"დღეს ერთმორწმუნეობას ამოფარებული რუსეთის სახით საქართველოს ეშმაკი ეცხადება და მის შთანთქმას ცდილობს"- არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია
დღეს ერთმორწმუნეობას ამოფარებული რუსეთის სახით საქართველოს ეშმაკი ეცხადება და მის შთანთქმას ცდილობს - ამის შესახებ სამების ტაძრის არქიმანდრიტმა შიო კვარაცხელიამ ქადაგებისას განაცხადა.
"ყველამ ვნახეთ პატრიარქის წერილი, სადაც მან აღნიშნა, რომ საქართველო არის ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი და ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოს განვითარებისა და განმტკიცებისთვის. მაგრამ სამწუხაროდ მისი ეს რჩევა არ ისმინეს. ვხედავთ ქართველი ხალხი როგორ გამოხატავს პროტესტს, მაგრამ მმართველ ძალას არც საკუთარი ხალხის ხმის ესმის. ვხედავთ ცივილური სამყაროს მოწოდებებს, არც მათ რჩევებს ითვალისწინებენ. ამის სანაცვლოდ საკუთარ მოსახლეობას 9 აპრილის და საბჭოთა არმიის ენაზე ესაუბრებიან. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მათ გონება აქვთ წართმეული.
ყველაზე დიდი სასჯელი ღვთისგან არის გონების წართმევა. გონებაწართმეულია ის ადამიანი, რომელსაც დაკარგული აქვს სწორად განსჯის უნარი და არც სხვის შეგონებას ისმენს. ამის მაგალითი გვაქვს ბიბლიიდან, ფარაონის შემთხვევა [...] ფარაონს გონება ჰქონდა წართმეული, ვერ ხვდებოდა, რომ ებრაელი ერი უნდა გაეთავისუფლებინა და არც მოსეს შეგონებას ისმენდა. დღეს ქართველი ერი ეუბნება ფარაონს, რომ გაუშვას და მისცეს იმის ნება, რომ აღასრულოს თავისი ისტორიული არჩევანი, მაგრამ სამწუხაროდ ფარაონს გული აქვს გაფიცხებული, დასჯილია და გონება აქვს წართმეული ღვთისგან. ზოგიერთს იმ დონეზე აქვს გონება წართმეული, რომ სასჯელი ჯილდო გონია და სანქციას ჯილდოს უწოდებს [...]
დღეს ერთმორწმუნეობას ამოფარებული რუსეთის სახით საქართველოს ეშმაკი ეცხადება და მის შთანთქმას ცდილობს, ზოგიერთი ვერ ამჩნევს ამას, ზოგიერთი კიდევ ხედავს ამ ყველაფერს და მაინც ურჩევნია ამ ეშმაკთან ურთიერთობა და მიყიდული აქვს საკუთარი სული და სამშობლო. ამ ყველაფრის სანაცვლოდ მისგან იღებს მიწიერ ფუფუნებას და კეთილდღეობას. ასევე შეცდომაში შეჰყავთ სხვებიც და ეუბნებიან, რომ ამ ერთმორწმუნეობას ამოფარებული რუსეთის უკან ნათლის ანგელოზი დგას. გავიხსენოთ რა შედეგები მოგვცა რუსეთთან ურთიერთობამ: გაუქმებული ავტოკეფალია, გაუქმებული სახელმწიფოებრიობა, ქართული იდენტობის აღმოფხვრის მცდელობა, ოკუპირებული ტერიტორიები და უამრავი უბედური რამ. ამ ყველაფრის შემდეგ როგორ შეიძლება მას ენდო.
სასულიერო პირი თავისი სიმართლის ქადაგებით ადამიანს გზას უნდა უნათებდეს. სასულიერო პირი რომელიც ადამიანებს ატყუებს, სიცრუეს ქადაგებს და ძალადობას აორგანიზებს ის არის ჩამქრალი სანთელი. ის არაა ქრისტეს მღვდელი, ის უფრო ეშმაკის მღვდელია. ამბროსი ხელაიას ღვაწლი დღესაც უნათებს ქართველებს გზას, რადგან ის თავის დროში არ დუმდა და არსებულ პრობლემებს პასუხობდა და ბოროტებას ებრძოდა.
საქართველოს ისტორიაში იყვნენ მაძღარი მონები, რომლებიც თანამდებობაზე იყვნენ და სამწუხაროდ დღესაც ყოფილან," - განაცხადა არქიმანდრიტმა შიო კვარაცხელიამ.