თბილისში ბინები 4.8%-ით, ხოლო კერძო სახლები 4.6%-ით არის გაძვირებული - „საქსტატი“
2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი 48.1 პროცენტით არის გაზრდილი. ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.
„2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (4.8 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.6 პროცენტი).
2023 წლის მეორე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში - ბინებზე 14.4 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 16.8 პროცენტით,“- ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.