თეგებით ძიება

ვინ ითხოვდა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ბრალდებას უარყოფენ

ვინ ითხოვდა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას - "მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ მთავარი კითხვა სწორედ ეს არის. "მაკკეინის ინსტიტუტის" მიერ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერია, რომ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ევროკავშირისგან უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვს. ანგარიშის მიხედვით, რამდენიმე ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი "ქართული ოცნების" მთავრობის ქმედებების შედეგების საჩვენებლად, აუცილებელია.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ბრალდებას უარყოფენ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა თემაზე ვრცელი კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ტყუილია.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ლევან ნატროშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები თავიანთ დასკვნას საკუთარი დაკვირვებების მიხედვით აკეთებენ და არა სხვისი მითითებებით.

"ჩვენ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის საკითხი არასდროს არ დაგვიყენებია. ის კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს სიტყვას გარკვეული ძალა აქვს, მაგრამ არა იმდენი, რამდენიც ზოგს ჰგონია ხოლმე. ის ადამიანები, ქვეყნები, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე და წყვეტენ, რა უნდა გაკეთდეს საქართველოსთან მიმართებით, თავად აკეთებენ კვლევებს და თავად უყურებენ მოვლენებს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება შეიძლება მათ თავად მიიღონ, აქედან არავინ არ კარნახობს, ვინ რა უნდა გააკეთოს. ლორას კითხეთ, ჩვენ არ შევხვედრილვართ და ვერ გეტყვით, რაზეა აქ საუბარი კონკრეტულად, თავად ლორა გაგცემთ ამ კითხვებზე პასუხს," - აცხადებს ნატროშვილი.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წევრი, ნანუკა ყურაშვილი ამბობს, რომ არც მას და არც მის ორგანიზაციას მსგავს განხილვაში მონაწილეობა არასდროს მიუღია.

მე პირადად გეტყვით, რომ ასეთ შეხვედრებში არ ვიღებდი მონაწილეობას, ჩემი ორგანიზაციის სახელითაც შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვადვოკატირებთ იმას, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის ნაწილი, რომ ხალხი არ დაზარალდეს. ეს მოიცავს როგორც ვიზალიბერალიზაციას, ისე სხვა მოთხოვნებს. შესაბამისად, "მაკკეინის ინსტიტუტის" ამ ანგარიშზე კომენტარს ვერ გავაკეთებ," - აცხადებს ნანუკა ყურაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა