საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება სარეკორდო 196.45 მილიონ ევრომდე გაიზარდა
საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამური სატრანსფერო ფასი 196,45 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ასეთია სამენეჯერო ინტერნეტსააგენტო Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები.
ზურიკო დავითაშვილის შეფასება ცნობილი იყო. „სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველის ფასი 5 მილიონიდან 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
ახლა კი მატება სამ მოთამაშეს შეეხო: საბა ლობჟანიძის ფასი 4 მილიონი გახდა (3 მილიონი იყო), ხვიჩა კვარაცხელიასი – 85 მილიონი (80 მილიონი იყო). შედეგად, „ჯვაროსნებისა“ და „ნაპოლის“ ლიდერის სატრანსფერო ღირებულება იმ ნიშნულს დაუბრუნდა, რაც 1.5 წლის წინ, 2023 წლის ივნისში იყო.
ყველაზე დიდი ნახტომი საბა გოგლიჩიძეს აქვს. იანვარში მის გრაფაში 300 ათასი ეწერა, ოქტომბერში – 5 მილიონი გახდა, ხოლო ახლა – 8 მილიონი ევროა. აღსანიშნავია, რომ სერია A-ში ჩატარებული 13 მატჩის შემდეგ, ჯაკომო ფაზინისთან ერთად, „ემპოლის“ ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეა, ისევე როგორც კვარაცხელია „ნაპოლიში“.
მცირედით შემცირდა ირაკლი აზაროვის სატრანსფერო შეფასება, რომელსაც დონეცკის „შახტარში“ სათამაშო პრაქტიკა დააკლდა – 5 მილიონი ევროს შემდეგ მის გრაფაში 4,5 მილიონი წერია.