"თბილისში 118 უკანონო მშენებლობა შეჩერდა - დასრულდა ის დრო, როცა, ვისაც სადაც და რასაც უნდოდა იმას აშენებდა" - კახა კალაძე
„დასრულდა ის დრო, როცა, ვისაც სადაც უნდოდა და რასაც უნდოდა იმას აშენებდა,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე უკანონო მშენებლობებზე საუბრისას აღნიშნა.
მისი თქმით, მუნიციპალურმა ინსპექციამ დედაქალაქში მიმდინარე წელს უკვე შეაჩერა 118 უკანონო მშენებლობა.
კალაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა მოქალაქეებს, რომ უკანონო მშენებლობა კანონით 50 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
„თბილისის მუნიციპალური ინსპექცია 24-საათიან რეჟიმში მუშაობს უნებართვო მშენებლობის გამოვლენისა და მათზე რეაგირების კუთხით, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა და დღესაც პრობლემას წარმოადგენს.
მიმდინარე წელს უკვე შეჩერებულია 118 უკანონო მშენებლობა. მათ შორის, სახელმწიფოსა და თვითმმართველის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე.
ასეთ შემთხვევაში სამართალდამრღვევი ჯარიმდება 50 ათასი ლარით, ხოლო მეორედ კანონმდებლობის დაუმორჩილებლობა ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ასევე ინსპექცია უფლებამოსილია განახორციელოს უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი.
მოვუწოდებთ ყველას დაემორჩილონ კანონს და სანამ მშენებლობას დაგეგმავენ, ნებართვისთვის მიმართონ მერიის შესაბამის სამსახურებს. ჩვენ არავის ვზღუდავთ მშენებლობაში, რა თქმა უნდა, ქალაქგეგმარებითად და ურბანულად უნდა იყოს გამართული. სადაც მშენებლობა მიუღებელია, იქ რა თქმა უნდა ნებართვებს არ გავცემთ და არავის მივცემთ საშუალებას, რომ უნებართვო მშენებლობები აწარმოონ. ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება - დასრულდა ის დრო, როცა, ვისაც სადაც უნდოდა და რასაც უნდოდა იმას აშენებდა. ჩვენ დავამთავრეთ ის დრო, როცა ხდებოდა რეკრეაციული სივრცეების მიტაცება-გასხვისება და მათ ნაცვლად სამშენებლო სამუშაოების წარმოება. რეკრეაციული სივრცეები უნდა დარჩეს ქალაქს და მომავალ თაობას“, - განაცხადა კახა კალაძე.