"ისეთი დალეწილია, ხელ-ფეხი მიაკერეს... რაზეც იდგნენ, ის მოწყობილობა გამოსულა მწყობრიდან..." - რას ჰყვება სარკინიგზო ავარიისას გარდაცვლილი ბიჭის მეგობარი?
3 სექტემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე თბილისში, ფეიქრების ქუჩასთან, ბათუმი-თბილისის მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე ორი ადამიანი დაიღუპა.
მოგვიანებით "საქართველოს რკინიგზამ“ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ მატარებლის დაჯახების შედეგად დაღუპული ორი ადამიანი გეგმურ სამუშაოებს ასრულებდა და ისინი რკინიგზის თანამშრომლები იყვნენ.
"დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ“, - წერია განცხადებაში.
ამავე ცნობით, მატარებლის მგზავრები არ დაშავებულან.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ორი გარდაცვლილი თანამშრომლიდან ერთ-ერთი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტი ლაშა ცაგარეიშვილია. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობრებმა გაავრცელეს.
ambebi.ge ლაშას მეგობარს ბექა ღურბელეიშვილს ესაუბრა:
"ლაშა ჩემი ბავშვობის მეგობარია, ერთად გავიზარდეთ, ერთ ქუჩაზე ვცხოვრობდით... 5 ოქტომბერს 25 წლის გახდებოდა. საოცარი ბიჭი იყო ლაშა. ორი თვის წინ ქორწილი ჰქონდა, მისი მეჯვარე ვიყავი. მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ, თბილისშიც ერთად ვცხოვრობდით, მუდმივად ერთად ვიყავით. ლაშამ ჯერ ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრა, გასულ წელს კი თსუ-ს გეოგრაფიის ფაკულტეტზე ჩააბარა. რკინიგზაში დაახლოებით 1 წელია, რაც მუშაობს. რკინიგზაზე რაღაცეებს არემონტებდნენ, სამნი ყოფილან. როგორც ამბობენ, მატარებელი რომ წამოსულა, რაზეც იდგნენ ის მოწყობილობა გამოსულა მწყობრიდან, ვერ ჩამოწიეს, სამიდან ერთი გადმომხტარა, ამ ორმა ვერ მოახერხა. ისეთი დალეწილია საცოდავი, ხელ-ფეხი მიაკერეს...
ძალიან თბილი ბიჭი იყო, ქუჩაში ყველას ღიმილით და ჩახუტებით ხვდებოდა,არ მახსოვს ვინმესთვის ეწყენინებინოს. ლაშამ ყველას გული მოკლა, სიტყვებსაც ვერ ვპოულობ“...