მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს - ჰელსინკის კომისია
ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერები არიან, ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია), რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია), კონგრესმენი მარკ უიზი (დემოკრატიული პარტია) და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში თანაშემწე, დაფნა რენდი.
განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
“ბოლო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისადმი თავიანთი ერთგულება. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც პატივს სცემს მათ უფლებას დემოკრატიულად აირჩიონ თავიანთი ლიდერები, საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს თავიანთი ქვეყნისა და ხალხისადმი საკუთარ ვალდებულებებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით, რომელსაც დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლები დააკვირდებიან, [და] პოლიტიკური ოპოზიციის დაშვებით, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. მთავრობის ავტორიტარული ტრაექტორია საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დემოკრატიულ მომავალს და მისი ხალხის ღრმად გამჯდარ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს,” - ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღინიშნება, რომ სექტემბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი პასუხისმგებლობის ზომების ფართო სპექტრი დააანონსა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და სხვების წინააღმდეგ, ვინც ძირი გამოუთხარა საქართველოს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს.
„მაისში, ჰელსინკის კომისიის ლიდერებმა “მეგობარი აქტი” წარადგინეს - ორპარტიული კანონპროექტი, რომლის მიზანიცაა, საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის გაძლიერება; რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და წინააღმდეგობა გაუწიოს ავტორიტარული რეჟიმების გავლენას, განსაკუთრებით რუსეთის. კანონპროექტი ორპარტიულად დამტკიცდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში და ახლა წარმომადგენელთა პალატაში ელის დამტკიცებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.