თეგებით ძიება

„იმედს ვიტოვებ, რომ ეს ანგარიში, რომელიც პროექტის მასშტაბებიდან და შინაარსიდან გამომდინარე სრული კატასტროფაა, კიდევ ერთხელ დახარვეზდება“ - არჩილ გუჩმანიძე

იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ბუნების, შავი ზღვის სიყვარული გაიმარჯვებს და ეს ანგარიში, რომელიც პროექტის მასშტაბებიდან და შინაარსიდან გამომდინარე სრული კატასტროფაა, კიდევ ერთხელ დახარვეზდება -  ამის შესახებ გარემოს დაცვის ექსპერტმა, იქთიოლოგმა, არჩილ გუჩმანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. გუჩმანიძე  ერთ-ერთი მათგანია, ვისაც ბათუმის ხელოვნური კუნძულის პროექტი მავნებლობად მიაჩნია და მისი შეჩერების მოთხოვნით გარემოს ეროვნულ სააგენტოს მიმართა. რა ეტაპზეა ახლა კუნძულის მშენებლობა და მოხდა თუ არა გარემოს დამცველთა შენიშვნების გათვალისწინება? - ამაზე TIA.GE-ს თავად არჩილ გუჩმანიძე ესაუბრა:

- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს) ბათუმის კუნძულის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით შენიშვნები ა.წ. თებერვლის თვეში წარვუდგინეთ. გარდა ამისა, კიდევ იყო შენიშვნები, რომლებიც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაიწერა. ჩემს პრაქტიკაში ვერ ვიხსენებ ვერც ერთ გზშ ანგარიშს, რომელზეც ამდენი შენიშვნა დაიწერა. საბოლოოდ, შენიშვნების დიდი რაოდენობა დაგროვდა და სააგენტოს მიეცა გარკვეული ვადა, რომ ეს შენიშვნები გაეთვალისწინებინა. რა თქმა უნდა, იქ იყო საკითხები, რომელთა გათვალისწინება ორ თვეში და ერთ წელიწადში ვერ მოხერხდებოდა იმიტომ, რომ პროცესი თავიდანვე არასწორად დაიწყო და კვლევები არასწორად ჩატარდა. რა თქმა უნდა, კვლევებს თავიდან ვერ ჩაატარებენ, რადგან ამას წლები სჭირდება. აქედან გამომდინარე, ამ შენიშვნების გათვალისწინება შეუძლებელი იყო, მაგრამ კომპანიამ საკუთარი  მოსაზრებები წარმოადგინა. ადგნენ, ეს ჩვენი შენიშვნები ცხრილში გაწერეს და ფორმალურად, ყველა შენიშვნაზე პასუხი მიაწერეს. 

- როგორც მივხვდი, ეს პასუხები არ გაკმაყოფილებთ...

- ეს ფორმალური, შინაარსისგან დაცლილი პაუხებია. რა თქმა უნდა, ვერანაირ არგუმენტაციას ვერ მოიტანდნენ, მაგრამ ეყოთ უტიფრობა, რომ ჩვენს შენიშვნებზე ფორმალურად რაღაცები მიაწერეს. რჩება შთაბეჭდილება, რომ კომპანია ცდილობს, რომ პასუხები „ჩათვალოს“ და ამ გზით ფონს გავიდეს. ჩვენ თითოეულ პასუხზე პუნქტობრივად დავუწერეთ შენიშვნები, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ და დოკუმენტაცია სამინისტროში გადავაგზავნეთ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი პოზიცია გათვალისწინებული იქნება, იმიტომ, რომ შეუძლებელია შავს დავარქვათ თეთრი და პირიქით თეთრს შავი. იმდენი დარღვევა და გადაცდომაა ამ კვლევებში, რომ ამ კვლევების საფუძველზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება წარმოუდგენლად მიმაჩნია.

- რამდენიმე დღის წინ  გამოქვეყნდა ნინო  ჩხობაძის ინტერვიუ, სადაც ის ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ზღვის დონის მატების ფონზე, შავი ზღვის სანაპიროზე მშენებარე ინფრასტრუქტურა შეიძლება წყალში აღმოჩნდეს. ამ შემთხვევაში კუნძულს რა ელის?

- სრულიად ვიზიარებ ქალბატონი ნინოს პოზიციას. დავიწყოთ იმით, რომ სანაპიროზე ახლაც გვაქვს მწვავე ეროზიული უბნები, რომელთა აღდგენისა და შენარჩუნებისთვის სახელმწიფო ათობით მილიონ ლარს ხარჯავს. მაგალითად, ახალ ბულვარში გაკეთდა ნაპირდაცვითი კედელი და 60-65 მილიონი დაიხარჯა. ეს ფაქტობრივად, წყალში გადაყრილი ფულია, რადგან შედეგი ვერ მოგვცა. ჩვენ გვაქვს მწვავე ეროზიული უბნები მთელ სანაპიროზე - დაწყებული ანაკლიიდან სარფამდე და იმ დროს, როდესაც სანაპიროებს ვერ ვიცავთ, ზღვაში ვიჭრებით და კუნძულს ვაშენებთ. თან ამას როგორ ვაკეთებთ? კომპანიას გამოცხადებული ჰქონდა, რომ კვლევებს  მაღალი დონის, კომპეტენტური, საერთაშორისო აღიარების მქონე ცენტრებით ჩაატარებდა, რასაც მივესალმებოდით, მაგრამ მოგვატყუეს და ეს საქმე ქართულ კომპანიას მიანდეს, რომემაც კვლევებისთვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაიქირავა. 

- ქართული კომპანიების ჩართვის წინააღმდეგი რატომ ხართ?

-  წინააღმდეგი არ ვარ. პირიქით, ასეთ პროექტებში ქართული კომპანიების ჩართვას და მონაწილეობას მივესალმები, მაგრამ ქართველებს ოდესმე კუნძული აგვიშენებია? ზღვაში რაიმე პლატფორმა შეგვიქმნია? კი ბატონო, რაც არ ვიცით, ახლა დავიწყოთ სწავლა, მაგრამ სწავლას ბევრი შეცდომები ახლავს და ამ შეცდომებს შეიძლება ჩვენი ქალაქის განადგურება მოჰყვეს.  შეცდომები რომ თავიდან ავირიდოთ და თავი დავიზღვიოთ, აუცილებელი იყო ამ პროექტის ზღვის ბიოლოგიის ნაწილში ისეთი კომპანიების ჩართვა, რომლებსაც მსგავსი გამოცდილება გააჩნიათ და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება. მე მაქვს ინფორმაცია და ალბათ მოვა დრო და ამ მიმოწერასაც გამოვაქვეყნებ, სადაც კომპანიამ მსგავს კვლევაში მონაწილეობა ძალიან მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციას თხოვა. ამ კომპანიის პასუხი იყო -კი ბატონო, გავაკეთებთ, მაგრამ პროექტი ამის შემდეგ უნდა შედგეს. ამათმა კი პროექტი წინასწარ გაუგზავნეს. წარმოგიდგენიათ? ფაქტობრივად, ეუბნებიან, კვლევა ჩაატარე და ჩვენს პროექტს მოარგეო. კვლევა ტარდება იმისთვის, რომ ამ კვლევის საფუძველზე დიზაინი შეადგინო, პროექტის კონცეფცია შეიმუშავო და განსაზღვრო ღირს თუ არა ამ ადგილზე ამ პროექტის განხორციელება. ამათმა კი წინასწარ გამზადებული პროექტი გაუგზავნეს და მიანიშნეს, კვლევები ისე გააკეთე, რომ პროექტის მოარგო და „გაგვიპრავოო“.

- კომპანიამ რა უპასუხა?

- რა თქმა უნდა, კვლევების გაყალბებაზე ნებისმიერი თავმოყვარე კომპანია და მეცნიერი უარს იტყვის და ამათმაც უარი თქვეს. ასე, რომ პროექტს უამრავი პრობლემა და რისკი ახლავს. გარდა იმისა, რომ ნავთობით გარემოს დააბინძურებს, ბათუმის პორტს საერთოდ მოშლის და ბათუმის უბე საერთოდ დაკარგავს ტურისტულ მიმზიდველობას. ჯერ პროექტის 5%-ა შესრულებული და იქ უკვე პრობლემებია. შეგიძლიათ მიბრძანდეთ და შეადაროთ რა იყო ერთი წლის წინ და რა არის ახლა და ნავთობის რამხელა ლაქებია. ეს დასაწყისია და კიდევ უამრავი სხვა პრობლემა შეიქმნება, ამიტომ იმედი გვაქვს, რომ სამინისტროში კიდევ არის საღად მოაზროვნე ხალხი, რომელიც ამ წითელ ხაზებს არ და ვერ გადავა. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ბუნების, შავი ზღვის სიყვარული გაიმარჯვებს და ეს ანგარიში, რომელიც პროექტის მასშტაბებიდან და შინაარსიდან გამომდინარე სრული კატასტროფაა, კიდევ ერთხელ დახარვეზდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა