16 მძიმე წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა. გიორგის გარეშე რომ გვიწევს ცხოვრება, ახლა უფრო რთულია - გიორგი ანწუხელიძის მეუღლე
16 მძიმე წელი გავიდა და არაფერი შეცვლილა - განცდები უფრო მეტად გვაქვს. თავიდან ვერ ვაცნობიერებდით. ახლა გიორგის გარეშე რომ გვიწევს ცხოვრება, უფრო რთულია, - ამის შესახებ გიორგი ანწუხელიძის მეუღლემ, მაკა ჩიკვილაძემ მუხათგვერდის სასაფლაოზე განაცხადა, სადაც დღეს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულ გმირებს პრემიერ-მინისტრმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს.
მისი თქმით, გიორგი ანწუხელიძე თავისუფლებას, თავის სამშობლოს შეეწირა, ისევე როგორც ყველა აგვისტოს ომში გარდაცვლილი ჯარისკაცი.
„მე დავურეკე - გიორგის ვერ უკავშირდებოდნენ, მე დამირეკეს და შემდეგ გიორგის დავურეკე. ვუთხარი, გიძახებენ. მგონი, ომი დაიწო და ფრთხილად იყავი-მეთქი. გიორგიმ მითხრა, ნუ გეშინია, არაფერი მომივა. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. შემდეგ გიორგის ვეღარ დავუკავშირდი“, - განაცხადა მაკა ჩიკვილაძემ.