ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალები - რა უნდა ვიცოდეთ სახლის მშენებლობისა და რემონტის დროს
ადამიანი მთელი დროის დაახლოებით 75%-ს შენობაში ატარებს - იქნება ეს სამსახური თუ სახლი. ამიტომ შენობაში არსებული ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა მასალები იქნას გამოყენებული მშენებლობის ყველა ეტაპზე - საძირკვლის ჩაყრიდან სარემონტო სამუშაოების ჩათვლით.
ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები იყოფა ორ ჯგუფად: აბსოლუტურად ეკოლოგიურად და პირობითად ეკოლოგიურ სუფთა სამშენებლო მასალებად.
აბსოლუტურად ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებია:
ხე, ქვა, კორპი;
ბუნებრივი წებო, რეზინი, ბუნებრივი საშრობი ზეთი;
აბრეშუმი, თექა, ბამბა, ნატურალური ტყავი;
ჩალა, ბამბუკი და ა.შ.
პირობითად ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებია:
აგური, ფილა;
გადახურვის ფილები;
ქაფის ბეტონის ბლოკები;
ალუმინისგან დამზადებული მასალები.
ეკოლოგიურად სუფთა მასალები არ გამოყოფენ ტოქსიკურ და გამაღიზიანებელ ნივთიერებებს. აქვთ მინიმალური ბუნებრივი რადიოაქტიურობა. იწარმოება ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომლებიც მინიმალურ ზიანს აყენებენ გარემოს და ადამიანებს. ექვემდებარებიან გადამუშავებას და ხელახლა გამოყენებას. ხელახლა გამოყენებისას არ ხდებიან საშიში ჯანმრთელობისთვის და გარემოსთვის.
არაეკოლოგიური სამშენებლო მასალები გამოყოფენ სხვადასხვა ტოქსიკურ ნივთიერებას და საზიანოა ჯანმრთელობისთვის. კერძოდ: პოლისტიროლის ქაფი გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებას სტირონს; ზოგიერთი საიზოლაციო მასალა, შეიცავს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ტოქსიკურ ნივთიერებას - ჰექსაბრომიოციკლოდოდეკანს; პოლიურეთანზე დაფუძნებული თბოიზოლაციის ფილები შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერებებს - იზოციანატებს; ლინოლეუმი, ვინილის შპალერი და დეკორატიული ფილები ჰაერში გამოყოფს მძიმე მეტალებს; დაბალი ხარისხის საღებავები, ლაქები და მასტიკები - შეიცავს ტყვიას, სპილენძს, ტოლუენს, ქსილენს, კრეზოლს; პოლივინილ ქლორიდი იშლება მზის სხივების ზემოქმედებისას და გამოყოფს ჰიდროქლორიდს.
აქედან გამომდინარე, სამშენებლო და სარემონტო მასალების არჩევისას, სხვა მნიშვნელოვან პარამეტრებთან ერთად, ყურადღება მიაქციეთ მათ ეკოლოგიურ უსაფრთხოებას.