზე გამოვიყვანოთ, სიმღერები ჩავუწეროთ და ა.შ. მაგრამ სახელმწიფოსგან განსხვავებით, ჩვენი შესაძლებლობები მაინც შეზღუდულია, ამიტომ ვისურვებდი თუნდაც მარტო  მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში უფასო წრეების აღდგენას.

- საუბრის ბოლოს, მუსიკალური და სამსახიობო ნიჭის მქონე ბავშვების მშობლებს რას ურჩევდით?

- ბავშვი შეიძლება ათ წრეზე ვერ მივიყვანოთ, იმიტომ, რომ ამის რესურსი არ გვაქვს, მაგრამ ზოგადი განათლებისთვის ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია. მშობლებს ვურჩევდი ბავშვებს მაქსიმალური ინფორმაცია მიაწოდონ. მომავალ თაობაში მაქსიმუმი უნდა ჩავდოთ იმიტომ, რომ ეს ყველაზე საიმედო ინვესტიციაა. შეიძლება ყველა მსახიობი და მომღერალი ვერ გამოვიდეს, მაგრამ კარგი მსმენელი იქნება და გემოვნებიანი მუსიკა ეყვარება. გარდა ამისა, სახელოვნებო წრეებზე მოსიარულე ბავშვი ყოველთვის მოწესრიგებულია, შრომის ფასი იცის  და არც დრო აქვს და არც სურვილი, რომ ცუდზე იფიქროს. სწორედ ასეთი ბავშვებისთვის ვაპირებთ გავაკეთოთ სახელოვნებო სკოლა, სადაც იქნება არტ თერაპია, ძერწვა, ვოკალი, მსახიობის ოსტატობა, ტელეკინოხელოვნება და ა.შ.   ფაქტობრივად, ხელოვნების სფეროში რაც კი არსებობს, ყველაფერს მოვიცავთ. 

- წარმატებებს გისურვებთ.

- გმადლობთ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა