ორივე გუნდს მძიმე პირობებში მოგვიწია თამაში, რაც ხარისხზე აისახა - თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა - კაშია
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ უკრაინასთან გამართული მატჩის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში თამაში შეაფასა და მომავალი შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, გუნდმა ძალები მალე უნდა აღიდგინოს და მოსაგებად ითამაშოს.
"თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ბევრად უკეთესი შესაძლებლობები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, მაგრამ გავდივართ გზას, რომლის შემადგენელი ნაწილი მარცხიც არის.
ორივე გუნდს მძიმე პირობებში მოგვიწია თამაში, რაც ხარისხზე აისახა. ამ პირობებში, ვერ ვითამაშეთ იმ დონეზე, რა დონეზეც წინა თამაშები ჩავატარეთ, თუმცა თავს არ ვიმართლებთ.
რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ ძალები და მომდევნო მატჩში მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, გავაანალიზებთ დღევანდელ შეხვედრას და შემდეგ თამაშს, საკუთარ მოედანზე, უკეთ ჩავატარებთ. განვიცდით დღევანდელ მარცხს, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. ეს ჩვენი გზის ნაწილია“, - ამბობს კაშია.
შეგახსენებთ, ერთა ლიგის ფარგლებში საქართველო უკრაინასთან ანგარიშით 0:1 დამარცხდა.
ჩვენი ქვეყნის ეროვნული ნაკრები 14 ოქტომბერს საკუთარ მოედანზე ალბანეთს უმასპინძლებს.
ცნობისთვის, 3 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში ისევ პირველ ადგილზე რჩება.