ურბანიზაცია და ეკოლოგიური მდგომარეობა ევროპულ ქალაქებში
მჭიდროდ დასახლებული დიდი ქალაქებისთვის ურბანიზაციის ნეგატიური შედეგები უძველესი დროიდან არის ცნობილი: ხმაურის დონე, ნარჩენების უტილიზაცია, ჰაერისა და წყლის დაბინძურება, ბუნებრივი ლანდშაფტების გარდაქმნა, არახელსაყრელი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები და სხვა. უძველესი აღმოსავლეთის ქალაქები – ბაბილონი, ალექსანდრია, მემფისი, ნინევია, აგრეთვე ანტიკური ეპოქის სახელმწიფოების პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრები – რომი, ათენი და სხვ. – პრაქტიკულად იგივე გამოწვევების წინაშე იდგნენ, რაც თანამედროვე დიდ ქალაქებს ახასიათებს.
ხშირად გარემოს დაბინძურებას პოსტინდუსტრიულ მოვლენად მიიჩნევენ, თუმცა ეკოლოგიური პრობლემები არც ძველ რომში და არც ანტიკურ საბერძნეთში იყო უცხო. ენერგეტიკულმა კრიზისმა და ბუნებრივი რესურსების დეფიციტმა ძველი ბერძნები აიძულა, მზის პასიური ენერგიის გამოყენებაზე ეფიქრათ – მათ ქალაქებისა და შენობების მშენებლობა მზის მხარეს დაიწყეს, რაც იმდროინდელი მრავალი ერისთვის აბსოლუტურად უცნობი პრაქტიკა იყო.
გაეროს ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის დაახლოებით 75% ქალაქებში ცხოვრობს და ურბანიზაციის ეს პროცესი, ნელი ტემპით, მაგრამ სტაბილურად, დღემდე გრძელდება.
2009 წლის თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით, კომპანია Siemens-მა და დამოუკიდებელმა კვლევითმა ორგანიზაციამ The Economist Intelligence Unit (EIU)-მ 30 ევროპული ქალაქი (უმეტესად დედაქალაქები) გამოიკვლია. კვლევის მიზანი იყო ქალაქების შეფასება გარემოსა და კლიმატის დაცვის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების მიხედვით. შეფასებისთვის შეიქმნა 30 ინდიკატორი, რომლებიც დაყოფილი იქნა 8 ძირითად კატეგორიად:
- CO₂-ის ემისიები
- ენერგიის მოხმარება
- შენობების ენერგოეფექტურობა
- სატრანსპორტო სისტემა
- წყლის რესურსების მართვა
- ჰაერის ხარისხი
- ნარჩენების მართვა და მიწის გამოყენება
- ეკოლოგიური მენეჯმენტი
კვლევის მთავარი შედეგი იყო ის, რომ ქალაქებს შორის შესაძლებელი გახდა ცოდნისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარება. მაგალითად, გამოვლინდა, რომ:
- ვენაში გამწვანების დონე ყველაზე მაღალია;
- დანიური ქალაქები ინტენსიურად იყენებენ ქარის ენერგიას;
- ლუბლიანა გამოირჩევა ნარჩენების გადამუშავების მოწინავე სისტემით;
- პარიზში მოქალაქეებს შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ ველოსიპედებით;
- სტამბულში დანერგილია ნაგავსაყრელებიდან მეთანის მოპოვება;
- ტალინში ავტობუსები აღჭურვილია სპეციალური სისტემით, რომელიც შუქნიშნებს „მწვანე ტალღის“ პრინციპით აკონტროლებს.
კოპენჰაგენმა ჯერ კიდევ 1960-იანი წლებიდან დაიწყო ავტომობილების შემცირების პოლიტიკა ურბანულ ცენტრებში. ქალაქი ყოველწლიურად ზრდის საფეხმავლო ზონებს 2–3%-ით. ავტომობილების სადგომები ჩანაცვლდა 18 სკვერით, რომელთა საერთო ფართობი 100 000 მ²-ს შეადგენს. კომპაქტური განაშენიანების პოლიტიკის წყალობით, ბევრი საჯარო დაწესებულება განთავსებულია ქალაქის ცენტრში და იქ მისვლა უმეტესად მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი.
ენერგიის რაციონალური გამოყენებისა და სათბური გაზების ემისიების შემცირების კუთხით ლიდერია ოსლო, რომლის ახალი საერთაშორისო აეროპორტი ხისა და ბიოენერგიის საშუალებით თბება. შენობების ენერგოეფექტურობის მხრივ გამოირჩევა ბერლინი, ხოლო ფრაიბურგი და ბერლინი ასევე ცნობილია როგორც „მზის ქალაქები“ მზის პანელების ფართო გამოყენების გამო.
სატრანსპორტო პრობლემების მოგვარების კუთხით მოწინავეა სტოკჰოლმი, წყლის რესურსების რაციონალური გამოყენებისა და ნარჩენების მართვის მხრივ – ამსტერდამი, ჰაერის ხარისხით – ვილნიუსი, ხოლო ეკოლოგიური მენეჯმენტის თვალსაზრისით – ბრიუსელი.