თეგებით ძიება

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰესის მშენებლობა იწყება - პროექტის ბიუჯეტი $137 მილიარდია

ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა პროექტი, რომელიც ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ტიბეტის რეგიონში, მდინარე იარლუნგ-ცანგპოზე მსოფლიოს უდიდესი წყალსაცავიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გულისხმობს. თუ მედოგის კაშხალი იმ ფორმით აშენდა, როგორც ეს ჩინეთის მმართველ კომუნისტურ პარტიას სურს, მისი დადგმული სიმძლავრე 60,000 მეგავატი, ყოველწლიური გამომუშავება კი — 300 მილიარდი კილოვატ-საათი იქნება, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე აგრეთვე ჩინეთში არსებული “სამი ხეობის კაშხლის” შემთხვევაში, რომელიც მსოფლიოში დღეს არსებული უდიდესი ჰესია.

2023 წელს, ჩინეთმა დაახლოებით 9,220 ტერავატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც ნიშნავს, რომ მედოგის ჰიდროელექტროსადგური ჯამური მოთხოვნის 3.25%-ის გენერაციაზე იქნება პასუხისმგებელი. ამხელა დატვირთვის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობას კაშხალს ის გეოგრაფიული არეალი აძლევს, სადაც ის აშენდება. მედოგის კაშხლის მშენებლობა იარლუნგ-ცანგპოს მდინარის 50-კილომეტრიანი მონაკვეთის ბოლოს იგეგმება, რომლის გავლისას წყლის სიმაღლე 2,000 მეტრით იკლებს, რაც იდეალური პირობაა წყლის დასაგუბებლად და ჰესის ასაშენებლად.

ჩინეთში მსოფლიოს უდიდესი ჰესის მშენებლობა სირთულეებთანაა დაკავშირებული. როგორც ექსპერტები ამბობენ, მედოგის კაშხლის ასაშენებლად დიდ ტერიტორიაზე დიდი მოცულობით წყლის დაგუბება იქნება აუცილებელი, რაც იქ მცხოვრებ ადამიანებს და ტიბეტის რეგიონში არსებულ ფლორას და ფაუნას საფრთხეს უქმნის. ამასთან, ჰესის მშენებლობას ინდოეთი და ბანგლადეში აპროტესტებენ, რადგან მდინარემ, რომელიც ჩინეთის შემდეგ სწორედ ამ ქვეყნებზე გადის, შესაძლოა, წყალუხვი აღარ იყოს და ქვეყნებში პრობლემები გააჩინოს.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კაშხლის ასამუშავებლად ჩინეთის ხელისუფლება მთებში ოთხი 20-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანას გეგმავს, რითაც ტიბეტის რეგიონის უგრძესი მდინარის მიმართულება შეიცვლება. თუკი ეს მართლაც მოხდა, იარლუნგ-ცანგპო, სავარაუდოდ, თვისობრივად შეიცვლება, ისევე, როგორც ეკონომიკა, რომელიც ამ მდინარეს თავს ახლავს. ექსპერტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ამ გზით, სი ძინპინის ხელისუფლებას სურს, ინდოეთი ეკონომიკურ ბლოკადაში მოაქციოს. ცალკე გამოწვევად სახელდება ისიც, რომ მედოგის კაშხალი სეისმურად აქტიურ ზონაში შენდება.

ამ საკითხებზე განსხვავებული პოზიცია აქვს ჩინეთის ხელისუფლებას. კომუნისტური პარტიის შეფასებით პროექტი ეკოლოგიას მინიმალურად დააზიანებს, ხოლო ქვეყანას ეკონომიკურად განავითარებს და ჭეშმარიტ ენერგოგიგანტად აქცევს. ჩინელები კვლევებს იშველიებენ, რომელთა თანახმად ტიბეტის რეგიონში ჰესის მშენებლობა უსაფრთხოა. მედოგის კაშხლის მშენებლობა უკვე დაწყებულია, ხოლო ექსპლუატაციაში ის 2033 წლიდან შევა. პროექტის ბიუჯეტი $137 მილიარდია, მაგრამ ეს რიცხვი, დიდი ალბათობით, გაიზრდება.

წყარო: bm.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა