კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნოღაში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.
მუზეუმი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და მუნიციპალური მუზეუმის შესანიშნავი პოტენციალი აქვს.
„დღეის მდგომარეობით შენობა ძლიერ დაზიანებულია. ამორტიზებულია როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის ხის ელემენტები, დაზიანებულია აივნის ბაქანი, რიკულები და შესასვლელი კიბე, იატაკი. დროთა განმავლობაში ნალექმა სრულად დააზიანა შენობის სახურავი. ასევე, ავარიულ მდგომარეობაშია ხის საძირკველი და სარტყელი. მოუწესრიგებელია ეზოს ტერიტორიაც. აღსანიშნავია, რომ სახლ-მუზეუმში აქამდე სარეაბილიტაციო სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა.
სააგენტოს მიერ მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისა და ეზოს კეთილმოწყობისათვის გამოყოფილია 698,776 ლარი.
ძეგლის რესტავრაციისას მაქსიმალურად შენარჩუნდება და აღდგება მისი იერსახე. პროექტით გათვალისწინებულია შენობის აღდგენის სამუშაოები; კედლებისა და სახურავის დაზიანებული ნაწილების რესტავრაცია; შენობის ხის ელემენტები გასუფთავდება და გაიწმინდება სპეციალური ხსნარით. ეზოს ტერიტორიაზე დაგეგმილია სანიტარული კვანძის, დაცვის ოთახისა და სათავსოს მოწყობა; ღობის, ელექტრომომარაგების სისტემისა და ტერიტორიის კეთილმოწყობა; ეზოში ასევე განთავსდება ამფითეატრი კულტურული ღონისძიებებისთვის.
სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით 2023 წელს შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად კი 2024 წლის 30 ივლისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „ბილდკინგსთან“.
ინფორმაციისთვის, დიდი ქართველი ენათმეცნიერის, აკაკი შანიძის, სახლ-მუზეუმი მეცნიერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1987 წელს გაიხსნა და, სავარაუდოდ, ამავე პერიოდში უნდა იყოს აშენებული. 2020 წელს სახლ-მუზეუმს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.