თეგებით ძიება

როგორ გავხსნათ „ჩაკეტილი ბედი“ და მოვიზიდოთ სახლში კეთილდღეობა? - ფენ-შუის სპეციალისტი გვირჩევს

ფენ შუი ძველი აღმოსავლური ხელოვნებაა, რომელიც გვასწავლის, რომ ადამიანის წარმატება და ბედნიერება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორაა მოწყობილი მისი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი. როგორ გავხსნათ „ჩაკეტილი ბედი“, გავანეიტრალოთ „ავი თვალის“ მოქმედება და მოვიზიდოთ  სახლში კეთილდღეობა? - ამ და სხვა თემებზე TIA.GE-ს ფენ-შუის სპეციალისტი სალომე ყიფიანი ესაუბრა.

 

- დავიწყებ იმით, რომ თუ ადამიანმა საკუთარ თავზე არ იმუშავა, ყველგან თილისმა რომ გაიკეთოს, არაფერი გამოვა. ადამიანის ყველაზე დიდი მტერი მისი განცდებია. მაგალითად, გოგონა ვერ თხოვდება და ამაზე ნერვიულობს. როცა მის განცდებს მისი მშობლების განცდები ემატება, იმხელა უარყოფითი ენერგია წამოიქმება, რომ არა მარტო პირად, არამედ კარიერულ წინსვლაზეც მოქმედებს, ამიტომ ყველაფერი საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ.

– ოჯახში კეთილდღეობა როგორ მოვიზიდოთ?

- ოჯახში რომ კეთილდღეობა მოვიზიდოთ, ყველაზე მარტივი, რაც უნდა გააკეთოთ, სახლიდან ზედმეტი ნივთების გატანაა. მოიცილეთ ძველი ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იცვამთ, გადაყარეთ უსარგებლო და დაზიანებული ნივთები, შეაკეთეთ გაფუჭებული კარის საკეტი და წყლის ონკანი, ამოლესეთ კედელზე გაჩენილი ბზარი და ა.შ. ეს ყველაფერი სახლში ცუდ ენერგიებს იზიდავს. გარდა ამისა, ყოველთვის ვიტყვი, რომ ვისაც წარმატება და ჯანმრთელობა უნდა, საძინებლიდან სარკე და დიდი ტელევიზორი უნდა გაიტანოს. ამ ორი ნივთის საძინებელში ყოფნა  ჯამრთელობას, ურთიერთობას ან ფინანსურ მდგომარეობას აზიანებს.

_ როგორ მოვიქცეთ თუ საძინებელში დიდი, ძვირადღირებული სარკიანი კარადა დგას?

- სხვა ოთახში უნდა გავიტანოთ ან ნახატიანი, დასაკრავი ფირები იყიდება და ის ფირი უნდა დავაკრათ. სარკე ერთ-ერთი საშიში ატრიბუტია და მისი სწორად გამოყენება უნდა ვიცოდეთ.

_ სწორად გამოყენება რას ნიშნავს? სად უნდა დავკიდოთ?

- სარკე ძალიან კარგია მისაღებ ოთახში, სადაც სიმდიდრის სექტორია.  განსაკუთრებით იქ, სადაც მაგიდაზე ხილი იდება. ხილი სიუხვის სიმბოლოა და კარგი ენერგია მოაქვს. ხილის გარდა, მაგიდაზე შეიძლება ნატრალური ქვების თასი, ფენ შუის წარმატების სიმბოლოები და ყვავილები დააწყო - ეს დადებით ენერგიას აორმაგებს. სარკე ძალიან კარგია ტუალეტის კარზეც, ოღონდ გარედან, იმიტომ, რომ ტუალეტი ძალიან ნეგატიურ სექტორად ითვლება. ძველად ტუალეტი ყოველთვის სახლის გარეთ იყო, რაც ძალიან სწორია. დღეს სხვა ცხოვრებაა და ტუალეტებს კორპუსის გარეთ ვერ გაიტან, ამიტომ ტუალეტის კარზე, გარედან აკრული სარკე ტუალეტის ფუნქციას აქრობს.. ეს არის ყველაზე ეფექტური მეთოდი ტალეტის ცუდი ენერგიის გასანეიტრალებლად.

- ტელევიზორისა და სარკიანი კარადის გამოტანის შემდეგ საძინებელში რა დავტოვოთ ან რა შევიტანოთ?

_ საძინებელში კარგია ლოტოსის ყვავილის შეტანა, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ ამ ოთახში სიმშვიდე და ნათელი ფერები იყოს. არ შეიძლება, რომ საძინებელს და ტუალეტს ერთი კედელი ჰყოფდეს. თუ საძინებელი ტუალეტის კედელთანაა, იმ კედელზე ლოგინი არ უნდა მივადგათ. არ შეიძლება იმ ოთახში ძილი, რომლის ზემოთ, ქვემოთ ან გვერდით მეზობლის ტუალეტია. ზოგადად, ყველა სახლს ოთხი დადებითი და ოთხი უარყოფითი სექტორი აქვს. სახლის მშენებლობის დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოთხ დადებით სექტორში კეთდება საძინებლები და მისაღები ოთახი, ოთხ უარყოფით სექტორში კი სამზარეულო, ტუალეტი და ნივთების შესანახი ოთახი.

_ არსებობს თუ არა რიტუალი, რომელიც ადამიანებს  „ჩაკეტილი ბედის“ გახსნაში დაეხმარება?

_ გავიმეორებ, რომ პირველ რიგში ახალგაზრდაც და მისი მშობლებიც უარყოფითი განცდებისგან უნდა გათავისუფლდნენ. ამის გარდა, ვურჩევ ინტერნეტიდან კვატი მანდარინების, ორი თუთუყუშის და ორმაგი ბედნიერების ფოტო ამობეჭდონ და საძინებელში, დასავლეთის მხარეს  ლოგინის თავზე დაკიდონ.

- რაიმე, მსგავსი რიტუალი „ავი თვალის“ წინააღმდეგაც თუ არსებობს?

_ „ავი თვალის“ წინააღმდეგ ძალიან კარგია მინერალების გამოყენება. ერთ-ერთი უძლიერესი მინერალია ოქროს ოფსიდიანი ვეფხვის თვალი და სელენიტი, რომელიც მფარველ ანგელოზთან გვაკავშირებს. ძალიან კარგია ოსტრობრამსკის ღვთისმშობლის ან შვიდ ისრიანი ღვთისმშობლის ხატი, რომელიც შეგიძლიათ ამობეჭდოთ, აკურთხოთ და შემოსასვლელი კარის პირდაპირ დაკიდოთ. ამაზე ძლიერი დაცვა სახლისთვის არ არსებობს. ის არაკეთილმოსურნე ადამიანს თქვენს სახლში შემოსასვლელ გზას უკეტავს. ბუნებრივი საკმეველიც ძლიერი დამცველია. შეგიძლიათ აანთოთ და ყველა ოთახი შემოიაროთ.  მსხვილი მარილი უარყოფით ენერგიებს საუკეთესოდ  ანეიტრალებს. თიხის, ფაიფურის ან მინის პატარა ჯამში (ლითონი არ შეიძლება) მსხვილი მარილი უნდა ჩაყაროთ და იმდენი წყალი დაასხათ, რომ 1 მილიმეტრით მეტი იყოს. ასეთი ჯამები უნდა დადგათ შემოსასვლელში, ტუალეტში, ლოგინის ქვეშ  და ყველგან, სადაც ხელი მიგიწვდებათ. დროთა განმავლობაში, მარილი რომ უარყოფით ენერგიას შეისრუტავს და აფუვდება, ტუალეტში უნდა ჩარეცხოთ და ახალი მოამზადოთ.  ახალი მთვარის დადგომამდე სამი დღით ან ერთი კვირით ადრე ეს რომ გააკეთოთ, ახალ მთვარეს სახლი სუფთად შეხვდება.

არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ბინის შესასვლელი სადარბაზოდან იწყება. სადარბაზო სუფთა უნდა იყოს, კარი უნდა იკეტებოდეს და შუქი უნდა ინთებოდეს. თუ სადარბაზოსთან ნაგვის ურნები დგას, შეგიძლიათ განცხადება დაწეროთ და ცოტა გვერდით გადაწიოთ, რომ არ ჩანდეს. და ბოლოს, ვერანაირი თილისმა ვერ შველის, თუ  ადამიანმა საკუთარ თავზე არ იმუშავა. მოაწესრიგეთ საკუთარი განცდები, შინაგანი სამყარო და გწამდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

 

 

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა