თეგებით ძიება

კახა კალაძის განცხადებით, გლდანის ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები დაიწყო

გლდანის ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით კონკრეტული ღონისძიებები დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს გლდანის (თეთრი) ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ტერიტორიის შესწავლა დაევალა. აღნიშნულ ტბას წლების განმავლობაში ყურადღება არ ექცეოდა, პრობლემა გახდა მისი წყლით შევსება, რის გამოც მან დაიწყო დაშრობა, რაც გლდანის მცხოვრებთათვის პრობლემას წარმოადგგენს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბევრი წერილი შემოვიდა. ამიტომ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალა პრობლემის გამომწვევი მიზეზების შესწავლა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ტბის შევსება/გაჯანსაღებისთვის მისი მოცულობის საჭირო ნიშნულამდე გაზრდა დაიგეგმა. იქედან გამომდინარე, რომ წყლის შევსება ბუნებრივი გზით შეუძლებელია, მისი მოცულობის გაზრდა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ბალანსზე არსებული ბოდორნა-ღრმაღელის წყალგამტარი გვირაბის მეშვეობით განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ჩატარებული კვლევის საფუძველზე დამუშავდა პროექტი, რომელიც შეთანხმდა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ და რომლის მიხედვითაც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ტბის ეკოლოგიური პრობლემის გადაჭრის მიზნით დაიწყო კონკრეტული ღონისძიებები.

„კერძოდ, ამ ეტაპზე, შეთანხმებული პროექტის მიხედვით, სამსახურმა უკვე დაიწყო შემავსებელი სისტემის მოწყობა, რომელიც უნდა დაერთდეს ზემოაღნიშნულ წყალგამტარ გვირაბზე. აღნიშნული სამუშაო მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს დასრულდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა