თეგებით ძიება

პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნის დაცვის შესახებ“ მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილა და 81 ხმით მხარი დაუჭირა.

საკითხი პარლამენტის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა წარადგინა და ცალკეული მუხლის შესახებ, პარლამენტის წევრების კითხვის პასუხად, განმარტებები გააკეთა.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, ოჯახის ცნება, მისი რეგულაციები სხვა ქვეყნების კონსტიტუციებშიც არის ასახული და ის არ განიხილება როგორც მხოლოდ რელიგიური კატეგორია.

„ოპონენტთა რიტორიკას რომ მივყოლოდით, რომლის თანახმად, ოჯახი არის მხოლოდ რელიგიური კატეგორია, მაშინ ოჯახზე ჩანაწერი არც კონსტიტუციაში არ უნდა იყოს. კანონმდებელი, ასევე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა ამას ასე არ მიიჩნევს და მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოშიც ასე არ უყურებენ. ოჯახის ცნებას, მის რეგულაციებს სხვა ქვეყნების კონსტიტუციებშიც ნახავთ, ჩვენი „ნოუ-ჰაუ“ არ არის“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი გადადგეს და გაჰყვნენ იმ ხაზს, რომელიც 2017 წელს დაიწყო, როდესაც ოჯახის ცნების რეგულაცია მოხდა.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებდით ისეთ ვითარებას, როდესაც ეს ჩანაწერი ფარატინა ქაღალდი გახდებოდა. ოჯახური ღირებულება ისევ კონსტიტუციიდან გამომდინარეობს, არა აქვს მას მხოლოდ რელიგიური დატვირთვა. რელიგიური შეხედულებებით მისი ახსნა შეუძლებელია. ასე რომ, სწორ გზას დავადექით, სწორად ვარეგულირებთ და ეს ჩვენი, საქართველოს მომავლისათვის, იმ საფრთხეების პრევენციისათვის, რომლებიც ყოველდღიურად იჩენს თავს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა