წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით - ირაკლი კობახიძე
ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვეტერანის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მმართველმა გუნდმა დაიწყო აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით.
„მინდა მოგილოცოთ ვეტერანთა დღე ჩვენს ძვირფას ვეტერანებს, თავდაცვის ძალების, პოლიციის, სპეციალური სამსახურების ღირსეულ მებრძოლებს, სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს.
ვეტერანი ერთ-ერთი ყველაზე საპატიო სტატუსია ნებისმიერ საზოგადოებაში, რომლისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ფასეულობაა. სახელმწიფოს სიძლიერე განისაზღვრება იმით, როგორია მისი დამოკიდებულება სამშობლოს დამცველებისადმი. ამიტომ, თქვენს კეთილდღეობაზე ზრუნვა, თქვენი ღვაწლისა და გმირობის სათანადო დაფასება ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ის, რომ წელს ამ დღეს მეათედ აღვნიშნავთ, სწორედ ამის დასტურია.
წინა ხელისუფლების დროს არ არსებობდა მყარი სოციალური გარანტიები, საყოველთაო დაზღვევის მინიმალური პაკეტიც კი ვეტერანებისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით; საფუძველი ჩავუყარეთ ვეტერანთა საქმეების სამსახურის შექმნას და ვეტერანებზე ზრუნვა პრიორიტეტად ვაქციეთ. ამ წლების განმავლობაში ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით თქვენი დამსახურებების სათანადოდ დასაფასებლად“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომლებიც სახელმწიფომ ვეტერანებისა და მათი ოჯახების ხელშეწყობისთვის აამოქმედა.
"საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისისა და 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისათვის დაწესდა ყოველთვიური სახელმწიფო კომპენსაცია, რომელიც მზარდია და თუ 2014 წელს 500 ლარი იყო, დღეისათვის უკვე 1200 ლარს შეადგენს. მოიხსნა შეზღუდვა, რომლის თანახმად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების უფლება ჰქონდათ მხოლოდ საპენსიო ასაკის ვეტერანებს; შედეგად, დახმარების მიღება შეძლო დაახლოებით 45 000-მა ვეტერანმა; დაწესდა შეღავათები, მათ შორის საგადასახადო კუთხით, მუნიციპალური ტრანსპორტით და მატარებლით მგზავრობაზე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისებით და სხვა მომსახურებებით სარგებლობაზე. საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში შეიქმნა ვეტერანთა პაკეტი, რომლის ფარგლებშიც ვეტერანებს სამედიცინო მომსახურება 15 000-ლარიანი წლიური ლიმიტის ფარგლებში 100%-ით უფინანსდებათ. ამოქმედდა ომის ვეტერანთა რეაბილიტაციის პროგრამა.
განათლების მიმართულებით სოციალური პროგრამის ფარგლებში, ვეტერანთა შვილები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით ფინანსდებიან. პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამით სარგებლობისას უპირატესი უფლება ვეტერანებს ენიჭებათ; სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში ჩამოყალიბდა ვეტერან ფერმერთა ასოციაციები, კოოპერატივები, მეურნეობები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო გააგრძელებს ვეტერანთა ხელშეწყობას და შესაბამისი პროგრამების გაფართოებას, მათ შორის, აღნიშნული საკითხები გათვალისწინებული იქნება 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესშიც.