„შეიძლება, ფუტკრის ოჯახების 50% განადგურდეს“ - საქართველოში ფუტკრის ახალი დაავადება, ტროპილელაფსოზი გავრცელდა (ვიდეო)
საქართველოში ფუტკრის ახალი დაავადება, ტროპილელაფსოზი გავრცელდა. შეიძლება, ფუტკრის ოჯახების 50% განადგურდეს, - ამის შესახებ მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ, მიხეილ თეთრუაშვილმა ისაუბრა.
“მეორე წელია საქართველოში ახალი დაავადება ფიქსირდება, ტროპილელაფსოზის სახით, რომელიც ახალია იმიტომ, რომ ევროპის ქვეყნებშიც არ შესულა და მისი მართვა რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ მისი სამკურნალო საშუალებები მოკვლეული არ არის. ეს დაავადება დიდი ალბათობით აფხაზეთიდან შემოვიდა რუსეთის გავლით და ახლა, მეფუტკრეები დილემის წინაშე არიან, რომ ფუტკარი გადაარჩინონ.
ეს არის ახალი დაავადება, რისი მართვაც გაჭირდება სახელმწიფოს ჩართულობის და ერთობლივი მუშაობის გარეშე. რამდენიმე დღეში ვაყალიბებთ ჯგუფს სახელმწიფოსთან ერთად. ამ ჯგუფს სამეცნიერო კვლევითი მიმართულება ექნება, რომელიც გადამჭრელ ღონისძიებებთან ერთად ამ დაავადების მართვის მეთოდებს შეისწავლის. ჩვენი მდგომარეობა ევროპისთვისაც ცნობილია და შესაძლებელია, ევროპიდან სამეცნიერო წრეები დაინტერესდნენ და ჩამოვიდნენ, რათა სიტუაციის მართვაში დაგვეხმარონ“, - ამბობს მიხეილ თეთრუაშვილი.
მისივე ინფორმაციით, ფუტკრის ახალი დაავადება ტროპილელაფსოზი ძირითადად დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, კერძოდ გურიაში, იმერეთსა და სამეგრელოში. თეთრუაშვილის პროგნოზით, სავარაუდოა რომ დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახების 50% განადგურდება.
"საქართველოში იმდენად მოულოდნელად შემოვიდა ეს დაავადება, რომ დღესაც ვართ იმის წინაშე, რომ ზუსტი მართვა არ ვიცით, რადგან აზიაში, სადაც რამდენიმე წელია არის, ვერ მართავენ კარგად. ამიტომ, სამეცნიერო წრეები ევროპაშიც, ჩვენთანაც მუშაობენ იმისათვის, რომ ამ დაავადების წინააღმდეგ უკეთესი პრეპარატი შეიქმნას, ვიდრე არსებობს.
ჩვენი საშუალო გათვლით, შეიძლება, დასავლეთ საქართველოში ფუტკრის ოჯახების 50% განადგურდეს, რაც ზაფხულის პერიოდში გამოვლინდება", - აცხადებს „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ თავმჯდომარე.