როგორი იქნება ახალი ბიომეტრიული პასპორტი
ბიომეტრიული პასპორტის დიზაინი იცვლება. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს ბრძანებაშია აღნიშნული.
დოკუმენტით დგინდება საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლები, ასევე ფორმები.
კერძოდ, ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პასპორტის ბლანკი უნდა წარმოადგენდეს წიგნაკის სტანდარტულ ფორმატს, მომრგვალებული კუთხეებით, აგრეთვე, უნდა შედგებოდეს ყდის, მისი 2 შიდა გვერდის, 36 ქაღალდის გვერდისა და 1 ორგვერდიანი პოლიკარბონატით დამზადებული ელექტრონული ჩანართისგან (მონაცემთა ელექტრონული გვერდი).
ამასთან, პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის სტრუქტურა უნდა უზრუნველყოფდეს დოკუმენტის გამძლეობასა და ელექტრონული კომპონენტის დაცულობას, მთლიანი სავარაუდო სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში (10 წელი), იყოს მდგრადი ფიზიკური და ქიმიური დეკომპოზიციის მიმართ, აგრეთვე ყალბი დოკუმენტების დასამზადებლად ინტეგრირებული დამცავი ნიშნების განმეორებით გამოყენების მიმართ.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბლანკის ფორმატი უნდა შეესაბამებოდეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) 9303 სტანდარტს, ევროკავშირის საბჭოს 2004 წლის 13 დეკემბრის რეგულაციას (EC) და ევროკავშირის კომისიის 2018 წლის 30 ნოემბრის №C(2018)7774 განმახორციელებელი გადაწყვეტილების, აგრეთვე მასში შეტანილი ყველა ცვლილების მოთხოვნებს.
გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გარე ყდის ფერი უნდა იყოს მუქი შინდისფერი, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის – მუქი ლურჯი, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის – შავი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის – ღია ლურჯი, ხოლო ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის – ლურჯი და ა.შ.