„ევროპეისკაია პრავდა“: ჩეხეთი უკრაინაში ტყვიების ქარხანას ააშენებს და შაშხანების გამოშვებას დაიწყებს
ჩეხეთი უკრაინის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ტყვიების ქარხანას ააშენებს და აგრეთვე შაშხანების წარმოებას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „ევროპეისკაია პრავდა“ უკრაინის პრემიერ-მინისტრზე დენის შმიგალზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, შესაბამის შეთანხმებებს შმიგალის ჩეხეთში ვიზიტის დროს მოეწერა ხელი.
„დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ ორ მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომელიც სხვა დოკუმენტებისგან განსხვავდება. უკრაინაში აშენდება ტყვიების ახალი ქარხანა“, - ციტირებს „ევროპეისკაია პრავდა“ შმიგალს.
როგორც შმიგალმა აღნიშნა, შეთანხმებას ტყვიების ქარხნის აშენების შესახებ ხელი მოაწერეს კომპანიებმა Sellier & Bellot და „უკრობორონსერვის“-მა.
რაც შეეხება შაშხანების ქარხანას, მას ჩეხური Česká zbrojovka და უკრაინული კომპანია ააშენებენ. უკრაინის პრემიერმა უსაფრთხოების მოტივით უკრაინული კომპანიის დასახელებისგან თავი შეიკავა.