სახელობითად ჩამოგითვლით ევროპულ ფონდებს, საიდანაც მოვიძიებთ 14 მილიარდს - ვაშაძე კობახიძეს
"თქვენთვის სასურველ დროს, თქვენთვის სასურველ ტელეარხზე, მზად ვარ, მოვიდე და მოვიტანო სახელობითად ის ევროპული ფონდები, საიდანაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მოვიძიოთ 14 მილიარდი ევრო" - ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე პერმიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს პასუხობს.
"ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, რომელიც თავის გუნდთან ერთად ბლოკავს საქართველოსთვის 14 მილიარდი ევროს მიღებას. ბატონო ირაკლი, თქვენთვის სასურველ დროს, თქვენთვის სასურველ ტელეარხზე, მზად ვარ, მოვიდე და მოვიტანო სახელობითად ის ევროპული ფონდები, საიდანაც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მოვიძიოთ 14 მილიარდი ევრო.
[...] მე ვერ გამოგყვებით ამდენ ტყუილში, რასაც კადრულობთ, ატყუებთ საზოგადოებას. უფრო მეტიც, დაკავებული ხართ ჩემი გამონათქვამების გაყალბებით თქვენ მიერ მართულ ტელეარხებზე. რაც არ მითქვამს, იმას აწერთ ჩემს ფოტოს" - თქვა ვაშაძემ.
ქართული ოცნების ლიდერები ტყუილ დაპირებას უწოდებენ ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ლიდერის განცხადებას.
"ეს 14 მილიარდი მართლა არსად არ არსებობს. ეკონომიკის კუთხით თუ ავიღებთ, ჩვენი ზომის ევროკავშირის წევრ ქვეყანას, დაახლოებით, 500 მილიონ დოლარამდე შეადგენს ყოველწლიური მხარდაჭერა. 14 მილიარდი დოლარი არ არსებობს არსად. ასეთი დახმარება არავის არ მიუღია, შესაბამისად, ეს არის მორიგი ტყუილი, რასაც ისინი ავრცელებენ" - თქვა კობახიძემ.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ირონიულად გამოეხმაურა გიორგი ვაშაძეს.
"ისე, 14 მილიარდი რას დაგვხატავდა, მერე გენახათ…
უმორჩილესად ვთხოვთ ჩვენს ოპონენტებს, დაგვისახელონ ფონდები, საიდანაც შეიძლება ეს თანხები ჩვენს ქვეყანაში წამოვიდეს. როგორც ისინი ამბობდნენ, კანდიდატის სტატუსის მიღების დროსაც უნდა ჩარიცხულიყო და მოსაკითხია, ვინმემ ხომ არ მიითვისა" - წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში.